გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-11-463-06 18 სექტემბერი, 2006 წ.
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში), სანოტარო აქტის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ს. დ-იანმა 2004წ. ნოემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. დ-აძის მიმართ და მოითხოვა ქ.ქობულეთში, ... მდებარე, მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხის გამოსახლება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით მასზე ირიცხება. აღნიშნული ბინა უკანონოდ დაიკავა მოპასუხე ნ. დ-აძემ, რომელიც მისი თხოვნის მიუხედავად ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ბინას, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მას უფლება აქვს, არ დაუშვას თავისი ქონებით სარგებლობა სხვა პირთა მიერ.
ნ. დ-აძემ 2005წ. თებერვალში შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა სადავო ბინის პრივატიზაციის ¹1-4386 სანოტარო აქტის ბათილად ცნობა. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, ს. დ-იანი 2002წ. სექტემბრამდე ცხოვრობდა მის მეზობლად. იგი ნათესავებმა სხვაგან გადაიყვანეს საცხოვრებლად. ს. დ-იანთან ზეპირი შეთანხმების თანახმად, ს.დ-იანი მას დაუთმობდა საცხოვრებელ ბინას, თუ სანაცვლოდ ნ.დ-აძე გადაუხდიდა 150 აშშ დოლარს. ნ. დ-აძის მითითებით, ს. დ-იანმა 2002წ. სექტემბერში შეწყვიტა საკუთარი მფლობელობის უფლება ამ ბინაზე, მაშინ როდესაც ბინა პრივატიზირებული არ იყო. ს. დ-იანს სკ-ის 156-ე და 160-ე მუხლების თანახმად აღარ აქვს უფლება, მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ამასთან, მან ბინაში ჩაატარა 200 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები. მისი მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტი ბინის პრივატიზირების შესახებ უკანონოა იმ საფუძვლით, რომ ქონების პრივატიზაციის წესით კერძო პირზე გადაცემისათვის, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლისა და «მეწარმეთა შესახებ» კანონის 47.3 მუხლის თანახმად, შპს «ს. მ-ეს» სჭირდებოდა პარტნიორის წერილობითი ნებართვა ან საერთო კრების სანოტარო წესით დამოწმებული საოქმო ამონაწერი, რაც მის მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, პრივატიზების ხელშეკრულების დადებისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლის მოთხოვნები. ამ ნორმების თანახმად, შპს «ს. მ-ესა» და ს. დ-იანს შორის გარიგების დასადებად საჭირო იყო მისი წერილობითი თანხმობა. ადმინისტრაციული გარიგების ძალაში შესვლა კი საჭიროებდა ქობულეთის გამგეობის წერილობით თანხმობას, რაც ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით ს. დ-იანის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის სანოტარო კანტორის ¹1-4385 სანოტარო აქტი სადავო ბინის პრივატიზაციის შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. დ-იანმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. დ-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ს. დ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ნ. დ-აძის შეგებებული სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქობულეთის ნოტარიუსის ¹1-4385 სანოტარო აქტი ქ.ქობულეთში, ... მდებარე ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულების შესახებ. საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის მონაცემებში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქობულეთში, ... მდებარე სადავო ბინა 2004წ. 26 მარტიდან საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა შპს «ს. მ-ეს», რომელმაც 2004წ. 31 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულებით მის საკუთრებაში არსებული ბინა გადასცა ს. დ-იანს. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 1 თებერვლის «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ» ¹107 დადგენილების თანახმად, მიიჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში შპს «ს. მ-ეს» არ შეეძლო პრივატიზაცია განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე, რის გამოც პრივატიზაციის ხელშეკრულება ჩათვალა ბათილად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. დ-იანმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, შეგებებული სარჩელის წარმომდგენი სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს სადავო ბინაზე საკუთრების უფლებას, მაშინ როცა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია მისი საკუთრების უფლება 18 კვ. მ ფართის სადავო საცხოვრებელ ბინაზე. მან სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით შეგებებული სარჩელის შემომტანის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის შესახებ, მაგრამ სასამართლომ აღნიშნულზე ყურადღება არ გაამახვილა. კასატორის მითითებით, იგი მუშაობდა შპს «ს. მ-ეში», რომლის მიერ საცხოვრებლად გამოეყო 18 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობს 1972 წლიდან, 2004 წელს გამგეობისა და შპს «ს. მ-ის» დირექტორის თანხმობით სადავო ბინაზე მიეცა პრივატიზაციის უფლება და შესაბამისად, 2004წ. 31 აგვისტოს შედგენილი იქნა სანოტარო აქტი ბინის პრივატიზაციის შესახებ და იგი აღირიცხა საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრედ. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შპს «ს. მ-ის» წილის 100%-იანი მფლობელია ქ.ქობულეთის გამგეობა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს და საცხოვრებელი ბინის გადაცემის სრული უფლება ჰქონდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. დ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ.ქობულეთში, ... მდებარე 18 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე შპს «ს. მ-ემ» საკუთრებაში გადასცა ს. დ-იანს; ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ს. დ-იანის სახელზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ» პრივატიზაციას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები, შპს «ს. მ-ეს» არ შეეძლო პრივატიზაცია განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ შპს «ს. მ-ის» წესდებაში მითითებას იმის შესახებ, რომ ამ საზოგადოების ერთადერთი დამფუძნებელია სახელმწიფო, ქობულეთის გამგეობის სახით და მას ეკუთვნის საწესდებო კაპიტალში 100%-იანი წილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ ამ ფაქტობრივი გარემოების გამორკვევის შემდეგ უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს, კანონიერად განხორციელდა თუ არა შპს «ს. მ-ის» მიერ ბინის პრივატიზაცია ს. დ-იანის სახელზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი. სსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად. კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. დ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.