დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.03.2006
საქმის ნომერი
ას-1003-1257-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1003-1257-05 9 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებლი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ალიმენტის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნ. ქ-ის წინააღმდეგ და მიუთითა, რომ ბათუმის სახალხო სასამართლოს 1988წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ეს დაეკისრა შვილის _ თ. ქ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა. მას 1992 წლიდან ალიმენტი აღარ გადაუხდია.

ლ. ბ-ემ მოითხოვა გადაუხდელი ალიმენტის დაკისრება მოპასუხისათვის, ასევე, ყოველთვიურად – 150 ლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბაუჟაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. ქ-ეს დაეკისრა თ. ქ-ის სასარგებლოდ ალიმენტის – 50 ლარის ოდენობით გადახდა სრულწოვანების მიღწევამდე. ასევე, სარჩელის აღძვრამდე სამიწ. მანძილზე გადაუხდელი თანხის _ 18000 ლარის ერთდროული გადახდა.

სააპელაციო საჩივარი შეიტანა როგორც ლ. ბ-ემ, ისე _ ნ. ქ-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარიც.

ნ. ქ-ეს დაეკისრა 35 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წ. განმავლობაში გადაუხდელი თანხის – 1368 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 1235-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წ.ა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე. გამონაკლისს წარმოადგენს მოვალის ძებნა. სააპელაციო სასამრთლომ მიუთითა, რომ მოვალე ძებნილი არ ყოფილა; ნ. ქ-ე დარჩა შემოსავლების გარეშე. მოსარჩელეს, ალიმენტის გახადა 1992წ. შემდეგ გასული დროის მანძილზე არ მოუთხოვია; სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მხარეებს შორის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დამყარადა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გადაეხდა ალიმენტი, ამდენად, 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოთხოვნა, ხანდაზმულია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ლ. ბ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, ასევე _ ნ. ქ-ემაც.

ლ. ბ-ემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 128-129-ე მუხლები, რომლებიც ეხება ხანდაზმულობას. ასევე, მიუთითა, რომ ფაქტობრივად დაწყებულია სააღსრულებო მოქმედება და გადახდევინებულია ალიმენტი 1992წ. სექტემბრამდე. მოპასუხე იხდიდა 50 რუსულ რუბლს, რაც შეადგენდა 1988 წელს 83 აშშ დოლარს, რომლის ექვივალენტი დღევანდელი კურსით 150 ლარია. გადაუხდელი თანხა მთელი ამ პერიოდისათვის შეადგენს 18000 ლარს.

ნ. ქ-ემ მიუთითა, რომ ის 2001წ. ზაფხულამდე მუშაობდა ბათუმის ქიმიურ ქარხანაში და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იხდიდა ალიმენტს. 2001წ. ზაფხულიდან კი იგი უმუშევარია. სასამართლომ ისე დააკისრა მას 35 ლარის გადახდა, რომ არ გამოურკვევია, თუ რა შემოსავლები გააჩნია, რითაც დაარღვია სკ-ის 1241-ე მუხლის მოთხოვნა. მან ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა 1368 ლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ლ. ბ-ე და ნ. ქ-ე ბათუმის სახალხო სასამართლოს 1988წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით ნ. ქ-ეს დაეკისრა შვილის – თ. ქ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა გამომუშავების 25%-ის ოდენობით. იგი მუშაობდა ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში 2001წ. ივნისამდე. მას სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გამომუშავებიდან ექვითებოდა 25% ლ. ბაუჟაძის სასარგებლოდ 1995წ. ივნისის ჩათვლით. მოპასუხეს ივლისიდან ექვითებოდა ხელფასი, მაგრამ, გადარიცხვების შეფერხების გამო, ეს თანხა დაგროვდა ქარხანაში, რომელიც შეადგენს 185 ლარსა და 39 თეთრს. თანხა დაიქვითა 1995წ. დანარჩენი პერიოდისათვის და 1996-97 წლების გარკვეული თვეებისათვის, ხოლო დანარჩენი დროის განმავლობაში ნ. ქ-ე იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დამყარდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გადაეხადა ალიმენტი. ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის ის ნორმები, რომლებიც ეხება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობას. კერძოდ, სკ-ის 128-129-ე მუხლები.

სკ-ის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამიწ.ა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე. აღნიშნული მუხლი აწესრიგებს ისეთ ურთიერთობას, როცა უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და გადახდევინება უნდა მოხდეს არა აღსასრულებლად მისი წარდეგენის მომენტიდან, არამედ გასული დროის სამწლიანი ვადის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალე იხდიდა ალიმენტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი შეწყვიტა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სკ-ის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა განისაზღვროს ნ. ქ-ვის გასული სამი წ. ალიმენტის დაკისრება, რაც შეადგენს 1368 ლარს.

სკ-ის 1235-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდება სააღსრულებო ფუცლის საფუძველზე ალიმენტის დაკავება, გადახდა უნდა მოხდეს მთელი გასული პერიოდისათვის, მიუხედავად იმისა, გასულია თუ არა ხანდაზმულობის ვადა ან მიაღწია თუ არა ალიმენტის მიმღებმა სრულწლოვანების ასაკს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნ. ქ-ე არ იძებნებოდა, არ შეიძლება მას დაეკისროს ალიმენტის გადახდა მთელი გასული პერიოდისთვის.

კასატორ ნ. ქ-ემ მიუთითა, რომ სასამართლოს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე უნდა დაეკისრებინა თანხის გადახდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია მას რა შემოსავალი ჰქონდა და ისე დააკისრა 35 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აზრს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე განსაზღვრა ალიმენტის თანხა. იგი, ამჟამად არ მუშაობს მის მიერ მითითებულ სამუშაოზე.

სკ-ის 1237-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიენების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ გაითვალისწინა რა მისი უმუშევრობა და ეკონომიური მდგომარეობა, სწორად განუსაზღვრა მას ალიმენტის – 35 ლარის ოდენობით გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.