დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1100-1346-05 9 მარტი, 2006 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს „ა-ის“ მიმართ და აღნიშნა, რომ სს „ა-ში“ მუშაობდა 1996 წლიდან. 2000 წლის ნოემბერში გავიდა დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო 2001 წლის 5 მარტიდან 2004 წლის 2 იანვრამდე იმყოფებოდა უფასო დეკრეტულ შვებულებაში ბავშვის სამი წლის ასაკის შესრულებამდე. 2004 წლის 2 იანვარს, დეკრეტული შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მას განუცხადეს, რომ 2001 წლის 1 აპრილიდან მოლარის საშტატო ერთეული გაუქმებულია. სს „ა-ის“ მთავარი ბუღალტრის განკარგულებით, 2004 წლის 9 იანვრიდან მიამაგრეს ცენტრალიზებული ბუღალტრის სექტორის ბუღალტერიაზე.
2004 წლის 16 იანვარს ადმინისტრაციის მიერ გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ შტატების შემცირების გამო, რაზედაც ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც შედგა სათანადო აქტი. 2004 წლის 20 იანვრიდან 21 მაისამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ივნის-ივლისში ჩვეულებრივ დადიოდა სამსახურში და იღებდა ხელფასს. 2004 წლის 4 აგვისტოდან შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა სამსახურიდან გენერალური დირექტორის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით.
მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან, მოლარის შტატი ჯერ კიდევ 2001 წლის 1 აპრილს შემცირდა, ხოლო შტატების შემცირების მოტივით იგი სამუშაოდან გათავისუფლდა 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით, ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 422-ე და 161-ე მუხლების მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შრომის კანონთა კოდექსის 203-204-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა სს „ა-ის“ გენერალური დირექტორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹316 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელე ლ. მ-შვილი სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის კანონმდებლობის ნორმების დაცვით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ა-ის“ საფინანსო განყოფილების მოლარე ლ. მ-შვილი პირადი განცხადების საფუძველზე 2001 წლის 5 მარტიდან 2004 წლის 3 იანვრის ჩათვლით, ბავშვის 3 წლის ასაკის შესრულებამდე, იმყოფებოდა უფასო დეკრეტულ შვებულებაში.
სს „ა-ის“ გენერალური დირექტორის 2002 წლის 1 აპრილის ¹118 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა რეორგანიზაცია, მოხდა სტრუქტურული ცვლილებები, გაუქმდა 2002 წლის 1 აპრილამდე მოქმედი საშტატო განრიგი და დამტკიცდა ახალი. ამ ცვლილებებით’ 2002 წლის 1 აპრილიდან საფინანსო განყოფილების მოლარის საშტატო ერთეული გაუქმდა.
2004 წლის 3 იანვარს, დეკრეტული შვებულების ამოწურვის შემდეგ, ლ. მ-შვილი გამოცხადდა სამსახურში, მას შეატყობინეს შტატების, მათ შორის მოლარის საშტატო ერთეულის შემცირების შესახებ. სს „ა-ის“ მთავარი ბუღალტრის 2004 წლის 9 იანვრის ¹1 განკარგულებით ლ. მ-შვილი მიმაგრებულ იქნა ცენტრალიზებული ბუღალტრის მზა პროდუქციის აღრიცხვის, რეალიზაციის, ანგარიშსწორებისა და სავალუტო ოპერაციების სექტორის ბუღალტერთან. 2004 წლის 16 იანვრის აქტით ლ. მ-შვილი საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გაფრთხილებულ იქნა შტატების შემცირების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამუშაოდან შკკ-ის 34-ე მუხლის I პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ 2002 წლის 1 აპრილიდან მოლარის საშტატო ერთეულის გაუქმებას გავლენა არ მოუხდენია მოსარჩელის ხელფასზე და იგი 2004 წლის აგვისტომდე სრულად იღებდა უკვე გაუქმებული საშტატო ერთეულის შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას. ასევე, დადგენილად ცნო, რომ 2004 წლის მაის-ივნისში ადმინისტრაციამ მოსარჩელეს შესთავაზა ვაკანსია _ დამლაგებლის სამუშაო ადგილი, რაზეც მან უარი განაცხადა, აგრეთვე, მასვე შესთავაზეს ბუღალტრების ატესტაციაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ აღნიშნულზეც უარი განაცხადა. ლ. მ-შვილი სამუშაოდან გათავისუფლდა სს „ა-ში“ არსებული პროფკავშირების თანხმობით და შკკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზვრული ვადის დაცვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-შვილმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა შკკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად დედას ენახება სამუშაო ადგილი. კასატორის მოსაზრებით, ბუღალტერი არ იყო უფლებამოსილი გაეცა განკარგულება მისი ცენტრალიზებულ ბუღალტერთან მიმაგრების შესახებ. იგი სამუშაოზე გამოვიდა 2004 წლის 3 იანვარს, განკარგულების გამოცემამდე, იანვრამდე მას არანაირი საშტატო ერთეული არ ეკავა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. მ-შვილი მუშაობდა სს „ა-ის“ საფინანსო განყოფილების მოლარედ. 2001 წლის 5 მარტიდან 2004 წლის 3 იანვრის ჩათვლით ლ. მ-შვილი, პირადი განცხადების საფუძველზე, იმყოფებოდა უფასო დეკრეტულ შვებულებაში. სს „ა-ის“ გენერალური დირექტორის 2002 წლის 1 აპრილის ¹118 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა რეორგანიზაცია, მოხდა სტრუქტურული ცვლილებები, რამაც გამოიწვია შტატების შემცირება. დადგენილია, რომ 2004 წლის 3 იანვარს, დეკრეტული შვებულების ვადის ამოწურვის შემდგომ, ლ.მ-შვილი გამოცხადდა სამსახურში. სს „ა-ის“ მთავარი ბუღალტრის 2004 წლის 9 იანვრის ¹1 განკარგულებით მიმაგრებულ იქნა ცენტრალიზებული ბუღალტერიის მზა პროდუქციის აღრიცხვის, რეალიზაციის, ანგარიშსწორებისა და სავალუტო ოპერაციების სექტორის ბუღალტერთან. 2004 წლის 16 იანვარს ლ. მ-შვილი გაფრთხილებული იქნა შტატების შემცირების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. დადგენილია, რომ სს „ა-ის“ ადმინისტრაციამ შესთავაზა ლ.მ-შვილს ვაკანსია – დამლაგელის სამუშაო ადგილი, რაზედაც უარი განაცხადა. მასვე შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო ბუღალტრების ატესტაციაში შემდგომში ამ მიმართულებით საქმიანობის გასაგრძელებლად, მაგრამ აღნიშნულზეც უარი განაცხადა. სს „ა-ის“ გენერალური დირექტორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹316-კ ბრძანებით, ლ. მ-შვილი 2004 წლის 4 აგვისტოდან, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განთავისუფლდა თანამდებობიდან. ასევე დადგენილია, რომ ლ.მ-შვილი 2004 წლის 4 აგვისტომდე სრულად იღებდა მოლარის საშტატო ერთეულის შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.
შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გარდა, ქალს და 159-ე მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნულ პირებს, მათი განცხადების თანახმად, ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის მიაღწევდეს სამი წლის ასაკს და შვებულების განმავლობაში ენახება სამუშაო ადგილი (თანამდებობა).
ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა, გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ლ.მ-შვილის შვებულებაში ყოფნის დროს, დირექტორის 2002 წლის 1 აპრილის ¹118 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია შტატების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა მოლარის საშტატო ერთეული, ლ. მ-შვილი შვებულებაში ყოფნის პერიოდში არ გაუთავისუფლებიათ სამუშაოდან და იგი 2004 წლის 4 აგვისტომდე იღებდა გაუქმებული საშტატო ერთეულის შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე საზოგადოების ადმინისტრაციამ მისი საშტატო ერთეულის შემცირებისას არ გაითვალისწინა შკკ-ის 161-ე მუხლის მოთხოვნები, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება ლ. მ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გენერალური დირექტორის 2002 წლის 1 აპრილის ¹118 ბრძანება შტატების შემცირების თაობაზე არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, მოპასუხე საზოგადოებაში დღეისათვის არ არსებობს მოლარის თანამდებობა. შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, უკანონოდ დათხოვილი მუშაკის აღდგენა შეიძლება მხოლოდ წინანდელ სამუშაოზე. ვინაიდან აღარ არსებობს მოლარის თანამდებობა მოპასუხე ორგანიზაციაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დააკმაყოფილოს ლ. მ-შვილის მოთხოვნა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ.მ-შვილისათვის წინანდელ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე უარის თქმის შესახებ გამომდინარეობს მითითებული ნორმის მოთხოვნიდან, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 2 მარტის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.