გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1127-1374-05 27 აპრილი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჩ-შვილმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში აღძრა სარჩელი შპს „გ-ის“ დამფუძნებელი პარტნიორების მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „გ-ი“ დაფუძნდა ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის შენების მიზნით. პარტნიორთა შეთანხმების მიხედვით, მოსარჩელეს საერთო ხარჯების (თანხის) 20% უნდა გაეღო და, შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში მისი წილი 20%-ით უნდა განსაზღვრულიყო. თავდაპირველად საწესდებო კაპიტალი 2000 ლარით განისაზღვრა. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა გაზრდილიყო საწარმოს საქმიანობის პროცესში პარტნიორთა მიერ დამატებითი შენატანების განხორციელების გზით. საწყის ეტაპზე დამატებითი შენატანები საწარმოს საწესდებო კაპიტალში სწორედ მოპასუხეებმა განახორციელეს, რომლითაც ჩატარდა საწარმოს პირველადი სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოები. შემდგომში მოპასუხეებმა მიზანმიმართულად და ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების, გაწეული დანახარჯების და, შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობა (ამავდროულად შპს-ს საქმიანობის დაწყებისთანავე მოპასუხეები მოსარჩელეს არ აძლევდნენ საშუალებას, გაცნობოდა ნაწარმოები სამუშაოების დოკუმენტაციას და ყოველმხრივ ზღუდავდნენ მისი მხრიდან კონტროლის უფლებას).
მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულის საფუძველზე მოპასუხეებმა მოსარჩელეს საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეთანხმებული 20% წილის მისაღებად 175229 აშშ დოლარის (რაც იმ დროისათვის 350720 ლარს შეადგენდა) შეტანა მოსთხოვეს, რაც მათი თქმითა და გაანგარიშებით განხორციელებული საერთო შენატანის 1753600 ლარის 20% იყო.
რადგან მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული საწარმოში რეალურად განხორციელებული შენატანების თაობაზე მოპასუხეთა მხრიდან, მან 2000წ. 5 ივნისიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში შპს „გ-ის“ ანგარიშზე შეიტანა თანხა, რომელიც მოპასუხეებმა მოსთხოვეს თავისი წილის გასაზრდელად.
თანხის შეტანის ერთადერთ მიზანს მოსარჩელისათვის წარმოადგენდა შენატანის განხორციელება საწესდებო კაპიტალში და შესაბამისი წილის მიღება, მაგრამ, როგორც გაირკვა, მისი შენატანი, როგორც საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შენატანი, საერთოდ არ ასახულა საწარმოს საფინანსო დოკუმენტაციაში, პირიქით, 2001წ. 21 მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ჩ-შვილს საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილი შეუმცირდა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანის პროპორციულად გაზრდილიყო. გაირკვა, რომ საწესდებო კაპიტალში ვ. ჩ-შვილის წილი არ გაზრდილა და თანაც პარტნიორები წინააღმდეგი იყვნენ, ვ. ჩ-შვილისათვის დაებრუნებინათ კუთვნილი შენატანი და დივიდენდები.
მოსარჩელის მითითებით, მარცვლეულის დამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 1998-99 წლებში მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება ძირითადად თურქული მხარის მიერ იქნა დაფარული. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 1845595 ლარი შეადგინა. აქედან მოპასუხეთა შენატანმა – 1753600 ლარი, ხოლო ვ. ჩ-შვილის შენატანმა – 92295 ლარი. აუდიტორული შემოწმების საფუძველზე დადგინდა, რომ მოპასუხეთა შენატანმა 728512 ლარი, ხოლო მოსარჩელის შენატანმა – 175229 აშშ დოლარი, ანუ 343449 ლარი შეადგინა, რაც, შესაბამისად, საერთო შენატანი თანხის 32%-ს შეადგენს. მოსარჩელისა და მისი რწმუნებულის განმარტებით, ამ თანხის (343449 ლარი) შეტანას სამართლებრივი საფუძველი, მართალია, არ ჰქონდა, მაგრამ მოსარჩელეს ეგონა, რომ შენატანს იგი ახორციელებდა შპს „გ-ში“ მისი წილის სანაცვლოდ ე.ი. მას უსაფუძვლოდ ეგონა, რომ თანხის შეტანით მისი წილი შპს „გ-ში“ გაიზრდებოდა. საწარმოში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „გ-ში“ განხორციელებული შენატანი შეადგენს არა 1753600 ლარს, არამედ 728512 ლარს, მათ შორის, რ. ე-ჩის შენატანი შეადგენს 45250 ლარს, ო. სარის – 10600 ლარს, ნ. ს-რის – 433745 ლარს, ა. ი-ლის – 94102 ლარს, ზ. ი-ლის – 114815 ლარს. სწორედ ეს არის ის თანხა, რაც მთლიანად გაიღეს პარტნიორებმა და, შესაბამისად, ამ თანხიდან მიიღეს სარგებელი – 343449 ლარი. ვ. ჩ-შვილის შენატანი შეადგენს ამ თანხის 32%-ს.
საწარმოს საფინანსო დოკუმენტაციით 1 ტონა ხორბლის პროცენტული გამოსავლიანობის ამგვარი დამახინჯებითმოპასუხეები ღებულობდნენ დიდ მოგებას. უსაფუძვლოდ მიღებული თანხის გამოყენების შედეგად მოპასუხეებმა მიიღეს ყოველწლიური მოგება 2000 წელს – 49032 ლარი, 2001 წელს – 138255 ლარი, 2002 წელს – 77983 ლარი, 2003 წელს – 50120 ლარი, სულ ჩ-შვილის თანხის გამოყენებით მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 315390 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო ჯამში მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადონ – 1) უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავალი – 343449 ლარი (ეს არის თანხა, რომელიც ვ. ჩ-შვილის მიერ იქნა შეტანილი); 2) აღნიშნული შემოსავლით მიღებული სარგებელი – 315390 ლარი; 3) ის დამატებითი სარგებელი, რომელიც მიღებული იქნებოდა მეურნეობის სათანადო გაძღოლის შედეგად – 392312 ლარი (აქ შედის ბოლქვაძეზე გაცემული თანხა); 4) საპროცენტო დანარიცხი – 443049 ლარი, ასევე, მოპასუხეები ვალდებული არიან, მოსარჩელეს აუნაზღაურონ 1999 წელს მიღებული მოგება 6388 ლარის ოდენობით. ამდენად, საერთო ჯამში მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 1500588 ლარი.
საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის ვ. ჩ-შვილის სასარგებლოდ სოლიდარულად 1500588 ლარის დაკისრება და ასევე მოპასუხეებზე: პ. ს-ჯზე, რ. ე-ჩიზე, ო. ს-ზე, ნ. ს-ზე, ა. ი-ლზე, ზ. ი-ზე შპს „გ-ის“ სასარგებლოდ 5038201 ლარის დაკისრება.
მოპასუხეთა წარმომადგენელმა პ. ლ-ძემ და ზ. ჯ-შვილმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ იგი არის უსაფუძვლო და დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას. მათი განმარტებით: ძირითადი არგუმენტი, რასაც მხარე საფუძვლად უდებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, ეს არის 2004წ. 7 ივნისის აუდიტორული დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ 1843895 ლარის ინვესტიცია საწარმოში ნამდვილად განხორციელდა. საქმ-ა ასევე იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ შედგენილი დასკვნა, სადაც ასევე დაფიქსირებულია, რომ დამფუძნებლების მიერ განხორციელებულია 1843895 ლარის ინვესტიცია (იგივე იქნა შემდგომში დადასტურებული სასამართლოს განაჩენით). რაც შეეხება მოსარჩელის მიერ დასახელებულ ინვესტიციებს, საწესდებო კაპიტალში ერთ შემთხვევაში მის მიერ შეტანილ იქნა 92295 ლარი, რასაც მოპასუხე მხარე არ უარყოფს, ხოლო მის მიერ დამატებით 343449 ლარის შეტანას მოპასუხეები არ ადასტურებენ. სალაროს ქვითრებში, რითაც მოსარჩელე ამ მოთხოვნის დადასტურებას ცდილობს, არსად წერია, რომ იგი შენატანს წარმოადგენს. გარდა ამისა, 2000წ. 12 დეკემბრისა და 17 ოქტომბრის ქვითრებზე არსად არ ფიგურირებს შპს „გ-ი“, როგორც ამ თანხის მიმღები. აქედან გამომდინარე, არანაირი შეხება აღნიშნულ თანხებს საწარმოსთან არ ჰქონია. რაც შეეხება 5 ივნისისა და 29 სექტემბრის ორ ქვითარს, მართალია, ამ ქვითრებით თანხა უშუალოდ ვ. ჩ-შვილის მიერ იქნა შეტანილი, მაგრამ არა როგორც შენატანი საწესდებო კაპიტალში, არამედ როგორც ამონაგები რეალიზაციიდან, რომელიც მან საწარმოს ანგარიშზე შეიტანა. ამ გარემოებას მოპასუხე მხარე ადასტურებს იმავე 2002წ. 13 სექტემბრის კრების ოქმით, სადაც დაფიქსირებულია მხოლოდ 92295 ლარი და სხვა თანხები არ ფიგურირებს. აღნიშნული კრების ოქმი მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია ანუ დაეთანხმა იმას, რაც პარტნიორთა კრების ოქმით დაფიქსირდა. მოპასუხის მითითებით, საქმ-ა საწარმო „გ-ის“ 2001წ. 25 დეკემბრის შემოწმების აქტი და არანაირ შემოსავლის დამალვაზე იქ საუბარი არ არის ანუ მოსარჩელის ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სასარგებლოდ ჰ. ს-ჯს, რ. ე-ჩის, ო. ს-ს, ნ. ს-ქის, ა. ი-ლს, ზ. ი-ლს, შპს „გ-ს“ დაეკისრათ 1 494 200 ლარის გადახდა. ჰ. ს-ჯს, რ. ე-ჩის, ო. ს-ს, ნ. ს-ქის, ა. ი-ლს, ზ. ი-ლს შპს „გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 1225974 ლარის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „გ-ის“, ჰ. ს-ჯის, რ. ე-ჩისა და სხვათა წარმომადგენლებმა ზ.ჯ-შვილმა და პ.ლ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 1 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ვ. ჩ-შვილის სარჩელი სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია უსაფუძვლოდ, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს ერთი სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კოლეგიამ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ფულადი სახის შესრულება შპს „გ-ის“ სასარგებლოდ. კოლეგიამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი ქვითრების მიხედვით განხორციელებული უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაცია მიეკუთვნება საგადასახადო დავალებით ანგარიშსწორების ფორმას, რაც წარმოადგენს მოპასუხე ბანკისადმი ორგანიზაციის დავალებას მისი ანგარიშიდან განსაზღვრული თანხის გადარიცხვის შესახებ.
საანგარიშსწორებო საბუთების გაფორმების წესის შესაბამისად (მუხლი II) დადგენილია, რომ საანგარიშსწორებო საბუთები უნდა პასუხობდეს მოქმედი სტანდარტების პირობებს, მათ შორის, იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს (მუხლი II, ნაწილი I, პუნქტი მე-4) მითითება გადახდის დანიშნულების შესახებ.
2005წ. 5 ივლისისა და 29 სექტემბრის შემოსავლის ორდერების მიხედვით, არც ერთ მათგანზე გრაფაში „დანიშნულება“ არ არის აღნიშნული, თუ რა დანიშნულებით განახორციელა ვ. ჩ-შვილმა საბანკო ოპერაცია.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ სადავო-სამართლებრივ ურთიერთობაში ფულადი სახით შესრულების ნამდვილობა ვერ დასტურდება. მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლის – სკ-ის 977-ე მუხლის კვალიფიკაცია სახეზე არ არის, ანუ სახეზე არ არსებობს სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ხარჯზე გამდიდრების არსებობის ფაქტი, რის გამოც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოდ გამდიდრების ობიექტის უკან დაბრუნების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია. ასევე, შპს „გ-ი“, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს, სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხე მხარე არ არის. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა საზოგადოების პარტნიორთა მიმართ სკ-ის 977-ე მუხლის საფუძველზე უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების შესახებ აღძრულია არასათანადო მხარის მიმართ.
ასევე, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა მეურნეობის არასათანადოდ გაძღოლის შედეგად შპს «გ-ისთვის“ რაიმე სარგებლის მიღების შესაძლებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ვ. ჩ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. მას მიაჩნია, რომ სასამართლო ზუსტად ვერ გაერკვა სამართლებრივი ურთიერთობის – უსაფუძვლო გამდიდრების არსში და საკითხის გადაწყვეტისას ქვეცნობიერად იხელმძღვანელა მისთვის უფრო ნაცნობი კორპორაციული ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებით. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც ითხოვს მის გაუქმებას მთლიანად და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
შპს „გ-ის“, ასევე პარტნიორების ო. ს-ს, ა. ი-ლის, ჰ. ს-ჯის, ზ. ი-ლის, რ. ე-ჩისა და ნ. ს-ქის წარმომადგენელმა ზ. ჯ-შვილმა შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მოპასუხეთა სასარგებლოდ ვ. ჩ-შვილისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარის გადახდის დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრებს და თვლის, რომ ვ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასებულია აღნიშნულ ნორმათა დარღვევით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასმართლო მსჯელობს სალაროს შემოსავლის ორდერების თაობაზე. კოლეგიის მითითებით, სალაროს შემოსავლის 5 ორდერიდან 17, 18 ოქტომბრის და 12 დეკემბრის ორდერებში არსად არ ფიგურირებს შპს «გ-ი», როგორც შემოსავლის მიმღები მხარე. აღნიშნული მითითება სასამართლოს მიერ გამოყენებულია სასარჩელო მოთხოვნის უარყოფისათვის ერთ-ერთ არგუმენტად. პალატა მიიჩნევს, რომ 2000წ. 17 და 18 ოქტომბრის ორდერების მიმართ კოლეგიის მოსაზრება საფუძვლიანაია, მაგრამ რაც შეეხება 12 დეკემბერს განხორციელებულ გადარიცხვას, მისი მიმღებია ა. ი-ლი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა. ი-ლის მიმართ მოთხოვნა მხარეს არ დაუყენებია. ა. ი-ლი მოცემულ დავაში მოპასუხეა და სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს მის მიმართ არსებული მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
საქმეში წარმოდგენილი 2000წ. 5 ივლისისა და 29 სექტემბრის შემოსავლის ორდერები კოლეგიის მიერ არ იქნა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებად იმ საფუძვლით, რომ შემოსავლის ორდერებში გრაფაში «დანიშნულება» არ არის აღნიშნული, თუ რა დანიშნულებით განახორციელა ვ. ჩ-შვილმა საბანკო ოპერაცია _ როგორც შპს «გ-ის» წარმომადგენელმა, თუ, როგორც მან განმარტა, პარტნიორებთან შეთანხმებით მან თანხა გადარიცხა ხორბლის ფქვილის შესაძენად, რის შემდეგაც ამ თანხებით პროპორციულად გაიზრდებოდა მისი წილი 32%-ით. ის გარემოება, რომ აღნიშნული ორდერებით თანხა მიიღო შპს «გ-მა», სადავო არ არის. ასეთ შემთხვევაში, სწორედ სასამართლოს უნდა დაედგინა თუ რა მიზანს ისახავდა ვ.ჩ-შვილის მიერ მითითებული თანხის გადარიცხვა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად. აღნიშნული ნორმის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ვ.ჩ-შვილი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ადასტურებს, რომ თანხა გადარიცხა შპს «გ-ის» ანგარიშზე. დანიშნულება ორდერის მეშვეობით არ დგინდება. ასეთ დროს მოპასუხემ უნდა დაადასტუროს თავისი შესაგებელი ანუ ის გარემოება, რომ ვ.ჩ-შვილი აღნიშნული გადარიცხვის შესრულებისას მოქმედებდა როგორც საზოგადოების დირექტორი, რაც თავისთავად გამორიცხავს საზოგადოების უსაფუძვლო გამდიდრების საკითხს. უნდა დადასტურდეს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებას გარკვეული სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული ჰქონდა ეს თანხები.
კოლეგიის აზრით, სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში უსაფუძვლო გამდიდრებაა ე.ი. კონდიქციური ვალდებულების საფუძველი სახეზე არ არის. ასევე სახეზე არ არის უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონების დაბრუნების ვალდებულება მიმღები პირის ბრალით. პალატა თვლის, ზემოთ მითითებულ გარემოებათა დადგენის გარეშე შეუძლებელია მსჯელობა იმის თაობაზე, აქვს თუ არა კონდიქციურ ვალდებულებას ადგილი მოცემულ შემთხვევაში, ასევე, შეუძლებელია გაკეთდეს დასკვნა მიმღები პირის ბრალეულობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება შეგებებულ საკასაციო საჩივარს, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი და საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული სასამართოლოს მიერ, მხარეთა მიერ გაღებული ხარჯების გადანაწილება მოხდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რის გამოც პალატა შეუძლებლად მიიჩნევს შეგებებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს «გ-ის», ო. ს-ს, ა. ი-ლის, ჰ. ს-ჯის, ზ. ი-ლის, რ. ე-ჩისა და ნ. ს-ქის წარმომადგენელ ზ. ჯ-შვილის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო და საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.