გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1108-1312-05 18 ივლისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: საერთო სარგებლობის გზის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ზ-მა“, შპს „მ-მა“, შპს „ქ-მა“ და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ნ. მ-ელმა და ა. ქ-ვამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „უ-ის“ მიმართ საერთო სარგებლობის გზის _ სერვიტუტის აღდგენის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეებს საკუთრების უფლებით ეკუთვნით ქ.თბილისში, ... მდებარე შენობა და მიწის ნაკვეთი, თუმცა მათ არ გააჩნდათ ამ შენობასთან მისასვლელი გზა. დიდი ხნის მანძილზე ამავე მისამართზე განთავსებული ორგანიზაციები სარგებლობდნენ მოპასუხის ტერიტორიაზე გამავალი საერთო სარგებლობის გზით, რომელიც ამჟამად სს „უ-მა“ მიისაკუთრა და მოსარჩელეებს შენობასთან მისვლის საშუალება აღუკვეთა. სს «უ-მა» კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას და საკადასტრო რუკის შედგენისას არ გაითვალისწინა წლების განმავლობაში დადგენილი შენობამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზა, რითაც შეზღუდა მოსარჩელეების უფლება. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სს «უ-ის» კუთვნილი მიწის ნაკვეთის დატვირთვა იმგვარად, რომ მათ შეძლონ სადავო შენობამდე მისასვლელი გზით სარგებლობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეებს შენობამდე უფრო დიდი შესასვლელი სხვა ქუჩიდან აქვთ. შესასვლელთან დაკავშირებული სიძნელეები მხარეებს ადრეც შექმნიათ, რაც ზეპირი შეთანხმებით მოაგვარეს, სამანქანო გზის ნაწილში კი ინდივიდუალურმა მეწარმე ნ. მ-ელმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მექანიზაციის ჩიხიდან თავის ტერიტორიაზე გზა არ გაიყვანა. ამასთან, სარჩელში დაზუსტებული არ არის, თუ კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთზე უნდა დადგინდეს სერვიტუტი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებმა არ გაითვალისწინეს, რომ, კანონის შესაბამისად, სერვიტუტის დადგენის შემთხვევაში სს «უ-ი» უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეებს სკ-ის 180-ე მუხლზე დაყრდნობით აღუდგათ ქ.თბილისში, ... მდებარე კორპუსთან მიმავალიმ, სს „უ-ის“ კუთვნილი საერთო გზით სარგებლობის უფლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „უ-მა“.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ზ-ის“, შპს „მ-ისა“ და შპს „ქ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ერისთავის ქ.¹2-ში მდებარე სს «უ-ის» ტერიტორიაზე შპს „ზ-ის“, შპს „მ-ისა“ და შპს „ქ-ის“ სასარგებლოდ დადგინდა სერვიტუტი იმგვარად, რომ მათ უფლება მიეცეთ ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლონ სს „უ-ის“ ტერიტორიით, კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში შეიყვანონ სატვირთო, სახანძრო, სასწრაფო ავტომანქანები, ხოლო შპს „მ-ს“ აღნიშნულის გარდა მიეცა უფლება გამოიყენოს სს «უ-ის“ ტერიტორია ქვეითად სასიარულოდ, ინდივიდუალური მეწარმეების _ ნ.მ-ელისა და ა.ქ-ვას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 247-ე მუხლზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ერისთავის ქ.¹2-ში მდებარე შენობა წარმოადგენს სს «უ-ის», შპს «ზ-ის, შპს «მ-ის», შპს «ქ-ის», ინდივიდუალური მეწარმეების _ ნ. მ-ელისა და ა. ქ-ვას საერთო საკუთრებას. ადგილზე დათვალიერების შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოხსენებულ პირებს აღნიშნულ შენობაში დამოუკიდებელი შესასვლელი გააჩნიათ, კერძოდ: ინდივიდუალურ მეწარმეებს _ ნ. მ-ელსა და ა. ქ-ვას _ ფასადის მხრიდან თავისი მიწის ნაკვეთის გავლით, შპს «ზ-სა» და შპს «ქ-ს» მარცხენა მხრიდან, შპს «მ-ს» _ მარჯვენა მხრიდან, სს «უ-ს» კი შენობის უკანა მხრიდან. ინდივიდუალური მეწარმეების _ ნ. მ-ელისა და ა. ქ-ვას კუთვნილ მიწის ნაკვეთებს მექანიზაციის ქუჩიდან კავშირი აქვთ საჯარო გზასთან, ამდენად, მათ საშუალება აქვთ ჯეროვნად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გამოიყენონ თავისი ნაკვეთი და შენობის ნაწილი. სასამართლოს მოსაზრებით, სს «უ-ის» ქონებაზე სერვიტუტის დადგენის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ მექანიზაციის ქუჩიდან მათ ნაკვეთზე მისასვლელად უფრო დიდი მანძილია გასავლელი, ვიდრე ერისთავის ქუჩიდან. პალატამ დაადგინა, რომ შპს «ზ-სა» და შპს «ქ-ს» აქვთ საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სს «უ-ის» ინიციატივით მოწყობილი კიბე, თუმცა სამანქანო გზა არ გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მესაკუთრეთა მიერ თავისი მიწის ნაკვეთისა და შენობის ნაწილის სათანადოდ გამოყენებისათვის სს «უ-ის» მიწის ნაკვეთი სერვიტუტით უნდა დაიტვირთოს იმდაგვარად, რომ ამ უკანასკნელმა აუცილებლობის შემთხვევაში გაატაროს თავის ნაკვეთზე სასწრაფო, სახანძრო და სატვირთო ავტომანქანები. რაც შეეხება მსუბუქ ავტომანქანებს, პალატამ მიიჩნია, რომ მათი გატარება მოსარჩელე ორგანიზაციების სათანადო ფუნქციონირებისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს და ამ საფუძვლით სს «უ-ის» საკუთრების უფლების შეზღუდვა გაუმართლებელია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ზ-მა“, შპს „მ-მა» და შპს „ქ-მა“, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და სერვიტუტის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დადგენა იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათ კუთვნილი შენობისაკენ მისასვლელი გზა მოესპოთ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ნ. მ-ელმა და ა. ქ-ვამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სადავო ტერიტორიაზე მათ საკუთრების უფლებით ეკუთვნით შენობის ნაწილი, ასევე 402 კვ.მ და 4363 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებითა და საკადასტრო რუკით. სს «უ-ის» ახალმა ხელმძღვანელობამ კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის რეგისტრაციისას არ გაითვალისწინა ინდივიდუალური საწარმოების მუშაკთათვის წლების განმავლობაში დადგენილი შენობამდე მიმსასვლელი გზა, რითაც მოსარჩელეებს საწარმომდე მისვლის შესაძლებლობა მოუსპო. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებს სადავო შენობებამდე მისასვლელი გზა გააჩნიათ მექანიზაციის ქუჩიდან. ფაქტობრივად კასატორებს გასასვლელი აქვთ მექანიზატორთა ჩიხიდან, რომელიც მხოლოდ მძიმე ტექნიკის გადაადგილებისათვისაა განკუთვნილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს და საწარმოს თანამშრომლებს ძირითად ქუჩამდე მისასვლელად 50 მეტრის ნაცვლად, 2000 მეტრის გავლა ესაჭიროებათ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ჯერ კიდევ შენობის შეძენისას მასთან მისასვლელი ცენტრალური თ.ერისთავის ქუჩიდან იყო, რამაც განაპირობა კასატორთა მიერ აღნიშნული უძრავი ნივთის შეძენა. სააპელაციო პალატამ დაარღვია სკ-ის 247-248-ე და 252-ე მუხლებით კასატორთათვის გარანტირებული სერვიტუტის დადგენის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ზ-ის», შპს «ქ-ის», შპს «მ-ის», ინდივიდუალური მეწარმეების _ ნ. მ-ელისა და ა. ქ-ვას საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
თუ საქმის გარემოებები სათანადოდ არ არის გამოკვლეული, სსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემული გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა გამოიხატება იმაში, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
კასატორები სასარჩელო განცხადებაში ითხოვდნენ რა ადრე არსებული საერთო სარგებლობის გზის აღდგენას, მათი მოსაზრებით, აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო სერვიტუტის გზით. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა სკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი გზის მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ და, შესაბამისად, დავის გადაწყვეტა აუცილებელი გზის დადგენით სადავოდ არ გაუხდიათ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სს «უ-მა», რომელიც სადავოს ხდიდა არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აუცილებელი გზის დადგენით დავის სამართლებრივ შეფასებას, არამედ სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასრულად გამორკვევას, რაც შესაძლებელი იყო ადგილზე დათვალიერებით. აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებდა საერთო სარგებლობის გზის არარსებობაზე. სააპელაციო სასამართლომ განიხილა რა სააპელაციო საჩივარი, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა მოსარჩელეთა მიერ სს «უ-ის» ტერიტორიით შეზღუდული სარგებლობის უფლება სკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული სერვიტუტის გზით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, არანაირი შეფასება არ მისცა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესს. აღსანიშნავია, რომ სკ-ის 180-ე მუხლით დაწესებულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაც გამოწვეულია სამეზობლო სამართლით დადგენილი სამეზობლო თმენის ვალდებულებით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება დამოკიდებულია არა მესაკუთრის სუბიექტურ ნებაზე, არამედ კანონის ნორმატიულ ნებაზე, რითაც იგი არსებითად განსხვავდება ამავე კოდექსით გათვალისწინებული სანივთო გარიგებებისაგან. ამდენად, აუცილებელი გზის დადგენა მხარეთა ნების არარსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლო წესით.
სერვიტუტისათვის, როგორც სანივთო გარიგებისათვის, აუცილებელია ნების ნამდვილობა, რაც გულისხმობს კონტრაჰენტთა ნების თავისუფალ გამოხატვას ამ გარიგების მარეგულირებელი ნორმების ფარგლებში. სანივთო გარიგებათა კანონის ნორმებით შეზღუდვა განასხვავებს სანივთო გარიგებას ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისას წარმოშობილი გარიგებებისაგან, რა დროსაც კერძო სამართლის სუბიექტები უზრუნველყოფილი არიან სახელშეკრულებო თავისუფლებით. ვალდებულებითი და სანივთო გარიგებს შორის ასეთი განსხვავების მიუხედავად, ორივე გარიგებისათვის დამახასიათებელია მხარეთა ნების გამოხატვის აუცილებლობა, რაც გამორიცხავს გარიგების დადების მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასამართლო წესით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სერვიტუტი, თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი გზით შეიძლება დადგინდეს, კერძოდ, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს, ხოლო სანივთო გარიგებას მხარეთა ნება, რომლის შინაარსი ძირითადად კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება.
სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენცია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებისას განისაზღვრება იმით, იურიდიულად სწორად შეაფასა თუ არა რაიონულმა სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ ისე გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და შეცვალა მხარეთა ურთიერთობის სამართლებრივი რეჟიმი, რომ არ უმსჯელია, კანონის თუ რა მოთხოვნა იყო დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და ასევე წინამდებარე განჩინებაში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, იყვნენ თუ არა თანახმა მხარეები სანივთო გარიგების დადებაზე.
მართალია, საკასაციო საჩივარი შემოტანილია მოსარჩელეთა მიერ და ისინი მოითხოვენ სერვიტუტის საფუძველზე მათი უფლებების დაცვას, მაგრამ საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სერვიტუტის ფარგლებში მათი კანონით დადგენილი უფლების რეალიზების საკითხზე. საკასაციო სასამართლო არ არის შეზღუდული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მხარეთა მიერ გამოთქმული სამართლებრივი მოსაზრებებით, ვინაიდან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაცია და სამართლის ნორმის გამოყენება სასამართლოს პრეროგატივაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებათა ზუსტად, ამომწურავად გამოკვლევისა და ანალიზის შემდეგ უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ზ-ის“, შპს „მ-ის“, შპს „ქ-ის“, ინდივიდუალური მეწარმეების _ ა. ქ-ვასა და ნ. მ-ელის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.