გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 15.05.2006
საქმის ნომერი
ას-1048-1261-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ ას-1048-1261-05 15 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ჯ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ბ-ძის მიმართ ავტოსადგომიდან მოპასუხის გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.ქუთაისში, ... ¹1-ში მდებარე გ.ჯ-იანის კუთვნილი ¹12 ავტოსადგომი, მოსარჩელესთან შეთანხმებით, მისმა ყოფილმა მეზობელმა ვ.მ-ძემ 1800 დოლარად მიჰყიდა მოპასუხე ო. ბ-ძეს. აღნიშნული თანხა მისთვის დღემდე არ დაუბრუნებიათ, რის შესახებ მოსარჩელემ ჯერ 2002წ. სექტემბერში, შემდგომ კი 2003წ. 6 დეკემბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა ხსენებული ავტოსადგომის გამონთავისუფლება. წერილს თან დაერთო საბუთი, რომელიც ავტოსადგომზე მოსარჩელის საკუთრებას ადასტურებდა. ვ.მ-ძემ აღნიშნული საბუთი ყალბ დოკუმენტად მიიჩნია, თუმცა სათანადო ორგანოებმა დოკუმენტის სიყალბე ვერ დაადასტურა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2002წ. აგვისტოში მან ვ.მ-ძისაგან შეიძინა ავტოფარეხი, რომელშიც გ.ჯ-იანის ნივთები ინახებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსარჩელის შვილმა აღნიშნული ნივთები ნებაყოფლობით გაიტანა, რა დროსაც მოსარჩელე მხარეს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის განჩინებით ვ. მ-ძე საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჯ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც გ.ჯ-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც გ. ჯ-იანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 იანვრის განჩინებით გ.ჯ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2005წ. 26 აპრილს. სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ო.ბ-ძისა და ვ.მ-ძის წარმომადგენელი მ. ღ-ძე, რომელიც გაფრთხილებულ იქნა, რომ საქმის განხილვა გადაიდო ამავეწ. 2 ივნისისასთვის. მასვე ჩაჰბარდა სასამართლო უწყებები მარწმუნებლებისათვის გადასაცემად. აღნიშნულის მიუხედავად, დათქმულ დროს ო.ბ-ძე, ვ.მ-ძე და მათი წარმომადგენელი მ.ღ-ძე არ გამოცხადებულან და არც რაიმე შუმადგომობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. გ.ჯ-იანმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, გ.ჯ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ქუთაისში, ... ¹6-ში მდებარე ავტოსადგომი გამოთხოვილ იქნა ო. ბ-ძის მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ო. ბ-ძემ და ვ. მ-ძემ შეიტანეს საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ო.ბ-ძის მოსაზრება, რომ იგი სათანადო წესით სხდომაზე გამოძახებული არ ყოფილა, ვინაიდან მოცემულ საქმეში ო.ბ-ძისა და ვ.მ-ძის წარმომადგენლად, სსკ-ის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, მონაწილეობდა მ. ღ-ძე, რომელსაც 2005წ. 2 ივნისის სხდომის შესახებ 2005წ. 26 აპრილს, ამავე კოდექსის 216-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხელწერილის ჩამორთმევით ეცნობა და 73-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გადაეცა უწყებები ო. ბ-ძისა და ვ. მ-ძისათვის ჩასაბარებლად. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ღ-ძე ვალდებული იყო მარწმუნებლები სხდომის თარიღის შესახებ გაეფრთხილებინა და მათთან ერთად გამოცხადებულიყო პროცესზე. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივრის ავტორს უწყების ჩაუბარებლობისა და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი არ დაუსახელებია. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ო.ბ-ძე და მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ კანონით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებული იყვნენ, თუმცა არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ გ.ჯ-იანის მიერ მითითებული გარემოებანი იურიდიულად არ ამართლებს მის მოთხოვნას. აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ სრულად გაიზიარა დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ გ.ჯ-იანი სააპელაციო საჩივარს აფუძნებდა რა ვ.მ-ძის მიერ ო.ბ-ძისათვის აპელანტის კუთვნილი ავტოფარეხის უკანონოდ გასხვისებისა და აღნიშნული უძრავი ნივთის ო.ბ-ძის უკანონო მფლობელობაში ყოფნის ფაქტს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ, სსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ.ქუთაისში, ... მდებარე ¹12 ავტოსადგომის მესაკუთრეა გ. ჯ-იანი, სადავო ავტოფარეხი კი ო.ბ-ძის უკანონო მფლობელობაში იმყოფება.

სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. ბ-ძემ და ვ. მ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით ვ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ო. ბ-ძემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 70-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც სასამართლო სხდომის თარიღი აცნობა მხოლოდ მხარის წარმომადგენელს, ხოლო თავად ო.ბ-ძისათვის უწყება არ გაუგზავნია. სააპელაციო პალატის აღნიშნული ქმედება კანონშეუსაბამოა, ვინაიდან არ არსებობს სამართლის ნორმა, რომელიც მხარის წარმომადგენლისათვის საქმის განხილვის დროის გაცნობისას სასამართლოს თავად მხარისათვის უწყების გაგზავნის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან გ.ჯ-იანის მიერ მითითებული გარემოებანი თავის სასარჩელო მოთხოვნას არ ამართლებს, კერძოდ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო უძრავი ნივთი _ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ავტოფარეხი მის საკუთრებაა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 იანვრის განჩინებით გ.ჯ-იანის საკასაციო საჩივარი ო. ბ-ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2005წ. 26 აპრილს. სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ო.ბ-ძისა და ვ.მ-ძის წარმომადგენელი მ. ღ-ძე, რომელსაც ჩამოერთვა ხელწერილი და გაფრთხილებულ იქნა საქმის განხილვის ამავეწ. 2 ივნისისათვის გადადების თაობაზე. მასვე ჩაჰბარდა სასამართლო უწყებები მარწმუნებელთათვის გადასაცემად.

სასამართლო სხდომის დროს ო.ბ-ძე, ვ.მ-ძე და მათი წარმომადგენელი მ.ღ-ძე სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულან და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავთ. ამასთან, სასამართლოს წარმომადგენლის მიერ მხარეთა გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მიუღია.

სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომის დღის შესახებ სასამართლო უწყება ეგზავნება, როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ზემოხსენებული ნორმა, კერძოდ, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ო. ბ-ძეს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, ვინაიდან სსკ-ის 70-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს სასამართლო უწყების როგორც მხარის, ასევე მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნის ვალდებულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლო სხდომის თარიღის მისი წარმომადგენლისათვის შეტყობინება სასამართლოს თავად მხარის გაფრთხილების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს.

ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ, ვინაიდან სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მითითებული ნორმის საწინააღმდეგოდ, აპელანტ ო. ბ-ძეს სასამართლო უწყება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.

სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ სასამართლო სხდომაზე მოწვევა

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2005, # 1, samoq., gv. 25-29.