განსჯადობა

ადმინისტრაციული 27.05.2026
საქმის ნომერი
ბს-292(გ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
27.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-292(გ-26) 27 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა საგნობრივი განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 11 მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა მოპასუხე შპს „თ...ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ „ს...ში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის N299 განკარგულების საფუძველზე, სააგენტოსა და შპს „თ...ს" (უფლებამონაცვლე) შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. კომპანიის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 12 მარტის განჩინებით დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს „თ...“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და განსჯადობით განსახილველად გადაეცა შესაბამის მოსამართლეს.

სასამართლომ განმარტა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ასპექტს, გარდა იმისა, რომ ერთ ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ერთ-ერთი მხარე იყოს ადმინისტრაციული ორგანო და მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ე.ი. მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის №ბს-844-828(გ-12) განჩინება).

სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს დავის არსი, ქმედებათა შინაარსი, ურთიერთობის მახასიათებლები და სხვა. სწორედ აღნიშნული გარემოებების, არსებული ნორმატიული მოწესრიგების, საკანონმდებლო რეგულაციის მიზნის ერთობლივი შეფასების შედეგად არის შესაძლებელი ურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისათვის მიკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნებთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული მოთხოვნები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილული ვერ იქნება. სასამართლოს მოსაზრებით, ამ მოთხოვნებს არ გააჩნია ადმინისტრაციული დავის მახასიათებლები და ისინი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავა ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად, ვინაიდან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები არ მიეკუთვნება საჯარო სამართლებრივ ურთიერთობას. ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვას განაპირობებს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 12 მარტის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 16 მარტის განჩინებით მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს „თ...ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველი სასამართლო არ დაეთანხმა ამავე საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განმხილველი სასამართლოს შეფასებას განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან ხელშეკრულება დაიდო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №299 განკარგულების საფუძველზე. საკასაციო პალატის დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს შეადგენდა სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა პრივატიზების გზით, რაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. საერთო წესის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვს ორგანოსთვის კანონმდებლობით მოწესრიგებულ უფლებამოსილებათა კომპლექსის რეალიზაციას. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას სახელმწიფო ცალმხრივად ადგენს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებს, მაშინაც კი როდესაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ინიცირება ხდება დაინტერესებული პირისაგან, რაც განაპირობებს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის დომინირებულ მდგომარეობას და დამატებით ადასტურებს ურთიერთობის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს (იხ. სუსგ 26.02.2020წ. ბს-748(გ-19)). სასამართლოს მითითებით, მსგავსი კატეგორიის დავათა განსჯადობის საკითხებზე საკასაციო პალატას აქვს დადგენილი პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, განსახელმწიფოებრიობის თაობაზე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მათ შორის პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებული დავები, ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება (იხ. სუსგ 26.02.2020წ. Nბს 748 (გ-19), 21.03.2019წ. Nბს-711-711 (გ-18), 09.01.2018წ. Nბს-718-714(გ-17), 20.04.2017წ. Nბს-128-126(გ-17), 12.10.2023წ. Nას-549-2023, 22.07.2020წ. Nას-25-2019).

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად სარჩელი უნდა გადასცემოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალებისა და განსახილველ საქმეზე არსებული განსჯადობის შესახებ განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, წარმოშობილია დავა ახალციხის რაიონული სასამართლოს ორ სხვადასხვა შემადგენლობას შორის საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით. ამდენად, დასადგენია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. კონკრეტული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმისადმი კუთვნილების მაჩვენებელია სადავო ურთიერთობებში ერთ-ერთ მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა, სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობა და ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა მოცემულ შემთხვევაში გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, დავის განსჯადობის გადაწყვეტა საჭიროებს ამ ხელშეკრულების ბუნების გარკვევას, რადგანაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელება შეუძლია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული სამოქალაქო - სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ს...ში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის N299 განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა „ს...ში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ამავე კომპანიას შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. შემდგომში მხარეთა შორის 2016 წლის 1 მარტს, 2022 წლის 25 მაისს გაფორმდა ხელშეკრულებები ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022-2023 წლებში არაერთი წერილით მიმართა კომპანიიას უფლებამონაცვლეს - შპს „თ...ს“. ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ნაწილი შპს „თ...ს“ მიერ აღიარებულია და შესრულების ვადის გადავადება მოთხოვნილია 2025 წლის 02 ივლისის განცხადებით. „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „თ...ს“ შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 02 თებერვლის N1/1-443 ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა სასამართლოს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, არის ადმინისტრაციული ორგანო. მაშასადამე, სახელმწიფო პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) ძირითადი მახასიათებელია ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი მაშინაა სახეზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მისთვის კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში და ამ უკანასკნელის შესრულების მიზნით. ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა, პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების დადება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ძირითად ფუნქციათა რიგს განეკუთვნება, ამდენად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს მისთვის კანონით დადგენილ საჯარო უფლებამოსილებას და აქედან გამომდინარე, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება. შპს-სთან ხელშეკრულების დადებისას სააგენტო ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, ხელშეკრულება დაიდო საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელი ძირითადი ელემენტია. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს შეადგენდა სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა პრივატიზების გზით, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა ანუ პრივატიზაცია სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. საერთო წესის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვს ორგანოსთვის კანონმდებლობით მოწესრიგებულ უფლებამოსილებათა კომპლექსის რეალიზაციას. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას სახელმწიფო ცალმხრივად ადგენს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებს, მაშინაც კი როდესაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ინიცირება ხდება დაინტერესებული პირისაგან, რაც განაპირობებს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის დომინირებულ მდგომარეობას და დამატებით ადასტურებს ურთიერთობის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის ადმინისტრაციული განსჯადობის დასადგენად, ყველა სხვა ელემენტთან ერთად, უნდა განისაზღვროს თავად ხელშეკრულების მატერიალურ-სამართლებრივი ბუნება, ხელშეკრულება უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულება იდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს ხელშეკრულების საპრივატიზებო პირობების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები საერთო სასამართლოების მიერ განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251.2 მუხ.). მართალია, დავის საგანია - მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ თავად ნასყიდობის ხელშეკრულებით ხდება სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რაც მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის ადმინისტრაციულ ხასიათს განაპირობებს (იხ. სუსგ 2020 წლის 26 თებერვლის საქმე N748(გ-19)).

ამასთან, პირგასამტეხლოს მატერიალურ-სამართლებრივი მოწესრიგება სამოქალაქო კოდექსით (სკ-ის 405-ე მუხ.) წარმოადგენს მხოლოდ ინსტრუმენტს საჯარო მიზნის მისაღწევად, რაც ვერ ცვლის დავის საგნობრივ კუთვნილებას ადმინისტრაციული განსჯადობისადმი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირგასამტეხლოს გამოყენება მიზნად ისახავს არა კერძო-სამართლებრივი სარგებლის მიღებას, არამედ იმ საჯარო-სამართლებრივი ინტერესის დაცვას, რომელიც უზრუნველყოფს პრივატიზებული ქონების დროულ, ჯეროვან და მიზნობრივ განვითარებას და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი ბუნება თავისი მიზნით სცილდება სამოქალაქო სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება საქმეზე Nბს-132(გ-25); 2019 წლის 21 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-711-711(გ-18); 2018 წლის 9 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-718-714(გ-17); 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-128-126(გ-17).

ამდენად, სასკ-ის 251 მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 251, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხე შპს „თ...ს“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე