გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 17.01.2006
საქმის ნომერი
ას-1101-1347-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-1101-1347-05 ¹ას-1101-1347-05 17 იანვარი, 2006წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 30 ივლისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ს-ძემ მოპასუხე შპს «ს. ე-მის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს «ს. ე-მის» გურიის ფილიალის 2004წ. 30 ივნისის ¹43 ბრძანების გაუქმება და აღნიშნული ფილიალის ბაზაზე შექმნილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოგვიანებით მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა 2004წ. 1 ივლისიდან იძულებითი განაცდური სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაც. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2002 წლიდან მუშაობდა შპს «ს. ე-მის» გურიის ფილიალში მოლარედ. 2004წ. 29 მარტს გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. 2004წ. 30 ივნისს ჩაიბარა ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რომელშიც გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო გურიის ფილიალის ლიკვიდაცია. მას მიაჩნდა, რომ იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, შრომის საკმაო სტაჟით და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე გააჩნდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება. მოსარჩელის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები, რაც მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველს წარმოადგენდა. შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე მას ასევე ეკუთვნოდა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 სექტემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა მოპასუხის იურიდიული მისამართის მიხედვით მდებარე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2004წ. 29 მარტს მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა საზოგადოების რეორგანიზაციის გამო მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. რეორგანიზაციის მიმდინარეობისას, სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობისა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, მმართველმა დირექტორატმა გამოსცა ბრძანება ფილიალების ლიკვიდაციის შესახებ. ამ ბრძანებით გაუქმდა გურიის ფილიალი, სადაც მუშაობდა მოსარჩელე. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილებული იყო შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსარჩელის გათავისუფლებისას დაცული იყო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად სამუშაოდან გათავისუფლება უნდა განხორციელებულიყო პროფკავშირებთან შეთანხმებით.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტის მოსაზრებით, სამუშაოდან მისი გათავისუფლებით მოპასუხის მიერ დაირღვა შრომის კანონმდებლობის ნორმები, რასაც რაიონულმა სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება. აპელანტი მიიჩნევდა, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ფილიალის ლიკვიდაცია არ უნდა გაეიგივებინა საწარმოს ლიკვიდაციასთან, მით უფრო, რომ აღნიშნულ საწარმოში რეალურად მოხდა მხოლოდ რეორგანიზაცია _ სტრუქტურულ ცვლილებები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 ივნისის განჩინებით ნ. სიხარულიძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ს-ძე 2002 წლიდან მუშაობდა შპს «ს. ე-მის» გურიის ფილიალში მოლარედ, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი კონტრაქტის საფუძველზე; 2004წ. 29 მარტს მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა შპს-ის რეორგანიზაციის გამო მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე; შპს «ს. ე-მის» გურიის ფილიალის დირექტორის 2004წ. 30 ივნისის ¹43 ბრძანებით მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2004წ. 1 ივლისიდან, ფილიალის ლიკვიდაციის გამო, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე; მოსარჩელეს ჰქონდა 7წ. შრომითი სტაჟი, გარდაეცვალა მეუღლე და სარჩენი ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავდა გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლების გარანტიებს, ასევე, ამავე კოდექსის 36-ე მუხლზე, რომელიც მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების საკითხს არეგულირებდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში შპს «ს. ე-მაში» განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაცია ვერ ჩაითვლებოდა საწარმოს საქმიანობის შეწყვეტად, რადგან არ მომხდარა შპს-ის ლიკვიდაცია. ამდენად, მითითებული 34-ე მუხლის თანახმად, რჩებოდა გათავისუფლების მეორე საფუძველი _ მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირება. შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების საკითხი განისაზღვრებოდა ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად. მითითებული მუხლი განსაზღვრავდა სამუშაოზე მუშაკის უპირატესი დარჩენის კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც‚ თანაბარი პირობების შემთხვევაში მუშაკს უნდა მინიჭებოდა საუშაოზე დარჩენის უპირატესობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულად არ ჰქონდა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოტანილი იყო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლო უთითებდა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეკვლია, დაცული იყო თუ არა შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში» სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებისა და მოსარჩელე ნ. სიხარულიძის გათავისუფლებისას შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლისა და 422-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მოხდა თუ არა მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირება, მიღებულ იქნენ თუ არა ახალ სტრუქტურულ ერთეულში გაუქმებული ფილიალის ყოფილი მუშაკები და დადებით შემთხვევაში დაცული იყო თუ არა მუშაკის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების წესები. ამის შემდგომ სასამართლოს სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი _ სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესუალური და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა, რამაც გავლენა მოახდინა გადაწყვეტილების შედეგზე. კასატორის მითითებით, შპს «ს. ე-მაში» მართვის სრულყოფის მიზნით განხორციელდა რეორგანიზაცია სტრუქტურული ცვლილებებით, სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობისა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ფილიალების, მათ შორის, გურიის ფილიალის ლიკვიდაცია, სადაც მუშაობდა მოსარჩელე. მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნისას საზოგადოების ხელმძღვანელობის მხრიდან დაცულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, გათავისუფლებული მუშაკების კომპენსაციები და შეღავათები. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნავდა, რომ ფილიალის ლიკვიდაცია არ ნიშნავდა თავად საზოგადოების ლიკვიდაციას. ამასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავდა, რომ ფილიალი წარმოადგენდა გარკვეული დამოუკიდებლობის მქონე სტრუქტურულ ერთეულს. მაგალითად, შპს «ს. ე--მის» გურიის ფილიალს, დებულების თანახმად, გახსნილი ჰქონდა საბანკო ანგარიში ხელფასისა და სამეურნეო ოპერაციების საწარმოებლად, გააჩნდა ბეჭედი თავისი დასახელებით, პასუხს აგებდა ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის აღებულ ვალდებულებებზე. აქედან გამომდინარე, კასატორი არ ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფილიალის ლიკვიდაცია და, შესაბამისად, სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაცია ვერ ჩაითვლებოდა საწარმოს საქმიანობის შეწყვეტად და მუშაკთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად. გაურკვეველი იყო, თუ რის საფუძველზე გააკეთა სასამართლომ დასკვნა, რომ შპს «ს. ე--მაში» მოხდა რეორგანიზაცია სტრუქტურული ცვლილებებით, ამასთან, ასეთი არგუმენტაცია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს. შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლში მოცემული იყო გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლებების უზრუნველყოფის გარანტიები, კასატორს უმართებულოდ მიაჩნდა სააპელაციო სასამართლოს მითითება ამ მუხლზე იმ მოტივით, რომ მუხლში განსაზღვრული იყო მუშა-მოსამსახურეთა გათავისუფლების საფუძვლები _ მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირება. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეეძლო, ვადამდე მოეთხოვა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას. სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ» არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლისა და 36-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება სადავო შემთხვევაში ვერ იქნებოდა გამოყენებული, რადგან ეს უპირატესობა ვრცელდებოდა მხოლოდ შტატების ან მუშაკთა რიცხოვნების შემცირების შემთხვევაზე. შპს «ს. ე-მაში» კი, როგორც უკვე აღინიშნა, მოხდა რეორგანიზაცია, რასაც თან ახლდა ფილიალების ლიკვიდაცია და არა მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირება. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები, რომელთა არსებობისას შესაძლებელი იქნებოდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს «ს. ე-მამ» შუამდგომლობით მოითხოვა სათანადო უფლებამონაცვლით _ სს «ს. ე-ანიით» შეცვლა. კასატორი მიუთითებდა, რომ სსიპ «ს.. ს-ოს» 2005წ. 15 ივნისის ¹1-3/451 ბრძანებით შპს «ს. ე-მის» საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა 110/35კვ ძაბვის ქსელები და ქვესადგურები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ნუსხის შესაბამისად. აღნიშნულმა გამოიწვია 110/35კვ ძაბვის ქსელებსა და ქვესადგურებში არსებული სამუშაო ადგილების გაუქმება და შესაბამისად, არსებული სტრუქტურის მთლიანი გარდაქმნა-რეორგანიზაცია. აღნიშნული ნიშნავდა, რომ შპს «ს. ე-მა» ვეღარ გაუწევდა ექსპლოატაციას ამ ობიექტებს. მოსარჩელე ნ. ს-ძე მუშაობდა შპს-ის გურიის ფილიალში, რომელიც ლუკვიდირებულ იქნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივლისის დადგენილების საფუძველზე. ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად ყველა რეგიონში, მათ შორის, გურიის რეგიონში არსებული 35/110კვ ხაზები და ქვესადგურები გადაეცა სს «ს. ს ე-ანიას». აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანდა, რომ შპს «ს. -მა» არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოპასუხე ორგანიზაცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ობიექტი, სადაც მოსარჩელე ითხოვდა აღდგენას, არ იყო შპს-ის ექსპლუატაციაში, შესაბამისად, სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო უფლებამონაცვლეობის დადგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 16 დეკემბრის განჩინებით კასატორს უარი ეთქვა ამ ეტაპზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა დაკავშირებული იყო შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან, რაც არსებითი განხილვის საკითხს განეკუთვნებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორ სამართლებრივ შეფასებას იძლევა, როდესაც მიუთითებს შპს «ს. ე-მის» მიერ შრომის კანონთა კოდექსის 421-422-ე მუხლებისა და 36-ე მუხლის მოთხოვნების დაცვის ვალდებულებაზე, ასევე, როდესაც ფილიალის ლიკვიდაციას და შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში» განხორციელებულ რეორგანიზაციას არ მიიჩნევს საწარმოს საქმიანობის შეწყვეტისა და მუშაკთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის უპირობო საფუძვლად.

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ს-ძე შპს «ს. ე-მის» გურიის ფილიალის მოლარის თანამდებობიდან გათავისუფლდა ფილიალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, საწარმოს ადმინისტრაციას შეუძლია თავისი ინიციატივით შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულება საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო. კასატორი ფილიალის ლიკვიდაციას მიიჩნევს მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების პირდაპირ საფუძვლად და არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ფილიალი არ არის დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე საწარმო. სკ-ის 28-ე მუხლისა და «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს საწარმოს განცალკევებულ ქვედანაყოფს, საწარმოს შემადგენელ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ მას გარკვეული ორგანიზაციული დამოუკიდებლობა გააჩნია, რაზედაც ასევე მიუთითებს კასატორი. მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა მთლიანი საწარმოს _ შპს «ს. ე-მის» ლიკვიდაცია, აღნიშნული საწარმოს ერთ-ერთი ფილიალის ლიკვიდაციით, ფაქტობრივად, განხორციელდა საწარმოს შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია, ხოლო ლიკვიდირებული ფილიალის შტატების გაუქმებით _ საწარმოს შტატების შემცირება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, შპს «ს. ე-მამ» ფილიალის ლიკვიდაციისთანავე შემოიღო ახალი მენეჯმენტი და შექმნა ახალი სტრუქტურული ერთეული. შესაბამისად, შპს «ს. ე-მაში» ფილიალის ლიკვიდაციასთან ერთად იმავდროულად შეიქმნა ახალი ვაკანტური საშტატო ერთეულები.

შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაოს შეთავაზებით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ან წინანდელი პროფესიის მიხედვით სამუშაოს ადგილზე დასაქმებით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის არ არსებობს _ სხვა სამუშაოს მიცემით პირადი სურვილისა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება განისაზღვრება ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად. კანონის აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, შპს «ს. ე-მა» ვალდებული იყო, ახლადშექმნილ სტრუქტურულ ერთეულში, პირველ რიგში, დაესაქმებინა ლიკვიდირებული ფილიალის მუშაკები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საშტატო ერთეულების რაოდენობა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი, მუშაკების დანიშვნის საკითხი გადაეწყვიტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გზით.

კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მიზანი, უწინარეს ყოვლისა, სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრება და ხელშეწყობაა. სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა მოიცავს ყველა სფეროს, მათ შორის, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან მუშაკის გათავისუფლება შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო, არ გულისხმობს საწარმოს სტრუქტურული ერთეულის, მათ შორის, ფილიალის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ადმინისტრაციის მიერ მუშაკის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობას. მუშაკის დათხოვნა დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და თუკი მუშაკი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია, შესთავაზოს მუშაკს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია, აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაკთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. ამდენად, სავალდებულო არ არის, რომ მუშაკი დაინიშნოს იმავე თანამდებობაზე. იგი შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, თუკი თანახმა იქნება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან აღნიშნულ მუშაკს არა აქვს შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მუშაკის გათავისუფლება. ზემოაღნიშნული მოთხოვნები განეკუთვნება იმ პირველი რიგის მოთხოვნებს, რომელთა დაცვა ადმინისტრაციის მიერ სავალდებულოა მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული მოთხოვნების დაუცველობა წარმოადგენს მუშაკის შრომის უფლებების უხეშ დარღვევას და ამდენად, მუშაკის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი შეიძლება გახდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი საფუძვლები, დაებრუნებინა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

სსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს შეუზღუდაობას, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში შებოჭილია სააპელაციო სასამართლო. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სსკ-ის თანახმად ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალიწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი დაუსაბუთებულობის გამო, სსკ-ის 394-ე მუხლის საფუძველზე. კერძოდ, საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა იმ გარემოებებით, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიკვლია, შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში» სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებისა და მოსარჩელის გათავისუფლებისას დაცული იყო თუ არა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლისა და 422-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები, მოხდა თუ არა მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირება, მიღებულ იქნენ თუ არა ახალ სტრუქტურულ ერთეულში გაუქმებული ფილიალის ყოფილი მუშაკები და დაცული იყო თუ არა მუშაკის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების წესები.

აღნიშნული გარემოებები, რასაც სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს, არ განეკუთვნება ისეთ გარემოებებს, რომელთა გამოც გამართლებული იქნებოდა საქმის უკან გადაგზავნა. სააპელაციო სასამართლოს თვითონ შეეძლო გამოერკვია, ჰქონდა თუ არა ადგილი შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში» შტატების შემცირებას და მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლებული იყო თუ არა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლისა და 422-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გარემოებები, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ საქმის უკან დაბრუნების საფუძვლად მიუთითა, არ განეკუთვნებოდა ისეთ გარემოებებს, რაც სააპელაციო პალატას შესაძლებლობას ართმევდა, სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თავად გადაეწყვიტა საქმე და არ დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, შეიქმნა თუ არა ახალი სტრუქტურული ერთეული შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში» გურიის ფილიალის ლიკვიდაციის შემდგომ, რამდენი ახალი საშტატო ერთეულით, მათ შორის, რამდენი იყო მოლარის ან მოსარჩელის სპეციალიზაციის შესაბამისი საშტატო ერთეული, მოხდა თუ არა ამ საშტატო ერთეულებზე ლიკვიდირებული ფილიალის მუშაკების დანიშვნა და აღნიშნული მუშაკების შერჩევა განხორციელდა თუ არა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გზით, მათ შორის, განიხილა თუ არა საწარმომ სამსახურში მოსარჩელის უპირატესი დარჩენის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუკი საწარმოს ჰქონდა ვაკანტურ თანამდებობაზე მოსარჩელის დანიშვნის შესაძლებლობა, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს სამსახურში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ დღეისათვის შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის» ყველა რეგიონში, მათ შორის, გურიის რეგიონში არსებული 35/110კვ ხაზები და ქვესადგურები გადაცემული აქვს სს «ს. ე-ანიას». სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში უნდა გამოარკვიოს, მუშაობდა თუ არა მოსარჩელე აღნიშნული 35/110კვ ხაზებისა და ქვესადგურების ობიექტებში, რომელიც გადაეცა სს «ს. ე-ანიას», დააზუსტოს, სად ითხოვს აღდგენას მოსარჩელე, გამოარკვიოს, შპს «ს. ე-მისაგან» რეალურად სს «ს. ე-ანიას» გადაეცა ფუნქციონირებადი, ექსპლუატაციაში მყოფი ობიექტები (ხაზები და ქვესადგურები), თუ მოხდა არაფუნქციონირებად მდგომარეობაში მყოფი წმინდა ქონების გადაცემა. შესაბამისად, ფაქტობრივად, იყო თუ არა სახეზე შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საწარმოს გადაცემის შემთხვევა ერთი ორგანოს დაქვემდებარებიდან მეორე ორგანიზაციის დაქვემდებარებაში, რაც ასევე გამორიცხავს სამუშაოდან მუშაკის უპირობოდ გათავისუფლებას. ყველა ამ საკითხის ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში.

კასატორი შპს «ს. ე-მა» საკასაციო საჩივრით ითხოვს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანას დავის არსებითად გადაწყვეტის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა პროცესუალურად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე ჯერ არ არსებობს არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო საკასაციო სასამართლო მის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს წყვეტს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდგომ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება