დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
პატივისა და ღირსების შელახვა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1106-1352-05 14 ივნისი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. კ-მა 2004წ. მაისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: გაზეთ „ქ-ისა“ და ჟურნალისტის, თ. ღ-იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის ყოველკვირეულ გაზეთ „ქ-ის“ 2004წ. 29 მარტი _ 4 აპრილის ¹13 (125) ნომერში გამოქვეყნებული, მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი პუბლიკაციის, სათაურით: „...?“, გამოყენებული გამონათქვამების საჯაროდ უარყოფა იმავე გაზეთის მეშვეობით იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით და მორალური ზიანის 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, ყოველკვირეული გამოცემა „ქ-ის“ 2004წ. 29 მარტი _ 4 აპრილის ¹13 (125) ნომერში მე-4 გვერდზე რუბრიკით: „კვირის სკანდალი ¹1“ გამოქვეყნდა ჟურნალისტ თ. ღ-იას სტატია სათაურით: „...“. ჟურნალისტი სვამს კითხვას: „ვინ იყო ა-ძეების პირველი მსხვერპლი და ვინ „ჩაუშვა“ კრიმინალური დაჯგუფება?“ აღნიშნულ სტატიაში მითითებულია, რომ ა-ძეებთან აიგივებენ ე. ე.კ-ს და ამბობენ, თითქოს კ-ი მათი მხარდაჭერით მოქმედებდა. აგრეთვე, აღნიშნულ სტატიაში მოპასუხემ _ ჟურნალისტმა თ. ღ-იამ: ა-ძეების ნათესავთან გამართული დიალოგის დროს, რომლის გვარსაც არ ასახელებს, დაასკვნა, რომ ა-ძეების აყვანა მოხერხდა ღალატის შედეგად, ხოლო, მოღალატედ სტატიის ავტორი მოიაზრებს ე.კ-ს და მიუთითებს: „ამბობენ, ... სამინისტროს ე. კ-მა რწმუნებულის პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ შეუწყო ხელიო“. მოსარჩელის მოსაზრებით, ხსენებულ პუბლიკაციაში გავრცელებული ცნობებით შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ძლიერი სულიერი განცდები, მიაყენა მას მორალური ზიანი.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს: გაზეთ „ქ-ას“ და ჟურნალისტ თ. ღ-იას დაევალა ე. კ-ის მიმართ შემდეგი ცნობების უარყოფა: ა) „ა-ძეებთან აიგივებენ ე. კ-ს და ამბობენ, თითქოს კ-ი სწორედ მათი მხარდაჭერით მოქმედებდა». ბ) «ამბობენ, ... სამინისტროს ე. კ-მა რწმუნებულის პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ შეუწყო ხელიო.» აღნიშნული ცნობების და გამონათქვამების უარყოფა დადგინდა იმავე გაზეთში, იმავე გვერდზე, იმავე შრიფტით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან პირველსავე ნომერში. გაზეთ „ქ-ის“ და ჟურნალისტ თ. ღ-იას სოლიდარულად დაეკისრა ე. კ-ის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ქ-ის“ წარმომადგენელმა და თ. ღ-იამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ქ-ას“ და თ. ღვინიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დავის წარმოშობის საფუძველი გახდა ყოველკვირეულ გაზეთ „ქ-აში“ 2004წ. 29 მარტი _ 4 აპრილის ... ნომერში მე-4 გვერდზე, რუბრიკით _ „კვირის სკანდალი ¹1“ გამოქვეყნებული, ჟურნალისტ თ. ღ-იას სტატიაში: „...“ (სტატია შეეხებოდა ... სამინისტროების მიერ ძმები ა-ძეების მიმართ ჩატარებულ სპეცოპერაციას) გამოყენებული გამონათქვამები: „ა-ძეებთან აიგივებენ ე. კ-ს და ამბობენ, თითქოს კ-ი, სწორედ, მათი მხარდაჭერით მოქმედებდა“, «ამბობენ, ... სამინისტროს, ე. კ-მა რწმუნებულის პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ შეუწყო ხელიო“. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ზემოთ მითითებული სტატიის გამოქვეყნებისას, ე. კ-ი იყო კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს ... სამინისტროს ოპერატიული მიმართულების „კოდორის ხეობის“ უფროსი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ფრაზების. გავრცელების პირველწყარო კოდორის ხეობის მცხოვრებლებია, რომლებმაც იგი გააიგივეს ა-ძეებთან და მიიჩნევენ, რომ ე. კ-მა ... სამინისტროს, რწმუნებულის პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ, შეუწყო ხელი ა-ძეების დაკავებაში. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება რომ სადავო სტატიაში გამოთქმული ფრაზები არ გავრცელებულა მათ მიერ, რადგან სადავო პუბლიკაციით მთელი საქართველოსთვის გახდა ცნობილი იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობდა კოდორის ხეობის მცხოვრებლები ე. კ-ის დამოკიდებულებაზე ა-ძეებთან და მისი, როგორც რწმუნებულის ქმედებებზე, აღნიშნული პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ სკ-ის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, უარყოფას ექვემდებარება არა ნებისმიერი ინფორმაცია, არამედ ცნობები, რომლებიც არის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის, ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახავი. მოცემულ შემთხვევაში ე. კ-ი, მის მიმართ პატივის და ღირსების შემლახავად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ იგი _ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში _ გააიგივეს კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან, ა-ძეებთან, რაც სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობად, რადგან ჩათვალა, რომ ა-ძეების კრიმინალური დაჯგუფების წევრებად მიჩნევა და წარდგენილ ბრალდებაში მათი დამნაშავეებად ცნობა, უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არც გამონათქვამი: „ამბობენ ... სამინისტროს ე. კ-მა რწმუნებულის პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ შეუწყო ხელიო“, ლახავს ე. კ-ის პატივსა და ღირსებას, რადგან სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ე. კ-ი, რომელიც პრეზიდენტის რწუნებული იყო კოდორის ხეობაში, ვალდებული იყო, ხელი შეეწყო ... და ...სამინისტროებისათვის, ხეობის საკეთილდღეოდ, ყოველგვარი ცვლილებების განხორციელებაში, უპირობოდ, დარჩებოდა იგი რწმუნებულად, თუ გათავისუფლდებოდა ამ პოსტიდან.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო პუბლიკაციაში გამოქვეყნებული გამონათქვამები არ შეიცავენ ე. კ-ის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის პირველ წინადადებაში გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც ე. კ-ს შეეძლო მოეთხოვა თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადავო პუბლიკაციაში გამოქვეყნებული გამონათქვამები ლახავენ ე. კ-ის პატივსა და ღირსებას და იგი დაამტკიცებდა, რომ აღნიშნულ გამონათქვამებში გავრცელებული ცნობები არ შეეფერება სინამდვილეს, მისი მოთხოვნა მაინც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან პალატამ მიიჩნია, რომ პუბლიკაციაში გამოთქმული ფრაზები შეეხება რწმუნებულ ე. კ-ის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქმიანობას და არა მის პიროვნებას. პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა კი უფრო უნდა ითმინონ დასაშვებზე მეტი კრიტიკა, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის კრიტიკა გარდაუვალია და ამგვარი თანამდებობის დაკავება თავისთავად ნიშნავს, რომ მისი მოქმედება იქნება მუდმივი კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ჟურნალისტებისთვისაც. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ჟურნალისტი და გაზეთის რედაქცია არ გასცდენია პოლიტიკური თანამდებობის პირების კრიტიკის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს.
პალატამ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა მათთვის 15000 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 15000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. კ-ის წარმომადგენელმა ა. გ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრებები მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რადგან სადავო პუბლიკაციით და გამონათქვამებით განზრახ უხეშად შეილახა ე. კ-ის პატივი და ღირსება. მართალია, ე. კ-ი სტატიის გამოქვეყნების დროს წარმოადგენდა პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ მას უფლება ჰქონდა მოეთხოვა პატივის და ღირსების შემლახველი სადავო გამონათქვამების და ცნობების უარყოფა, ვინაიდან როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით კრიტიკა უხეშად არ უნდა ხელყოფდეს საჯარო მოხელის პატივსა და ღირსებას, რასაც ადგილი ქონდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში. კასატორმა სკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილზე და „პრესის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ყალბი ცნობების გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ ხელმძღ-ელებს, რედაქტორს (მთავარ რედაქტორს) და მასალების ავტორებს, რომლებმაც დაარღვიეს ეს კანონი.
კასატორმა მიუთითა ასევე ევროპის სასამართლოს პრეცედენტებზე, რომლის თანახმად დაუშვებელია საჯარო თანამდებობის პირის ზღვარსგადასული კრიტიკა; გამოხატვის თავისუფლება უნდა განხორციელდეს დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად და მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფაქტობრივი საფუძველი;
კასატორი მიუთითებს, რომ ა-ძეებს წარდგენილი აქვთ ბრალი მძიმე დანაშაულობების ჩადენაში და შეფარდებული აქვთ წინასწარი პატიმრობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაზეთს არ ჰქონდა უფლება ე. კ-ი მათთან გააეგივებინა.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ თვლის სააპელაციო პალატის მოსაზრებას მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხეები ბრალეულად მოქმედებდნენ, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ის მართლაც უნდა იყოს გონივრული, მაგრამ საქმის მასალებით საწინააღმდეგო დადგენილი არ არის, არ არის წარმოდგენილი მოპასუხეების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. კ-ის წარმომადგენელი ა.გ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სტატიის გამოქვეყნებისას, ე. კ-ი იყო კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს ... სამინისტროს ოპერატიული მიმართულების „კოდორის ხეობის“ უფროსი. მოცემულ საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სადავო ფრაზები: «ა-ძეებთან აიგივებენ ე. კ-ს და ამბობენ, თითქოს კ-ი, სწორედ, მათი მხარდაჭერით მოქმედებდა» და «ამბობენ, ... სამინისტროს ე. კ-მა რწმუნებულის პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ შეუწყო ხელიო» გავრცელდა გაზეთ «ქ-ის» მიერ. მართალია, სადავო პუბლიკაციის გამოქვეყნების დროისათვის, 2004წ. მარტი-აპრილში მოქმედი სკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება ჰქონდა სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავდა მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებდა, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სტატიაში მოყვანილია შეფასებითი მსჯელობები ე.კ-ის, როგორც თანამდებობის პირის, საქმიანობის შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სტატიაში მოცემული სადავო გამონათქვამები შეიცავენ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს, რადგან აღნიშნული გამონათქვამები მიმართულია ე. კ-ის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქმიანობის მიმართ და არა მისი როგორც პიროვნების მიმართ, რომელთა გამოვლენა არ სცდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათავლისწინებულ აზრის გამოთქმის და გავრცელების თავისუფლების ფარგლებს.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშულებით. ეს პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრესისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. კერძო პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და კრიტიკის დროს მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ არიან ეს პირები და რამდენად აუცილებელია საზოგადოებისათვის მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი კრიტიკა. საკასაციო პალატა თვლის, რომ პრესის თავისუფლება საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა პოლიტიკური ლიდერების იდეებისა და საქმიანობის შესაფასებლად. პოლიტიკოსების ან მათთან გათანაბრებული საზოგადო მოღვაწეების შესახებ პრესას შეუძლია ინფორმაციებისა და მონაცემების გამოქვეყნება, რასაც მნიშვნელობა აქვს მათი პიროვნების საზოგადოებრივი შეფასებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ, საქმეზე «კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ», მიუთითა, რომ «აზრის გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ისეთი განცხადებებისა და გამოთქმის უფლებასაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია». საქმეზე «ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ» ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ «პოლიტიკური მოღვაწის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი ინდივიდის მიმართ.» აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ, თუ ეს კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს მათ პატივს, ღირსებას, პირად ცხოვრებას და ხელშეუხებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ არც გამონათქვამი: „ამბობენ ... სამინისტროს ე. კ-მა რწმუნებულის პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ შეუწყო ხელიო“, ლახავს ე. კ-ის პატივსა და ღირსებას, რადგან სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ე. კ-ი, რომელიც პრეზიდენტის რწუნებული იყო კოდორის ხეობაში, ვალდებული იყო, ხელი შეეწყო ... და უშიშროების სამინისტროებისათვის. საქმის მასალების ყოველმხრივი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ჟურნალისტი და გაზეთის რედაქცია არ გაცდენია პოლიტიკური თანამდებობის პირების კრიტიკის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს; ამიტომ სწორად ეთქვა უარი კასატორ ე. კ-ის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რადგან სკ-ის მე-18 მუხლის მეექვსე ნაწილის მეოთხე წინადადებაში აღნიშნულია, რომ ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზემოხსენებული ნორმის გამოყენების საფუძველი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. კასატორ ე. კ-ის წარმომადგენელ ა.გ-იას კი ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღ-ელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. კ-ის წარმომადგენელი ა.გ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.