გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹3კ-1484-02 18 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის გადახდის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების შეწყვეტა, ქირის დაკისრება და ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ო. ყ-ემ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში რ. ს-ისა და ნ. ა-ის მიმართ ბინაში გადახდილი 16000 მანეთის შესაბამისი თანხის _ 21720 აშშ დოლარის, ასევე. სადავო ბინისათვის ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 5175 აშშ დოლარის ანაზღაურებისა და 1975წ. 30 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ო. ყ-ემ 1975წ. 30 ივლისის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების საფუძველზე 16000 მანეთად იყიდა ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ო. ყ-ის მიერ ბინიდან გადასვლის მოთხოვნის შემთხვევაში ბინის მესაკუთრე ი. ს-ე გაყიდული ბინის თანხიდან მას პროცენტის დატოვებას არ მოსთხოვდა. მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული ბინა ფაქტობრივად მისი საკუთრება გახდა და მხოლოდ ფორმალურად გაფორმდა ი. ს-ის სახელზე. ო. ყ-მ მოგვიანებით შეიტყო, რომ ი. ს-ის შვილებს _ რ. და ვ. ს-ეებს, რომელთაგანაც მან ბინა იყიდა, არ გააჩნდათ სადავო ბინის გაყიდვის უფლებამოსილება. 1975წ. 30 ივლისის ხელშეკრულებას მოპასუხეთა მხრიდან ხელი მოაწერეს რ. და ვ. ს-ეებმა და ვ. ს-ის მეუღლე ნ. ა-ემ.
მოპასუხე რ. ს-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ 1981 წელს, ი. ს-ის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სახლის მესაკუთრეა. მისი განმარტებით, 1975წ. შეთანხმება წარმოადგენდა არა ნასყიდობის, არამედ _ ქირავნობის ხელშეკრულებას, თუმცა ო. ყ-ე ბინის ქირას წლების განმავლობაში არ იხდიდა. რ.ს-ის აზრით, სკ-ის 548-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა სარემონტო სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მას, როგორც მესაკუთრეს, ო. ყ-ისათვის კაპიტალური რემონტის საწარმოებლად თანხმობა არ მიუცია. რ. ს-ემ მიუთითა საბინაო კოდექსის 154-ე და სკ-ის 558-ე მუხლებზე და მოითხოვა 1975წ. სადავო ხელშეკრულების შეწყვეტა, ო. ყ-ისათვის გადაუხდელი ბინის ქირის დაკისრება და დაკავებული ფართიდან ო. ყ-ის გამოსახლება, აგრეთვე, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ო. ყ-ეს 26 820 აშშ დოლარის გადახდაზე ერთხელ უკვე ეთქვა უარი.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით, ო. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ 46 754, 62 ლარის გადახდა, ხოლო სარემონტო ხარჯების ანაზღაურებასა და სადავო შეთანხმების ბათილად ცნობის ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რ. ს-ის შეგებებული სარჩელი გაზიარებულ იქნა 1975წ. 30 ივლისის შეთანხების შეწყვეტის ნაწილში, ხოლო ბინის ქირის მოსარჩელისათვის დაკისრების საკითხზე საქმის წარმოება შეწყდა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ეს ო. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 800 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1975წ. 30 ივლისს ი. ს-ესა და ო. ყ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ბინის მესაკუთრე ი. ს-ემ ო. ყ-ეს ე.წ. “ატსტუპნოის” სახით გადასცა სამი საცხოვრებელი ოთახი სარდაფითა და სამზარეულოთი. სანაცვლოდ ო. ყ-ემ გადაუხადა 16 000 მანეთი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თუ სახლის მეპატრონე მოითხოვდა ბინის გამოთავისუფლებას, მაშინ იგი ო. ყ-ეს უბრუნებდა მის მიერ გადახდილ თანხას, ხოლო თუ ო. ყ-ე მოითხოვდა ბინიდან გადასვლას, სახლის პატრონი გაყიდული ბინის თანხიდან პროცენტს არ მოსთხოვდა. პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 72-ე მუხლისა და სკ-ის შესაბამისი ნორმების თანახმად, ხანდაზმული იყო, რ. ს-ეს ბინის გამოთავისუფლება არ მოუთხოვია. სასამართლომ ჩათვალა, რომ რ. ს-ეს ო. ყ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 10 800 ლარის გადახდა, რადგან მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება აღიარა, ე.ი. რ. ს-ემ თანხის გადახდის ნაწილში, მხოლოდ 10800 ლარის ოდენობით, ფაქტობრივად სარჩელი ცნო. სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2002წ. 27 მარტს გაცემული ცნობა, რადგან მასში აღნიშნული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემები, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსის თაობაზე მანეთთან მიმართებაში. სასამართლომ სკ-ის 389-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, თუ რა კურსი არსებობდა მანეთის კუპონით, ხოლო კუპონის _ ლარით შეცვლის დღეს, აღნიშნული კი სასამართლოსათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა. პალატა დაეყრდნო რა 10 800 ლარის ოდენობით ო.ყ-ისათვის სადავო თანხის გადახდის ნაწილში რ. ს-ის მიერ სარჩელის ცნობის ფაქტს, ამ თანხის დაკისრება მიზანშეწონილად მიიჩნია. ვინაიდან ო. ყ-ე სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაეთანხმა აპელანტის არგუმენტს მთლიანი თანხის მისთვის დაკისრების ნაწილში, ე.ი. ფაქტობრივად მან ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი ცნო, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 10800 ლარი უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ რ. ს-ეს და არა ნ. ა-ესა და რ. ს-ეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ყ-ემ შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით იქნა მიღებული, რადგან საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთმა მოსამართლე ლ. ა-ემ, ო. ყ-ის შუმადგომლობის მიუხედავად, არ გამოიყენა სსკ-ის 32-ე მუხლით მისთვის მინიჭებული თვითაცილების უფლება და მისი ზეგავლენით მიკერძოება გამოიჩინა მთელმა პალატამ. კასატორმა მიუთითა სკ-ის 469-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს _ ნ. ა-ეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია არც პირადად, არც წარმომადგენელ რ. ს-ის მეშვეობით, რაც ნ. ა-ის მიმართ ზემოხსენებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას ნიშნავს და არასწორად გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ა-ის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში. სადავო თანხა სოლიდარულად უნდა გადაიხადოს ორივე მოპასუხემ. კასატორის განმარტებით, იგი დათანხმდა, ნ. ა-ის გადასახდელი თანხა რ. ს-ეს გადაეხადა, მაგრამ აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები, რითაც შეილახა ო. ყ-ის უფლებაც. ო. ყ-ემ სკ-ის მე-80 მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან ფართის მესაკუთრე ი. ს-ე სადავო შეთანხმების მხარე რომ არ იყო, ო. ყ-ისათვის ცნობილი გახდა რაიონულ სასამართლოში რ. ს-ის მიერ მისი ოჯახის გამოსახლების შესახებ მოთხოვნის დაყენებისას. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 83-ე, 130-ე, 139-ე და 141-ე მუხლები. ო. ყ-ემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეისწავლა მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობის საკითხი, არასწორი შეფასება მისცა სკ-ის 389-ე მუხლს და უსაფუძვლოდ დაეყრდნო რ. ს-ის მიერ ამ ნაწილში სარჩელის ცნობას. მხარის აზრით, სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ეროვნული ბანკის ¹270/04 და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ¹1-03/46 ცნობებს, რომელთა მიხედვით მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდათ 21108 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ რ. ს-ისა და ნ. ა-ისათვის 1975 წელს ო. ყ-ის მიერ გადახდილი 16000 მანეთის შესაბამისი 21108 დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება და 1975წ. 30 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 14 აპრილის განჩინებით კასატორი ო. ყ-ის გარდაცვალების უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაებნენ რ. და ი. ყ-ეები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს მისი დაუსაბუთებლობა წარმოადგენს, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა რა, რომ ო. ყ-ეს სადავო საცხოვრებელი ფართი გადაეცა ე.წ. “ატსტუპნოის” სახით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა სამოქალაქო კოდექსზე მითითებით ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლოს ასეთი დასკვნის მიღებისას არ დაუსაბუთებია, კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე იყო მოთხოვნა ხანდაზმული. ამასთან ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 389-ე მუხლი და ჩათვალა, რომ უნდა დადგინდეს მანეთის კურსი კუპონის შემოღებისა და კუპონის ლარით შეცვლის დროს. ამასთან, მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი ცნობით ასეთი რამ დადგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ასეთი მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის დაზუსტებული ფულის კურსის განსაზღვრის პრინციპი და ასევე არ არის დაზუსტებული რა მტკიცებულება უნდა წარმოედგინა მხარეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, თუკი სასამართლო საჭიროდ ჩათვლიდა ამ ნორმის გამოყენებას, ფულის კურსი, რომელიც კანონით დადგენილი წესით დგინდება, თვითონვე უნდა განესაზღვრა.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1975 წელს საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის დათმობასთან დაკავშირებით, რაც რეგულირდება კანონით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”.
ზემოხსენებული სპეციალური კანონი, ეყრდნობა რა მოქმედი სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე და, მოსაწესრიგებელი ურთიერთობის სპეციფიკურობის გამო, ზოგადი ნორმებიდან განსხვავებულ წესებს ადგენს. ამდენად, მოცემული დავის განხილვა ზემოთ მითითებული სპეციალური ნორმატიული აქტის ფარგლებში უნდა მოხდეს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის შესაბამისად, დააზუსტოს სასარჩელო მოთხოვნა და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ყ-ის უფლებამონაცვლე რ. და ი. ყ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.