გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 16.03.2006
საქმის ნომერი
ას-1045-1275-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1045-1275-05 16 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია

დავის საგანი: ქონებრივი ზიანის ანაზღაურება და მიწის ნაკვეთის გამმიჯნავი ღობის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 21 აპრილს შპს «ნ-ი-96-ის» დირექტორმა ზ. ფ-ძემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. ს-ძის მიმართ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისა და თვითნებურად მოხსნილი ღობის აღდგენის შესახებ.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოპასუხედ რ. ს-ძის გარდა მიუთითა ა. ბ-იაზე.

მოსარჩელის განმარტებით, შპს «ნ-ი-96» ოზურგეთის რაიონის ... მდებარე 12317 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, რის თაობაზეც არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ მთლიანად შემოღობა. მეზობლად მდებარე სააგარაკო კოტეჯების მესაკუთრეებმა რ. ს-ძემ და ა. ბ-იამ 2000წ. 6 დეკემბერს თვითნებურად მოხსნეს შპს «ნ-ი-96-ის» ნაკვეთის გამმიჯნავი ღობე, რის შედეგადაც მთლიანად დაზიანდა შპს «ნ-ი-96-ის» 1700 კვ.მ ტერიტორია და მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 7615 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ფ-ძემ მოითხოვა მოპასუხეების _ რ. ს-ძისა და ა. ბ-იასთვის შპს «ნ-ი-96-ის» სასარგებლოდ სოლიდარულად ზიანის _ 7615 ლარის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ მოსარჩელე შპს «ნ-ი-96-ის» მიერ ... უძრავი ქონება უკანონოდ იქნა პრივატიზებული და საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში შეტანილ იქნა მათი საცხოვრებელი სახლები. ასევე საეჭვოდ მიიჩნიეს «აუდიტორულ დასკვნასა და საექსპერტო აქტში» წარმოდგენილი ზიანის ოდენობა იმ თვალსაზრისით, რომ შპს «ნ-ი-96-ს» მთელი სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი შესყიდული აქვს 7457,3 ლარად და შეუძლებელია, რომ რკინის ღობის ღირებულება 5764 ლარს შეადგენდეს.

მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ 2000წ. 4 დეკემბერს მართლაც აიღეს გამმიჯნავი ღობე, თუმცა მიუთითეს, რომ აღნიშნული კანონიერად განხორციელდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მოწერილობების საფუძველზე, საიდანაც ირკვევა, რომ შპს «ნ-ი-96-ის» მიერ გამოსყიდულია 11295 კვ.მ, ხოლო 1776 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია ორი საცხოვრებელი სახლი, მათ მიერ უკანონოდაა შემოღობილი, რის გამოც ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ ფართობზე ნაკვეთების გამმიჯნავი ღობის აღება, ამიტომაც მოპასუხეებმა შპს «ნ-ი-96-ის» წარმომადგენელ ა. ლ-ავას უშუალო თანდასწრებით აიღეს ღობე, გადაიტანეს შპს-ს ადმინისტრაციული შენობის წინ მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ მითითებულ ადგილზე, მათსავე მეთვალყურეობის ქვეშ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «ნ-ი-96-ის» დირექტორ ზ. ფ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს _ რ. ს-ძესა და ა. ბ-იას შპს «ნ-ი-96-ის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული ზიანის _ 7615 ლარის ანაზღაურება და ასევე დაევალათ, მათ მიერ უნებართვოდ აღებული მოსარჩელის კუთვნილი ტერიტორიის გამმიჯნავი ღობის აღდგენა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეების წარმომადგენელმა თემურ გულიაშვილმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ს-ძისა და ა. ბ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «ნ-ი-96-ის» სარჩელი და მოპასუხეებს დაევალათ მათ მიერ უნებართვოდ აღებული შპს «ნ-ი-96-ის» კუთვნილი ტერიტორიის გამმიჯნავი ღობის აღდგენა საკუთარი ხარჯებით და მის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ან ამ თვითნებური ქმედებით მიყენებული ზიანის _ 5742 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ანაზღაურება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეების წარმომადგენელმა თემურ გულიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ნ-ი-96-ის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2006წ. 6 მარტს, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1. შპს «ნ-ი-96» (მოსარჩელე) უარს ამბობს თავის სარჩელზე ა. ბ-იასა და რ. ს-ძის (მოპასუხეების) მიმართ, მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

2. რ. ს-ძე და ა. ბ-ია (მოპასუხეები) კისრულობენ ვალდებულებას, შპს «ნ-ი-96-ისა» და მათი სააგარაკო კოტეჯების ტერიტორიაზე მათი მიწის ნაკვეთების გამმიჯნავი ღობე (სასაზღვრო მიჯნა) გაავლონ და გააკეთონ სანაპიროს ქუჩიდან შპს «ნ-ი-96-ის» ტერიტორიაზე 65 მეტრზე, სადაც ნაკვეთების გამმიჯნავი ღობე გაივლის ¹6 (ჭჩ) და ¹7 (სახანძრო აუზი) ნაგებობებს შორის, ხოლო პლაჟიდან შპს «ნ-ი 96-ის» ტერიტორიაზე უნდა გაავლონ და გააკეთონ ნაკვეთების გამმიჯნავი ღობე 55 მეტრზე და გაივლის ¹2 (საცხოვრებელი კორპუსი) და ¹3 (სასადილო) ნაგებობებს შორის;

3. რ. ს-ძე და ა. ბ-ია სასაზღვრო მიჯნით მათი კოტეჯების სააგარაკო ტერიტორიას სულ 3640 კვადრატული მეტრი ფართის ოდენობით გამიჯნავენ შპს «ნ-ი-96-ის» ტერიტორიისაგან, რაზეც შპს «ნ-ი-96-ს» პრეტენზია არ ექნება;

4. მხარეთა შორის მორიგების თაობაზე შეთანხმებას თან ერთვის სპს «დიზაინის» დირექტორ დ. გურგენიძისა და შპს «მაგნეტიტის» გენერალურ დირექტორ ა. ბოლქვაძის მიერ შედგენილი შპს «ნ-ი-96-ის» სიტუაციური გეგმა-ნახაზი, რომელზეც პირობითად მონიშნულია მხარეთა მიერ შეთანხმებული მიწის ნაკვეთების გამმიჯნავი ღობის გავლების საზღვარი და გამოყოფილია ა. ბ-იასა და რ. ს-ძის სააგარაკო კოტეჯების ტერიტორია შპს «ნ-ი-96-ის» ტერიტორიისაგან. სიტუაციური გეგმა-ნახაზის მხარეთა მიერ შეთანხმებული სქემა ამ წერილობითი შეთანხმების შემადგენელი ნაწილია;

5. ა. ბ-ია და რ. ს-ძე კისრულობენ ვალდებულებას, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული ¹6 ნაგებობა (ჭჩ) საკუთარი ხარჯებით გადაიტანონ შპს «ნ-ი-96-ის» ტერიტორიაზე, ნაგებობის გადატანის პირობებსა და ვადაზე მხარეები შეთანხმდებიან დამატებით;

6. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგების თაობაზე წერილობითი შეთანხმება, რომელიც შედგენილია ორ გვერდზე შეთანხმებაში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე, 372-ე, 49-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

1) რ. ს-ძე და ა. ბ-ია (მოპასუხეები) კისრულობენ ვალდებულებას, შპს «ნ-ი-96-ისა» და მათი სააგარაკო კოტეჯების ტერიტორიაზე მათი მიწის ნაკვეთების გამმიჯნავი ღობე (სასაზღვრო მიჯნა) გაავლონ და გააკეთონ სანაპიროს ქუჩიდან შპს «ნ-ი-96-ის» ტერიტორიაზე 65 მეტრზე, სადაც ნაკვეთების გამმიჯნავი ღობე გაივლის ¹6 (ჭჩ) და ¹7 (სახანძრო აუზი) ნაგებობებს შორის, ხოლო პლაჟიდან შპს «ნ-ი 96-ის» ტერიტორიაზე უნდა გაავლონ და გააკეთონ ნაკვეთების გამმიჯნავი ღობე 55 მეტრზე და გაივლის ¹2 (საცხოვრებელი კორპუსი) და ¹3 (სასადილო) ნაგებობებს შორის;

2) რ. ს-ძე და ა. ბ-ია სასაზღვრო მიჯნით მათი კოტეჯების სააგარაკო ტერიტორიას სულ 3640 (სამი ათას ექვსას ორმოცი) კვადრატული მეტრი ფართის ოდენობით გამიჯნავენ შპს «ნ-ი-96-ის» ტერიტორიისაგან, რაზეც შპს «ნ-ი-96»-ს პრეტენზია არ ექნება;

3) მხარეთა შორის მორიგების თაობაზე შეთანხმებას თან ერთვის სპს «დიზაინის» დირექტორ დ. გურგენიძისა და შპს «მაგნეტიტის» გენერალურ დირექტორ ა. ბოლქვაძის მიერ შედგენილი შპს «ნ-ი-96-ის» სიტუაციური გეგმა-ნახაზი, რომელზეც პირობითად მონიშნულია მხარეთა მიერ შეთანხმებული მიწის ნაკვეთების გამმიჯნავი ღობის გავლების საზღვარი და გამოყოფილია ა. ბ-იასა და რ. ს-ძის სააგარაკო კოტეჯების ტერიტორია შპს «ნ-ი-96-ის» ტერიტორიისაგან. სიტუაციური გეგმა-ნახაზის მხარეთა მიერ შეთანხმებული სქემა ამ წერილობითი შეთანხმების შემადგენელი ნაწილია;

4) ა. ბ-ია და რ. ს-ძე კისრულობენ ვალდებულებას, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული ¹6 ნაგებობა (ჭჩ) საკუთარი ხარჯებით გადაიტანონ შპს «ნ-ი-96-ის» ტერიტორიაზე. ნაგებობის გადატანის პირობებსა და ვადაზე მხარეები შეთანხმდებიან დამატებით;

2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო;

3. გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განჩინება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.