დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-118-454-05 11 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-ე და დ. ხ-ე 1995 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, 1995წ. 8 დეკემბერს მათ შეეძინათ შვილი ნ. მ-ე. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით მათ შორის შეწყდა ქორწინების რეგისტრაცია.
ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. ხ-ის მიმართ, ბავშვზე მზრუნველობის მინიჭების თაობაზე; მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2003წ. 14 აპრილს მას და დ. ხ-ეს შორის შეწყდა ქორწინების რეგისტრაცია. 2003წ. ნოემბერში დ.ხ-ე დაქორწინდა გერმანელ მოქალაქეზე მ. ა. დ-ზე. მოსარჩელის განმარტებით, დ.ხ-ემ გადაწყვიტა სამუდამოდ საცხოვრებლად გადასულიყო გერმანიაში და შვილი ნ. მ-ე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წაეყვანა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნ. მ-ე და მოითხოვა შვილზე, ნ. მ-ეზე მზრუნველობის მინიჭება. მან ასევე მოითხოვა შვილი, ნ. მ-ე აღსაზრდელად გადაეცეს მას.
დ. ხ-ემ აღძრა შეგებებული სარჩელი მოპასუხე ნ.მ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა მის სრულწლოვანებამდე, ასევე მოითხოვა ბავშვის საქართველოდან გერმანიაში დროებით საცხოვრებლად წაყვანის ნებართვის მიცემა.
დ. ხ-ემ შეგებებული სარჩელი იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხე ნ. მ-ე განქორწინებიდან უარს აცხადებს შვილის _ ნ. მ-ის მოვლა-მზრუნველობაზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2003 წელს იქორწინა გერმანიის მოქალაქეზე მ. დ-ზე, რომელსაც ყოველთვიური შემოსავალი აქვს 3100 ევრო. აღნიშნულიდან გამომდინარე კი შეექმნა შესაძლებლობა, რომ მისმა შვილმა ნ. მ-ემ მიიღოს საზღვარგარეთ სრულფასოვანი განათლება, რასაც მოსარჩელის განმარტებით ეწინააღმდეგება მოპასუხე ნ.მ-ე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი უზრუნველყოფს წელიწადში ორჯერ არდადეგების მთელი პერიოდის განმავლობაში თავისი ხარჯებით ჩამოიყვანოს ბავშვი საქართველოში.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე ნ. მ-ეს მცირეწლოვანი შვილის ნ. მ-ის სანახავად დაუწესდა შემდეგი დღეები: ყოველი კვირის შაბათი და კვირა და არდადეგების ნახევარი. ხოლო ბავშვზე მზრუნველობის მინიჭების, აღსაზრდელად ბავშვის გადაცემის და შვილის ნახვის სხვა დღეების დაწესების შესახებ ეთქვა უარი.
დ. ხ-ის შეგებებული სარჩელი ნ. მ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ. მ-ეს დ. ხ-ის სასარგებლოდ ნ. მ-ის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 250 ლარის ოდენობით 2004წ. 26 მარტიდან. მოსარჩელე დ. ხ-ის მოთხოვნას ნ. მ-ის თანხმობის გარეშე მცირეწლოვანი შვილის ნ. მ-ის გერმანიაში დროებით გაყვანის უფლების მისთვის მინიჭების შესახებ ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა მცირეწლოვანი შვილის _ ნ. მ-ის აღსაზრდელად მისთვის გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის შემდეგ ნ. მ-ე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საცხოვრებლად დარჩა დ.ხ-ესთან, მისი დედის საცხოვრებელ ბინაში. დ.ხ-ეს აქვს გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი პირობები ნ.მ-ესთან შედარებით, ამავე დროს ბავშვი არის 8 წ. და მისი დედასთან ცხოვრება უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლომ.
სკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
ნ.მანჯგალაძის მოთხოვნა ბავშვის ნახვის დღეების დადგენის შესახებ სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა; ნ. მ-ეს განესაზღვრა ბავშვის ნახვის და წაყვანის უფლება შაბათს და კვირას, ასევე უფლება არდადეგების ნახევარი მასთან გაატაროს.
სასამართლომ მიუთითა, რომ დ. ხ-ემ ნ. მ-ის გერმანიაში დროებითი გაყვანის უფლების მინიჭება მოითხოვა იმ მოტივით, რომ იგი ამჟამად გერმანიის მოქალაქის მეუღლეა, საცხოვრებლად მიემგზავრება ქ.ნიუმბერგში, სადაც სურს მიიყვანოს შვილი ქართულ სკოლაში და მიაღებინოს სრულფასოვანი განათლება, განქორწინების დღიდან ნ. მ-ეს უარს აცხადებს ბავშვის მოვლა-პატრონობაზე, ხელს უშლის სასწავლებლად შვილის გერმანიაში გაყვანაზე, რითაც ხელყოფს ბაშვის მომავალი განვითარების ინტერესებს და მშობლის უფლებებს იყენებს შვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რისი უფლებაც მას არ გააჩნია სკ-ის 1198-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ განქორწინების მომენტიდან ნ. მ-ე შვილის რჩენისათვის გარკვეულ თანხას უხდიდა ყოფილ მეუღლეს, სისტემატიურად მიჰყავდა შვილი თავის საცხოვრებელ სახლში, ასევე დადგენილი იქნა, რომ ნ. მ-ეს მამასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და რაიმე პრეტენზია, რომ მამა ცუდ ზეგავლენას ახდენს ან ცუდად ექცევა შვილს, დ.ხ-ეს არ გამოუთქვამს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ. მ-ე კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მისი შვილი გაყვანილ იქნეს გერმანიაში სასწავლებლად და ცხოვრობდეს სხვა ოჯახში, მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებად ვერ ჩაითვლება. მამის აზრით, ბავშვის გაყვანა არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. ამ მუხლიდან გამომდინარეობს, რომ არც ერთ მშობელს არა აქვს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს შვილის აღზრდასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი; მით უფრო, როცა საქმე ეხება იმ საკითხის გადაწყვეტას, რომ ბავშვი გარკვეული პერიოდით გაიგზავნოს საზღვარგარეთ; ეს მშობელთა გადასაწყვეტია და აუცილებლად ურთიერთშეთანხმებით. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა გაეწიოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციას, რომლის დასკვნა წარმოდგენილია საქმეში. დასკვნის მიხედვით, ნ. მ-ის საზღვარგარეთ გარკვეული პერიოდით გაყვანა რეკომენდირებული არ არის, რადგან იგი ვერ შესძლებს მჭიდრო ურთიერთობას მამასთან, რაც აუცილებელია ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ხ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სარჩელი მცირეწლოვანი შვილის _ 1995წ. 8 დეკემბერს დაბადებული ნ. მ-ის აღსაზრდელად მისთვის გადაცემის თაობაზე. მცირეწლოვანი ნ. მ-ე აღსაზრდელად დარჩა დედას - დ. ხ-ეს.
დაკმაყოფილდა დ. ხ-ეს შეგებებული სარჩელი და ნება დაერთო დ. ხ-ეს, წაიყვანოს თავისი მცირეწლოვანი შვილი – 19... წ. 8 დეკემბერს დაბადებული ნ. მ-ე გერმანიაში, ქ.ნიუმბერგში, საცხოვრებლად.
ნ. მ-ეს მცირეწლოვანი შვილის ნ. მ-ის ურთიერთობისათვის განესაზღვრა სასწავლო წ. ზამთარსა და ზაფხულში გერმანიაში დაწესებული არდადეგების მთელი პერიოდი, მცირეწლოვანი ნ. მანჯგალაძის საქართველოში, ნ. მ-ის კუთვნილ ¹30 ბინაში, მდებარე ქ.თბილისში, ..., ჩამოყვანის და უკან დაბრუნების ხარჯები თანაბარ წილად განაწილდა მშობლების _ დ. ხ-ეს და ნ. მ-ეს შორის;
დ. ხ-ის სარჩელის მოთხოვნა, მცირეწლოვანი ნ. მ-ის აღსაზრდელად მოპასუხე _ ნ. მ-ისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, საქმის წარმოებით შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 1199-ე მუხლი, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს აქვთ თანაბარი მოვალეობები იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი განქორწინებული არიან. პალატამ მიუთითა ასევე ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თაობაზე, კერძოდ, თუ განქორწინების ან სხვა მიზეზების გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო უნდა გამოდიოდეს უწინარეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და ითვალისწინებდეს, რომელ მშობელს შეუძლია უკეთ უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა, აგრეთვე, გაითვალისწინოს შვილების ასაკი და მათი პირადი მიდრეკილება ერთ-ერთი მშობლისადმი, რადგან ბავშვების სწორად აღზრდა ოჯახში მარტო მატერიალურ და საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებზე როდია დამოკიდებული. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ასაკი, ასევე, მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ რომელ მშობელს აქვს შესაძლებლობა ბავშვს შეუქმნას აღზრდის ნორმალური პირობები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. მ-ე არის მცირეწლოვანი და არ არის მიღწეული ისეთ ასაკს, რომ მისმა სურვილმა, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ამიტომ სასამართლომ, იქიდან გამომდინარე, რომ 2000 წლიდან მცირეწლოვანი ნ. მ-ე იზრდებოდა დედასთან, არის დაავადებული ზემო სასუნთქი გზების ქრონიული დაავადებით-ფარინგიტით და იმყოფება აღრიცხვაზე, მიიჩნია, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე იგი აღსაზრდელად ისევ დედასთან უნდა დარჩეს და ნება დაერთოს დ. ხ-ეს, რომ წაიყვანოს მცირეწლოვანი შვილი _ ნ. მ-ე გერმანიაში, ქ. ნიუმბერგში, სადაც იგი საცხოვრებლად უნდა გადავიდეს, რადგან ბავშვის ასაკის გათვალისწინებით დედასთან დაშორებამ შეიძლება უარყოფთად იმოქმედოს ბავშის ფსიქიკაზე და ბავშვის სულიერებას შეუქმნას დისკომფორტი.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ გერმანიაში,სადაც დ. ხ-ე უნდა გაემგზავროს საცხოვრებლად, ბავშვს ექნება ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. თბილისის განათლების განყოფილების 2004წ. 17 მაისის დასკვნით და სპეციალისტის მ.ს-ეს განმარტებით, დადგინდა, რომ ორივე მშობელს, როგორც ნ. მ-ეს, ასევე _ დედას დ. ხ-ეს, რომელიც გერმანიაში, ქ. ნიუმბერგში, აპირებს საცხოვრებლად გადასვლას, აქვს კარგი საყოფაცხოვრებო პირობები; თუ დედა იცხოვრებდა თბილისში, ბავშვს მასვე მიაკუთვნდებდნენ აღსაზრდელად, მაგრამ თუ დედა საცხოვრებლად გადავა გერმანიაში, იმის გათვალისწინებით, რომ ნ. მ-ე 8წ.აა და ბიჭია, რომელიც მამაკაცის სტატუსში უნდა ჩამოყალიბდეს, მიზანშეწონილად მიიჩნიეს რომ ბავშვის უცხოეთში წასვლა შეუძლებელი იყო და კომისიამ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლოს გადაეწყვიტა თავის კომპეტენციაში.
სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვის აღსაზრდელად დედასთან დატოვება, ბავშვის ასაკის, მისი აღზრდის სამომავლო პერსპექტივების, აგრევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მშობლების დაცილების შემდეგ ბავშვი იზრდებოდა დედასთან და მას უცხოეთში საცხოვრებლად კარგი პირობები გააჩნია.
სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა ასევე ბავშვის უფლებათა კონვენციაც, რომლის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994წ. 21 აპრილს. მითითებული კონვენციით ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროებოდა სპეციალური დაცვა და მზრუნველობა და ამ მიზნით ყურადღებას ამახვილებს ბავშვის მიმართ ოჯახის განსაკუთრებულ ზრუნვას და პასუხისმგებლობაზე.
აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლით ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 1202-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, ხელი შეუშალოს მეორე მშობელს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.
ნ. მ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ხ-ის შეგებებულ სარჩელზე - მცირეწლოვანი შვილის ნ. მ-ის საქართველოდან გერმანიაში მუდმივ საცხოვრებლად გაყვანის ნებართვაზე - უარის თქმა; ხოლო თუ დ.ხ-ე საქართველოს დატოვებს და მუდმივ საცხვორებლად გადავა გერმანიაში, ნ. მ-ე აღსაზრდელად გადაეცეს მამას. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, განქორწინების მომენტიდან და მანამდეც კასატორი როგორც მამა, სისტემატურად ზრუნავდა თავის შვილზე, სისტემატურად მიჰყავდა ბავშვი თავისთან, კარგი მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ასევე დადგენილია, რომ კასატორი ცუდ ზეგავლენას არ ახდენს, ცუდად არ ექცევა შვილს, ბოროტად არ იყენებს მშობლის უფლებას, არ არსებობს მშობლის უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სკ-ის 1128-ე მუხლის მოთხოვნა და არ გაუწია ანგარიში მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ნ. მ-ის საზღვარგარეთ გარკვეულილ პერიოდით გაყვანა რეკომენდირებული არ არის, რადგან იგი ვერ შესძლებს მჭიდრო ურთიერთობას მამასთან, რაც აუცილებელია ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა ემყარება ბავშვთა ფსიქოლოგიაში საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს _ ბიჭები, განსაკუთრებით საშუალო სკოლის ასაკში, ანუ იმ ასაკში, რომელშიც იმყოფება ნ. _ ახდენენ იდენტიფიკაციას, ანუ გაიგივებას საკუთარ მამასთან.
სააპელაციო სასამართლომ ისე ჩათვალა დ. ხ-ის გერმანელი მეუღლის 2.5 _ ოთახიანი 59 კვ.მ ბინა და მისი თვიური შემოსავალი _ 3100 ევრო კარგ საყოფაცხოვრებო პირობად, რომ საერთოდ არ ჰქონია მსჯელობა და არც კი შეუფასებია კასატორის საყოფაცხოვრებო პირობები - იგი არის გაეროს თანამშრომელი, კასატორს აქვს საქართველოს პირობებში სხვებთან შედარებით მაღალი ანაზღაურება, აქვს კარგი ბინა.
სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია თვითონ ბავშვის დედის - დ. ხ-ის მატერიალური მდგომარეობის შესახებ. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება მისი საქმიანობის და შემოსავლების შესახებ საქართველოში, ასევე გაურკვეველია, რით დაკავდება და რა შემოსავლები ექნება მას გერმანიაში. გაურკვეველია, აგრეთვე, მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის, სამართლებრივი სტატუსი გერმანიაში.
სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა არც იმის თაობაზე, რამდენად მიზანშეწონილია ნ. მ-ისათვის 9 წლის ასაკში გერმანიაში სწავლა, რა განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს და რა გავლენას მოახდენს ეს მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, მის სოციალიზაციაზე, რამდენად მიზანშეწონილია მისი მოწყვეტა მშობლიურ გარემოს, სახლს, მეგობრებს, სკოლას, ენას და ცხოვრება სრულიად ახალ, უცხო გარემოში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია ბავშის უფლებათა დაცვის კონვენციის იმ მუხლით, რომელშიც დეკლარირებულია ოჯახის განსაკუთრებული როლი ბავშვზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობაზე, რაცსაერთოდ არანაირ კავშირში არ არის დავის საგანთან. დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გასვლის ნებართა და ამ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ემიგრაციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი, ამიტომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს დ. ხ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
„ემიგრაციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ საქართველოდან არასრულწლოვანი ბავშვების ემიგრაციის საკითხში მათი კანონიერი წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოს წესით გადაწყდება.
კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოდან 16 წლამდე ბავშვის დროებითი გასვლას, მისი კანონიერი წარმომადგენლის უნებართვოდ და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე; არასრულწლოვანის საქართველოდან დროებით გასვლის საკითხზე, კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ანდობს მშობელთა უთანხმოების შემთხვევაში არასრულწლოვანისსაქართველოდან დროებითი წაყვანის საკითხის გადაწყვეტას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ ასეთი დავის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლის მესამე ნაწილი იმის თაობაზე, რომ მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რომ მას რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირადი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის უკეთეს ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რატომ ჩაითვლება მცირეწლოვანი ნ. მ-ის გერმანიაში აღსაზრდელად წაყვანა მისი ინტერესებისათვის სასარგებლოდ და საქართველოში დარჩენა საზიანოდ.
საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის განათლების განყოფილების მეურვეობისა და მზრუნველობის საკოორდინაციო კომისიის დასკვნა იმის თაობაზე, რომ თუ ორივე მშობელი საქართველოში იცხოვრებს, ამ შემთხვევაში ბავშვი დედასთან უნდა აღიზარდოს, ვინაიდან იგი მშობლების დაშორების შემდეგ იზრდებოდა მასთან და ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი ნორმალური აღზრდისათვის; ამჟამად დედას, დ. ხ-ეს, მამისაგან განსხვავებით ერთ ბავშვზე უხდება მზრუნველობის გაწევა, მაგრამ კომისიამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. მ-ე 8წ.აა და ეს ის ასაკია, როდესაც ბიჭი უნდა ჩამოყალიბდეს მამაკაცის სტატუსში და ძალიან აქტუალურია მამასთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც შეუძლებელი იქნება ბავშვის უცხოეთში ცხოვრების პირობებში, ამიტომ მეურვეობისა და მზრუნველობის კომისიამ სასამართლოს თხოვა ამ საკითხის გადაწყვეტა თავის კომპეტენციის ფარგლებში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ზემოაღნიშნულ დასკვნაში მითითებული გარემოებები და დ. ხ-ეს ნება დაერთო მცირეწლოვანი შვილის საზღვარგარეთ საცხოვრებლად წაყვანაზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მშობლების დაცილების შემდეგ ბავშვი იზრდებოდა დედასთან და მას უცხოეთში საცხოვრებლად კარგი პირობები გააჩნია.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. ხ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილის ნ. მ-ის საქართველოდან დროებით გერმანიაში გაყვანის თაობაზე ნებართვა; შვილის გერმანიაში დროებით გაყვანის ნებართვაზე მან მიუთითა ასევე სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის სხდომაზეც;
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი მიითებულია, რომ დ. ხ-ეს ნება დაერთო შვილის გერმანიაში, ქ.ნიუმბერში საცხოვრებლად წაყვანაზე; სასამართლომ აქ საერთოდ არ მიუთითა, დროებით თუ მუდმივ საცხოვრებლად შვილის წაყვანის ნებართვა მისცა დ.ხ-ეს.
მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ის კონკრეტული დრო, რომლის განმავლობაშიც დ. ხ-ეს შეუძლია მცირეწლოვანი შვილის გერმანიაში დროებით წაყვანა და განესაზღვრა, რომ ამ დროის გასვლის შემდეგ ნ. მ-ე დაბრუნდება საქართველოში, მშობლიურ გარემოში საცხოვრებლად.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა „ბავშვის უფლებათა“ კონვენცია, რომლის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 1994წ. 21 აპრილს. მითითებული კონვენციით ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროებოდა სპეციალური დაცვა და მზრუნველობა და ამ მიზნით ყურადღებას ამახვილებს ბავშვის მიმართ ოჯახის განსაკუთრებულ ზრუნვას და პასუხისმგებლობაზე.
აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლით ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს „ბავშვის უფლებათა კონვეციის“ გამოყენებისას ყურადღება უნდა გაემახვილებინაასევე იმავე კონვენციის დებულებაზე, რომ ბავშის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურულ ღირებულებათა გათვალისწინება.
სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმის თაობაზე, მცირეწლოვანი ნ. მ-ის საზღვარგარეთსაცხოვრებლად გაყვანა და მამასთან დაშორება ბავშვის აღზრდა-ჩამოყალიბებაზე უარყოფით ზემოქმედებას ხომ არ მოახდენს. სკ-ის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. საკასაციო პალატა მიაჩნია, რომ ნ. მ-ის მუდმივ საცხოვრებლად გერმანიაში წაყვანის შემთხვევაში მამა, ნ. მ-ე მოკლებული იქნება შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში და გადაწყვიტოს შვილის აღზრდის საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და იგი, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება დ. ხ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.