გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.06.2005
საქმის ნომერი
ას-1068-1318-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1068-1318-04 28 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ი-ემ სარჩელი აღძრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში დ. კ-ის მიმართ 3000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 2002წ. 3 თებერვალს დ. კ-ემ ფ. ი-ეს მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება, რის გამოც მოსარჩელის ჯანმრთელობა გაუარესდა და მას დასჭირდა მკურნალობის ხარჯების გაღება. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის განაჩენით დ.კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით და მიესაჯა პირობითი მსჯავრი 3 წლის ვადით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დ.კ-ის დანაშაულის მიზეზი იყო ფ.ი-ის ბრალეული მოქმედება, რამაც მოპასუხე მიიყვანა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობამდე. მკურნალობისა და წამლების ღირებულება მოსარჩელემ ხელოვნურად გაზარდა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ. კ-ეს ფ.ი-ის სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ემ.

ქუთაისის საოქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის განჩინებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიუთითა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ 2002წ. 7 თებერვალს, ამბროლაურის რაიონის სოფ. ... დ. კ-ემ ფ. ი-ეს მიაყენა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. ასევე დადგენილ იქნა, რომ მიყენებული ფიზიკური ზიანის შედეგად ფ.ი-ე 2002წ. 7 თებერვლიდან 2 მარტამდე გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას ამბროლაურის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ხოლო შემდეგ კი ამავე წლის ივნისამდე _Pსახლში. მკურნალობისა და ადვოკატის ქირავნობისათვის გაწეულმა ხარჯებმა, საქმეში არსებული დოკუმენტების მიხედვით, 1500 ლარი შეადგინა. სსკ-ის 382-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დ.კ-ემ, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას ფ.ი-ისათვის არ მიუყენებია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. აპელანტმა ასევე ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულებანი, რომლითაც დ.ი-ე ადასტურებს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ემ და მოითხოვა საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და უკანონოა. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის განაჩენით დ.კ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა არა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებით, არამედ იმავე კოდექსის 121-ე მუხლით, ე. ი. ქმედება ჩადენილი მოსარჩელის ისეთი მოქმედებით, რამაც გამოიწვია დ.კ-ის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვება, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მკურნალობისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გადხდილი ხარჯები 1500 ლარს აღემატება. სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოთხოვნა ფ.ი-ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ დ.კ-ის ქმედება ფ. ი-ის მიმართ გამოწვეული იყო თვით ი-ის მართლსაწინაამდეგო მოქმედებით, რამაც მასში უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვება გამოიწვია. სააპელაციო პალატამ შეუსაბამოდ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლი და სსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი, რადგან არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებენ და სრულიად უარყოფენ მოსარჩელის მიერ წამოყენებულ სასარჩელო მოთხოვნებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თუ საოლქო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები საკმარისად არ არის დადგენილი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, 2002წ. 7 თებერვალს დ. კ-ემ ფ. ი-ეს მიაყენა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. აღნიშნული განაჩენით დ.კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის, რომელიც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე, დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ.

სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზარალი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, რომლის უმნიშვნელოვანესი ელემენტია ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირის ბრალეულობის ხარისხს იმ შემთხვევაში, თუკი არ არის გამორიცხული ვარაუდი იმისა, რომ ზიანის წარმოშობას ან გაზრდას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამ. სამოქალაქო კანონმდებლობით, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის, ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. აღნიშნული გამომდინარეობს სკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე კოდექსის 326-ე მუხლის შესაბამისად კი წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასითიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

სააპელაციო სასამართლომ დ.კ-ის მიმართ ზიანის დაკისრებას საფუძვლად დაუდო რა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დანაშაულის ჩადენა განაპირობა დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებამ, არ გამოუკვლევია ზიანის დადგომაში დაზარალებულის თანამონაწილეობა.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება და ამ ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა უნდა მოახდინოს მხარეთა ბრალეულობის ხარისხით, კერძოდ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს შეუწყო თუ არა ხელი დაზარალებულის მოქმედებამ ზიანის დადგომას და უფრო მეტად რომელ მხარეს მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში. ამ მიმართებით სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, მისი ბრალის ფორმასა და ხარისხზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექისს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.