გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1166-1410-05 28 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
სარჩელის საგანი: დელიქტური ვალდებულებით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ტელეკომპანია «...მა» სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სს «ს. ე-ის ქუთაისის სერვისცენტრისა» და სს «ს. ე-ის» მიმართ და მოითხოვა ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის 101535,35 ლარის, მიუღებელი შემოსავლისათვის 10.000 ლარის და მორალური ზიანისათვის 400.000 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად აღნიშნა, რომ 2004წ. 15 ივლისს, დაახლოებით 1 საათსა და 45 წუთზე, ქ. ქუთაისში, ... მდებარე კინოთეატრ «ს-ოს» შენობაში, სადაც იმ დროისათვის ფუნქციონირებდა ტელეკომპანია «...ი», გაჩნდა ხანძარი. მთლიანად დაიწვა ტელეკომპანიის კუთვნილი გამშვები და სამონტაჟო სტუდიები, ხოლო ნაწილობრივ ცენტრალური სტუდია, მთლიანად განადგურდა აპარატურა, დეკორაციები და ავეჯი. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ჩატარდა სასამართლო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყო ქსელში მოწოდებული არასტანდარტული ძაბვა, კერძოდ, გამოირკვა, რომ ტელეკომპანიას მიეწოდებოდა დასაშვებ პარამეტრებზე მაღალი ძაბვა, რაც ენერგოკომპანიის მხრიდან საკუთარი მოვალეობისადმი გულგრილი და დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგია. იმავე ექსპერტიზის დასკვნით გამორიცხულ იქნა ტელეკომპანიის ბრალი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის ბრალეულობას. მოპასუხის აზრით, წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა ტენდენციურია და ვერ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. ამასთანავე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ოდენობის, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია «...ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. ე-ას“ და მის ფილიალს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანი 101535,35 ლარის ოდენობით და მიუღებელი შემოსავალი 10000 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2004წ. 15 ივლისს ხანძრის გამო ტელეკომპანია «...ს» მიადგა ზიანი. 2004წ. 30 ივლისის დადგენილებით ქუთაისის საგამოძიებო განყოფილების მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ იქნა ტელეკომპანიის დირექტორი თ.ღ-ძე, იგი ცნობილ იქნა ასევე სამოქალაქო მოსარჩელედ 130000 ლარის ოდენობით ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობა დადგინდა საქმეში არსებული ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2004წ. 11 სექტემბრის ¹539/1 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია «...ზე» ხანძრის შედეგად ქონების განადგურებით მიყენებულია 89011,55 ლარის ზიანი, ხოლო 12523,80 ლარი შეადგენს სარემონტო სამუშაოების ღირებულებას. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 992-ე და 411-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მხრიდან ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მათი ბრალეული უმოქმედობით იქნა გამოწვეული, კერძოდ, დადგინდა, რომ ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია «...ის» შენობაში ელ. ქსელის ძაბვამ დაიწყო პერიოდული მომატება და აღწევდა საშიშ ნიშნულს, რის შესახებაც დირექტორმა არაერთხელ მიმართა მოპასუხეს როგორც სიტყვიერად, ისე ტელეეთერით, რაზეც განუმარტეს, რომ დაზიანებული იყო ე.წ. «ნული ფაზა», მაგრამ მათი მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობის შედეგად არსებული დარღვევა არ იქნა აღკვეთილი. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სახანძრო ელექტრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვენის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ქსელში მიეწოდებოდა არასტანდარტული, დასაშვებ პარამეტრებზე მაღალი ძაბვა, ხოლო ტრანსფორმატორი, საიდანაც მიეწოდებოდა დენი, დამონტაჟებული იყო ნორმატიულ მასალებში გათვალისწინებული სტანდარტების დარღვევით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს. ე-ამ» და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მატერიალური ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში. კასატორის აზრით, საქმეზე სრულად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 79-ე, 105-ე, 162-ე, 172 და 393-ე მუხლების დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეაფასა სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად და შედეგად მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით. ექსპერტს ზიანის ოდენობა დადგენილი აქვს მხარის მიერ წარდგენილი ნივთების ჩამონათვალის მიხედვით. სასამართლოს არ გამოუკვლევია ექსპერტიზის დასკვნის დანართში მითითებული ნივთები გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს. საქმის მასალებით სარწმუნოდ არ არის დადასტურებული, რომ აღნიშნული აპარატურა ხანძრის დროს იყო შენობაში.
სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების დასადასტურებლად სასამართლომ ასევე მიუთითა საკრედიტო, გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე. აღნიშნული ხელშეკრულებების მხარეებს წარმოადგენს ბანკი და ფიზიკური პირი თ. ღ-ძე, მოსარჩელე კი იურიდიული პირი ტელეკომპანია „...ია“. შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ სესხის აღება და თავისი პირადი ნივთების გირავნობითა და იპოთეკით დატვირთვა, ვერ იქნება მიჩნეული იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებად. რაც შეეხება შპს „პ-თან“ სადავო ტექნიკის ქირავნობის ხელშეკრულებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ხელშეკრულებაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის განხილული და შეფასებული სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად.
დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილშიც. სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მტკიცებულებები, რასაც სასამართლო ამ ნაწილში ემყარება.
სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმეში არსებული მთელ რიგ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სასამართლომ არ შეაფასა აქტი ხანძრის შესახებ, რომელიც შედგა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად. აღნიშნულ აქტში ხანძრის შედეგების გრაფაში, სადავო ტექნიკის დაზიანების შესახებ არ არის მითითებული. აქტს ხელს აწერს ტელეკომპანიის დირექტორი, რომელსაც შენიშვნები არ ჰქონია.
სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. სკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამოყფელის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ახორციელებს მის ფუნქციებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფილიალი არ არის იურიდიული პირი. მოცემულ საქმეში, მხარედ სასამართლოში გამოდის როგორც ძირითადი საწარმო, ისე მისი ფილიალი. სააპელაციო სასამართლომ ძირითად საწარმოს და მის ფილიალს სოლიდარულად დააკისრა თანხის გადახდა, რითაც სასამართლომ დაარღვია ზემოთ მითითებული ნორმების მოთხოვნები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა განაიხილოს და შეაფასოს სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სრულად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ს. ე-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.