დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.03.2005
საქმის ნომერი
ას-1009-1268-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1009-1268-04 24 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: სამისდღეშიო ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 25 თებერვალს თ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. ჩ-ისა და მესამე პირის, ნოტარიუს ნ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ი. ნ-სა და ლ. ჩ-ს შორის 2001წ. 14 მარტს გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შედგენის მომენტში ი. ნ-ს, ფსიქიკური მოშლილობის გამო, არ შეეძლო რეალური ვითარების სწორად აღქმა და, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შედეგების სრულად გაცნობიერება. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სკ-ის 58-ე მუხლზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ი. ნ-ე იყო საუკეთესო ექიმი-ნევროპათოლოგი. იგი, როგორც ექიმი, მისი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. აქედან დაიწყო მათი მეგობრობა, უკანასკნელ წლებში თვითონ ი. ნ-საც გაუუარესდა ჯანმრთელობა. მას ჰქონდა კუჭის წყლული და სტკიოდა გული. უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ი. ნ-ის მოვლა-პატრონობა ყოველგვარი ანგარების გარეშე 2000 წლიდან თვითონ იტვირთა, რადგან საკუთარი ოჯახის წევრებმა, ი. ნ-ის აუტანელი ხასიათის გამო, მის მოვლასა და კვებაზე უარი განაცხადეს. 2001წ. მარტში ი.ნ-ის დაჟინებული მოთხოვნით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება გააფორმეს. 2002წ. თებერვალში ი. ნ-ე გარდაიცვალა. ი.ნ-ე ფსიქიურად ჯანმრთელი იყო. ხელშეკრულების გაფორმების დღეს გაცემული საექიმო კომისიის დასკვნის თანახმად, ი. ნ-ს ხელშეკრულების დადების მომენტში საღი აზროვნებისა და მეტყველების უნარი ჰქონდა. ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით და კანონის დაცვით. ამდენად, მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

მესამე პირმა, ნოტარიუსმა ნ. ბ-მ, სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ ი. ნ-ის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, მათ მიერ წარმოდგენილი იყო დასკვნა ი. ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და ხელმოწერილ იქნა ორივე მხარის მიერ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ი. ნ-სა და ლ. ჩ-ს შორის 2001წ. 14 მარტს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელს ეთქვა უარი.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება აწ გარდაცვლილი ი. ნ-ის ავადმყოფობისა და ფსიქიკური მოშლილობის შესახებ, ვინაიდან რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება. საქმეში არსებული ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის პოლიკლინიკურ-დიაგნოსტიკური განყოფილების გამგის გ.შ-ის სახელით შედგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათის ქსეროასლი, თარიღისა და რეგისტარციის აღნიშვნის გარეშე, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებად არ ჩათვალა. ბარათში აღნიშნულია, რომ ი.ნ-ეს 1999წ. გაზაფხულზე, ანუ ხელშეკრულების დადებამდე 2 წლით ადრე, გაუვლია საკონსულტაციო შემოწმება და ჩაუტარდა მკურნალობა.

სააპელაციო პალატამ, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის საექიმო კომისიის 2001წ. 14 მარტის ¹612 დასკვნით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღეს შემოწმებულ იქნა მოქ. ი. ნ-ე, რომელსაც საღი აზროვნებისა და მეტყველების უნარი დაუდგინდა.

მოპასუხისა და მესამე პირის ახსნა-განმარტებებით, ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით, სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ გაითვალისწინა ასევე ის გარემოება, რომ აწ გარდაცვლილ ი. ნ-ს არ მოუმართავს სასამართლოსათვის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. უფრო მეტიც, მოპასუხემ დაკრძალა ი. ნ-ე, გაიღო დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები, ქელეხის, ორმოცისა და წლისთავის ჩათვლით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 941-ე მუხლი.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-მ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეთა განმარტებები. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაეყრდნო მხოლოდ შპს-ს მიერ გაცემულ დასკვნას. კასატორის მოსაზრებით, მამამისის დაავადების სიმპტომები სრულიად ასახავს იმ გარემოებას, რომელიც აღწერილია, როგორც სკ-ის 55-ე, ასევე 58-ე მუხლებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულების დადებისას, ი.ნ-ის ნების გამოვლენა იყო ნამდვილი, მას ჰქონდა საღი აზროვნებისა და მეტყველების უნარი. ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. დ.ჩ-ს არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. უფრო მეტიც, მან დაკრძალა ი.ნ-ე და გაიღო დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ქელეხის, ორმოცისა და წლისთავის ჩათვლით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.

სკ-ის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, რაც არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვანად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსნება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზე შეთანხმდნენ).

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადმტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, სამისდღეშიო ხელშეკრულების ბათილობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაც გახდებოდა სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილთი, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.