დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 23.03.2006
საქმის ნომერი
ას-1090-1338-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1090-1338-05 23 მარტი, 2006 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფ. ჩ-ვამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს «ბ. ს. ს-ის» მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990 წლიდან მუშაობდა ქ.ბათუმის ს. ს-ში მეანის თანამდებობაზე. ორგანიზაციაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის გამოც იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი შტატი არ შემცირებულა, ამდენად’ მისი განთავისუფლება უკანონოა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2004 წლის 18 ოქტომბერს შპს «ბ. ს. ს-ში» გამოცხადდა რეორგანიზაცია, სტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია შტატების შემცირება. ფ.ჩ-ვა მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა ერთი თვით ადრე და იგი სამუშაოდან დაითხოვეს კანონმდებლობის ნორმების დაცვით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ.ჩ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა ს. ს-ის ბებიაქალად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ბ. ს. ს-მა» და მოითხოვა მისი გაუქმება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაში. ფ.ჩ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს «ბ. ს. ს-ის» დირექტორის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹57 ბრძანება ფ. ჩ-ვას სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ და ფ.ჩ-ვა აღდგენილ იქნა შპს «ბ. ს. ს-ში» მეანის თანამდებობაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ფ.ჩ-ვა მუშაობდა შპს «ბ. ს. ს-ში» 1991 წლის 16 იანვრიდან ბებიაქალის თანამდებობაზე. 2004 წლის 29 ნოემბერს დაეკისრა სამეანო სამსახურის მიმღების მორიგე ბებიაქალის მოვალეობის შესრულება. 2004 წლის 21 დეკემბერს კი შპს «ბ. ს. ს-ის» დირექტორის ¹57 ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის, 36-ე, 421, 422, 423 მუხლების საფუძველზე. შპს «ბ. ს. ს-ის» ადმინისტრაციის 2004 წლის 18 ოქტომბრის ¹34 განკარგულებით თანამშრომლები გაფრთხილებული იქნენ მოსალოდნელი რეორგანიზაციის თაობაზე. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის გათავისუფლების დროს დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი, რადგან საქმეში არ არის პროფკავშირის თანხმობა მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე. ამასთან, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის საფუძველზე კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის დროს მუშა ან მოსამსახურე წინანდელ სამუშაოზე უნდა აღადგინოს შრომის დავის განმხილველმა ორგანომ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ბ. ს. ს-მა» და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მუშაკთა განთავისუფლება შეთანხმებული იყო პროფკავშირებთან. ამასთან, დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რადგან სასამართლომ გააუქმა დაწესებულების დირექტორის ¹57 ბრძანება, რისი გაუქმებაც მოსარჩელეს არ უთხოვია. კასატორის აზრით, ასევე დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. მათ კი მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და არა ს. ს-ის დირექტორის ¹57 ბრძანების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ფ. ჩ-ვა 1991 წლის 16 იანვრიდან მუშაობდა შპს «ბ. ს. ს-ში» ბებიაქალის თანამდებობაზე. შპს «ბ. ს. ს-ის» დირექტორის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹57 ბრძანებით ფ. ჩ-ვა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტის, 36-ე, 421, 422, 423 მუხლების საფუძველზე. დადგენილია, რომ შპს «ბ. ს. ს-ის» დირექტორის 2004 წლის 18 ოქტომბრის ¹34 განკარგულებით გამოცხადდა საწარმოს რეორგანიზაცია, რის თაობაზეც ეცნობათ დაწესებულების მუშაკებს. შპს «ბ. ს. ს-ის» დირექტორის 2004 წლის 29 ნოემბრის ¹47 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა განყოფილებები და შეიქმნა ახალი სამსახურები. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ფ.ჩ-ვას განთავისუფლებისას ადმინისტრაციამ არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მისი დათხოვნა არ იყო შეთანხმებული პროფკავშირებთან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სწორად არ განმარტა და არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის საფუძველზე იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის განმახორციელებელი კომისიის სხდომებში პროფკავშირის თავმჯდომარის მონაწილეობა მუშაკის გათავისუფლებაზე პროფკავშირის თანხმობას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში უნდა მოწვეულიყო პროფკავშირული კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილებოდა ფ.ჩ-ვას სამსახურიდან განთავისუფლების საკითხი, სხდომაზე უნდა ემსჯელათ გათავისუფლების საფუძვლის კანონიერებაზე, რის შემდეგაც უნდა მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის წერილი, სადაც მითითებულია შპს «ბ. ს. ს-ის» ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის დარღვევით მუშაკთა გათავისუფლებაზე. ასევე აღნიშნულია, რომ სარეორგანიზაციო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილი უნდა იქნეს პროფკომიტეტის თავმჯდომარე, რადგანაც კომისიაში მისი შეყვანა კანონსაწინააღმდეგოა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა გამოყენებული შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციამ დაარღვია ასევე შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლი. აღნიშნული მუხლის საფუძველზე გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ან წინანდელი პროფესიის სპეციალობის, კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაოს მიცემით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის უქონლობისას – სხვა სამუშაოს მიცემით პირადი სურვილისა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამუშაოდან მუშაკის განთავისუფლება შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას საწარმოს, დაწესეულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო, არ გულისხმობს მუშაკის სამუშაოდან უპირობოდ განთავისუფლებას. საწარმოდან მუშაკის დათხოვნა დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და თუკი მუშაკი თანახმაა, რომ დაინიშნოს საწარმოში სხვა თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებული იყო შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის შესაბამისი თანამდებობა.

შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება განისაზღვრება ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად. კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამოდინარე, შპს «ბ. ს. ს-ის» ადმინისტრაცია ვალდებული იყო, რომ ახლადშექმნილ სამსახურებში, პირველ რიგში, დაესაქმებინა გაუქმებული განყოფილებების მუშაკები, ხოლო თუკი საშტატო ერთეულების რაოდენობა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი, მუშაკების დანიშვნის საკითხი გადაეწყვიტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გზით. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციას ამ საკითხზე არ უმსჯელია.

რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, ამ ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოცემულ საქმეზე გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ბ. ს. ს-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.