გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1151-1396-05 30 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ტ-იანმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სპს „კ. დ-ის“ მიმართ და მოითხოვა 2004წ. 1 იანვრის მათ შორის დადებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ბათილად ცნობა, როგორც შეცდომით და მოტყუებით დადებული გარიგებისა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ ისარგებლა იურიდიულ საკითხებში მისი გაუთვითცნობიერებულობით, მოტყუებით შეაპარა ხელშეკრულებაში პუნქტი 3.3, სადაც აღინიშნა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებულ იქნა ბოროტმოქმედი, დაცვა თავისუფლდება გადასახადისაგან და „დამკვეთი ვალდებულებას კისრულობს მიმართოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც აწარმოებს ძიებას“. მაღაზიის გაქურდვის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ნაწილში მას სურდა, დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც საკუთარი ხელმოწერით გამოთქვა თანხმობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ზემოთ დასახელებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ბათილად ცნობა, როგორც მისი მხრიდან შეცდომით და ამავე დროს, მოპასუხის მხრიდან მოტყუებით დადებული შეთანხმება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მ. ტ-იანი სრულწლოვანი და ქმედუნარიანია, გაუგებარია რაში გამოიხატა მისი მხრიდან მოტყუება მაშინ, როცა ტ-იანი პირადად გაეცნო ხელშეკრულების პირობებს, მისი შეწყვეტის წესსა და ვადას, რაც მას ხელმოწერით აქვს დადასტურებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ტ-იანის სარჩელი ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ,როგორც მოტყუებით დადებული დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს «კ. დ-მა“ მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოტყუება იმაში გამოიხატა, რომ ხელშეკრულების ამ პუნქტში შეგნებულადაა გამოყენებული სიტყვა „ბოროტმოქმედი“, რითაც ობიექტის ყოველდღიურად 23 საათიდან 7 საათამდე დაცვის ვალდებულების აღებით ხელშეკრულების გაფორმებისას ფორმალურად მაღაზია გარანტირებულია ხელყოფისაგან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით სპს „კ. დ-ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება. მოსარჩელე მ.ტ-იანს უარი ეთქვა სარჩელში ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ კ. დ-ის «შემსრულებლის» მხრიდან რაიმე მოტყუებას ადგილი არ ჰქონია, რადგან ხელშეკრულების 3.3 პუნქტის დადებისას მხარეებმა ნებაყოფლობით პირდაპირ გაითვალისწინეს, თუ რა შემთხვევაში თავისუფლდება «შემსრულებელი» ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ტ-იანმა. კასატორმა მიუთითა, რომ მან სწორედ იმიტომ დადო სპს „კ. დ-თან“ სადავო ხელშეკრულება მთელი ღამის განმავლობაში მაღაზიის დაცვაზე, რომ მაღაზია არ გაქურდულიყო და ამდენად, დაცული ყოფილიყო მატერიალური ზიანისაგან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და დგაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იქნა, რომ მ. ტ-იანსა და სპს „კ. დ-ს“ შორის 2004წ. 1 იანვარს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სპს „კ. დ-ი“ იღებს ვალდებულებას, განახორციელოს ქ.ბათუმში ... მდებარე ობიექტის დაცვა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2004წ. 13 აგვისტოს ... ქ. ¹41/43-ში მდებარე ობიექტი ღამის საათებში გაიქურდა, საიდანაც გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა გ.ქ-ძე, რომელსაც შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მ.ტ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზარალის ანაზღაურება 16210 ლარის ოდენობით.
მ.ტ-იანი ითხოვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ბათილად ცნობას, რომლის თანახმად „იმ შემთხვევაში თუ „შემსრულებლის ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებულ იქნა ბოროტმოქმედი, დაცვა თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან და დამკვეთი ვალდებულია, რომ მიმართოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც აწარმოებს ძიებას“.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ, აღნიშნული პუნქტი დადებულია მოტყუებით. იგი ვარაუდობდა, რომ „შემსრულებელი“ ობიექტის გაქურდვის შემთხვევაში აუნაზღაურებდა მას ზარალს, ხოლო ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან „შემსრულებელი“ განთავისუფლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბოროტმოქმედები დაკავებული იქნებოდნენ შემთხვევის ადგილას და მათ იქვე ჩამოერთმეოდათ ნაქურდალი ნივთები.
არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების 3.3 პუნქტი დადებული იყო მოტყუებით.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება, კერძოდ, კასატორი ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც დასტურდება მოტყუების ფაქტი და რაც არ შეაფასა ან არასათანადოთ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
არ შეიძლება ასევე გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 395-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, დაუშვებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება მოვალის მიერ განზრახი მოქმედებით ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურებისაგან მისი განთავისუფლების შესახებ. განსახილველი ნორმით გათვალისწინებულია ის შემთხვევა, როდესაც წინასწარი შეთანხმებით მოვალე (შეთანხმების მხარე) თავისუფლდება მის მიერ განზრახი მოქმედებით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სპს „კ. დ-ის“ განზრახვით კასატორს ზიანი არ მიდგომია. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონდა ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ შეთანხმებით უარის თქმას (სკ-ის 410-ე მუხლი). ხელშეკრულების 3.3 პუნქტიდან არ გამომდინარეობს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე კასატორი უარს აცხადებს. ამ ნორმის თანახმად, დანაშაულის სუბიექტის დაკავების შემთხვევაში სპს „კ. დ-ი“ თავისუფლდებოდა ზიანის ანაზღაურებისაგან. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო სკ-ის 338-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებაში არსებული ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების არსებობის დროს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ამასთან ერთად კასატორი უთითებს ხელშეკრულების 2.7 და 3.2 პუნქტებზე, რომლის თანახმად სპს „კ. დ-ის“ მიერ ობიექტის დაცვა ხორციელდებოდა ყოველდღიურად 23 საათიდან 7 საათამდე, ხოლო ობიექტის გაქურდვის შემთხვევაში კისრულობდა ზიანის ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა გამორიცხავს ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების 2.7. და 3.2 პუნქტებსა და სადავო პუნქტს შორის ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების არსებობის დადგენას. კასატორი უთითებს, რომ აღნიშნული პუნქტი დადებულია მოტყუებით და ამ საფუძვლით ითხოვს მისი ბათილად ცნობას. აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს ამ პუნქტის უკანონობას და ამდენად, მისი გამოყენების დაუშვებლობას. ამდენად, კასატორის მოსაზრება უსაფუძვლოა იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა მხედველობაში მიეღო სკ-ის 338-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც მხარეთა გამონათქვამები ბუნდოვანია ან მათ შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა მნიშვნელობა და არა იმ შემთხვევებს, როდესაც გარიგება არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს. სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
კასატორს (მოსარჩელეს) არ აქვს აღძრული მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. იგი არ ითხოვს მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურებას, არამედ ითხოვს სადავო პუნქტის ბათილად ცნობას. უნდა აღინიშნოს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში შესაძლებელია დაირღვეს მოსარჩელის უფლება, რომლის დასაცავად მას გააჩნია იურიდიული ინტერესი, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლება დაირღვა მოსარჩელეს შეუძლია აღძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, და ამდენად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ტ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.