დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1004-1256-05 12 ოქტომბერი, 2005 წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),l. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “ბ. ნ. ქ.” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1977 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში .... საამქროს მემანქანედ. 2003 წლის 1 მარტს ადმინისტრაციამ მოსთხოვა დაეწერა განცხადება სხვა სამუშაოზე გადასვლის თაობაზე, რაზედაც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს სამუშაოდან. გათავისუფლების მიზეზად ადმინისტრაციამ დაასახელა ქარხნის რეორგანიზაცია, მაგრამ სინამდვილეში რეორგანიზაცია არ ჩატარებულა და დანარჩენი მუშაკები ჩვეულებრივად განაგრძობდნენ მუშაობას. ბრძანება გათავისუფლების შესახებ, ჯ.ისრაელიანს 2004 წლის 24 ოქტომბრამდე არ მიუღია, რის გამოც დროულად ვერ მიმართა სასამართლოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა და სამუშაოზე აღდგენა, ხოლო სასამართლო სხდომაზე გაზარდა დავის საგანი და მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სარჩელის შეტანის ვადა, რადგან მას დროულად ჩაბარდა შრომის წიგნაკი და ბრძანება გათავისუფლების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება შეიცვალა და ჯ.ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ბ. ნ. ქ.” ადმინისტრაციის მიერ 2002 წლის 12 დეკემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება ¹28 “საწარმოს საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის და შრომის პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ”, რომლის საფუძველზეც მუშა-მოსამსახურეთა დიდი ნაწილი გადაყვანილ იქნა .... თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2002 წლის 16 დეკემბერს ¹49 შეტყობინებით ქარხნის ადმინისტრაციამ მოსალოდნელი შრომის პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ შეატყობინა ჯ.ი-ს და განუმარტა, რომ მას სთავაზობენ დამხმარე მუშის თანამდებობაზე გადასვლას თვეში 23 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებით და თუ იგი თანახმა იქნებოდა შეთავაზებულ პირობებზე, 2003 წლის 20 თებერვლამდე წერილობითი განცხადებით უნდა დაედასტურებინა თავისი თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში 2003 წლის 1 მარტიდან უქმდებოდა მისი სამუშაო ადგილი და იგი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. ვინაიდან მოსარჩელემ თანხმობა არ განაცხადა სხვა სამუშაოზე გადასვლის შესახებ, ადმინისტრაციის 2003 წლის 28 თებერვლის ბრძანებით ჯ.ი-ნი, რომელიც მუშაობდა თბოელექტროცენტრალის ... საამქროს მემანქანედ, 2003 წლის 1 მარტიდან, შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა გასასვლელი დახმარება ერთის თვის საშუალო ხელფასის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბრძანება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ უკანონოა, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომის არსებითი პირობების შეცვლისას სხვა სამუშაოზე გადაყვანა იმავე საწარმოში დასაშვებია მხოლოდ მუშის თუ მოსამსახურის თანხმობით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, შრომის არსებითი პირობების შეცლისა და სხვათა შესახებ მუშაკებს უნდა აცნობონ არა უგვიანეს ერთი თვისა. მოცემულ შემთვევაში კანონის ეს ნორმა არ დარღვეულა, იგი მხარეს სადავო არ გაუხდია. ამასთან, შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია საწარმოო აუცილებლობის ან სამუშაო რეჟიმის შეცვლის გამო სხვა სამუშაოზე გადაყვანისას მუშაკის უარი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ გაუშვა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა და მისი მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა თავის დროზე სასამართლოს არ მოეპოვება. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ აპელანტის მიერ ბრძანების მიღების ფაქტი დასტურდება მათ მიერ პროფკავშირიდან გამოთხოვილი ჯ.ი-ის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის გასაჩივრებული ბრძნების ასლი. მოსარჩელე უარყოფს სადავო ბრძანების მიღების ფაქტს, ხოლო განცხადების შინაარსიდან არ დასტურდება, რომ მას თან ერთვის გათავისუფლების შესახებ ბრძანება. უფრო მეტიც, პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანებიდან 2004 წლის 13 აგვისტოს ჯ.ი-ისადმი ხსენებულ განცხადებაზე გაგზავნილ ¹48 პასუხში მითითებულია: “გაერთიანებაში შემოსულ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ “ბ. ნ. ქ.” წარმოდგენილი მასალებით თქვენი სამუშაოდან დათხოვნის საკითხი სადავოა.” ამდენად, აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ ბრძანების ასლი პროფკავშირებში თვით ქარხნის ადმინისტრაციის მიერ იქნა წარდგენილი და ის ფაქტი, რომ იგი აპელანტმა დაურთო თავის განცხადებას, არ დასტურდება.
საააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარი აპელნტს სამუშაოზე აღდგენაზე უსაფუძვლობის მოტივით, მაგრამ პალატამ არ გაიზიარა უარის თქმა ხანდაზმულობის მოტივით და მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ.
საააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ მისცა მას საშუალება, გასცნობოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებს, რითაც გამოავლინა განსახილველი საქმისადმი მიკერძოებული დამოკიდებულება.
ჯ.ი-ს მიაჩნია, რომ 2005 წლის 31 მაისს სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაედო სასამართლო სხდომა და მიეცა მისთვის საშუალება გასცნობოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებას იმისათვის, რომ მას გამოეთხოვა საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რითაც ჯ.ი-ი შეძლებდა თავის უფლებების დაცვას.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 26-ე და 30-ე მუხლები, კერძოდ, გვერდი აუარა იმ ფაქტს, რომ საწარმოში რეალურად რეორგანიზაცია არ მომხდარა და იგი გათავისუფლებულ იქნა არაკანონიერად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის დარღვევის თაობაზე. აღნიშნული ნორმა არეგულირებს სასამართლოს მიერ მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვის წესს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოადგინა 2003 წლის 28 თებერვლის ¹12\კ ბრძანება ი-ისა და სხვა მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე. აღნიშნული ბრძანების ასლი ასევე ერთვის სარჩელს. ამდენად, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ ახალ მტკიცებულებად, რომლის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადადებულიყო.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას შრომის კანონთა კოდექსის 26-ე და 30-ე მუხლებთან დაკავშირებით. პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ სწორად გამოიყენა მითითებული ნორმა. კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლი არეგულირებს მუშაკის სხვა სამუშაოზე გადაყვანის წესს, ხოლო ამავე კოდექსის 30-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, შრომის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია საწარმოო აუცილებლობის ან, სამუშაო რეჟიმის შეცვლის გამო, სხვა სამუშაოზე გადაყვანისას მუშაკის უარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით). მოცემულ შემთხვევაში მხარეს დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დავას მისცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლი და 30-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.