დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.01.2006
საქმის ნომერი
ას-1193-1437-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1193-1437-05 16 იანვარი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ფ-ძე, ლ. გ-ძე, დ. ჩ-ძე, ე. დ-ძე, ნ. ყ-შვილი, ც. დ-ლი (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი _ დ. შ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «...» (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა და ხელფასის სხვაობის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ფ-ძემ, ლ. გ-ძემ, დ. ჩ-ძემ, ე. დ-ძემ, ნ. ყ-შვილმა და ც. დ-ლმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „...ს“ მიმართ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხე საზოგადოებაში სხვადასხვა თანამდებობზე. ე. ფ-ძე, ლ.გ-ძე და დ. ჩ-ძე მარკეტინგის წამყვან სპეციალისტებად, ე.დ-ძე _სპეციალისტად, ნ.ყ-შვილი და ც.დ-ლი კი ტექნიკოსებად. 2003 წლის ოქტომბერში საზოგადოების ადმინისტრაციამ 29 თანამშრომელს, მათ შორის მოსარჩელეებს, შესთავაზა თანამდებობის დატოვება, სანაცვლოდ კი შეჰპირდა ექვსი თვის კომპენსაციის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაკავებული თანამდებობებიდან მაინც გაათავისუფლებდნენ და კომპენსაციის სახით მისცემდნენ მხოლოდ 2 თვის თანხას. მოსარჩელეებმა აღნიშნულზე უარი განაცხადეს. 2003 წლის 20-22 ნოემბერს მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციის 2003 წლის 19 ივნისის ¹12/03 ბრძანების შესახებ, რომლიც ითვალისწინებდა საზოგადოების სტრუქტურულ რეორგანიზაციას. ამავე ბრძანების მეოთხე პუნქტის თანახმად კი 2003 წლის 1 ოქტომბრიდან 11 მუშაკს, მათ შორის მოსარჩელეებს, ხელფასი შეუმცირდათ. მხარის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები. ამასთან, აღნიშნული ბრძანება კანონით დადგენილი წესით პროფკავშირის ორგანიზაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2003 წლის 19 ივნისის ¹12/03 მეოთხე პუნქტის ბათილად ცნობა, შრომის კანონთა კოდექსის 241-ე და 241-ე1 მუხლების შესაბამისად, სს «...სათვის» 2003 წლის 1 ოქტომბრიდან 2004 წლის 1 ივლისამდე დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანით გამოწვეული ხელფასის სხვაობის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ე.ფ-ძეს _ 741,60 ლარი, ლ.გ-ძეს _ 655,20 ლარი, დ.ჩ-ძეს _ 655,20 ლარი, ე.დ-ძეს _ 547,20 ლარი, ც.დ-ლს _ 547,20 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: მოსარჩელეებმა დაარღვიეს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი სამთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მათი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყვეს არაუგვიანეს 2003 წლის 7 ნოემბრისა, როდესაც მათ მიიღეს 80%-ით შემცირებული თანხა, ხოლო სასამართლოს მიმართეს 2004 წლის 11 ივნისს. საზოგადოების ადმინისტრაციის მხრიდან იძულება არ დადასტურებულა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებს ხელფასი არ შემცირებიათ, მათ შეუწყდათ ყოველთვიური პრემიის გაცემა, რომლის გადახდის ვალდებულებაც საზოგადოებას კანონით არ ეკისრებოდა.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, თითქოს მოპასუხე ორგანიზაციამ შრომის კანონთა კოდექსის 27-ე, 81-ე, 83-ე მუხლების დარღვევით, ისინი დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაიყვანა და სამუშაო პირობები გაუუარესა, რადგან მოსარჩელეებმა აღნიშნული, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვერ დაადასტურეს, კერძოდ, შრომით კონტრაქტში დაფიქსირებულია მოსარჩელეთა ხელფასის სარჩელში მითითებულისაგან განსხვავებული ოდენობა. საერთოდ ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეები გადაყვანილ იქნენ დაბალხელფასიან სამუშაოზე, რადგან წარმოდგენილი საშტატო განრიგით დგინდება, რომ ისინი კვლავ ასრულებენ იმ სამუშაოს, რასაც ასრულებდნენ სადავო ბრძანების გამოცემამდე. სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელეებსა და ბრძანებაში მითითებულ სხვა პირებს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან შეუწყდათ პრემიების გაცემა. საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოსარჩელეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ფ-ძემ, ლ. გ-ძემ, დ. ჩ-ძემ, ე.დ-ძემ, ნ. ყ-შვილმა, ც. დ-ლმა და მათმა წარმომადგენელმა დ. შ-შვილმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემეობათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი სს „...ს“ გენერალური დირექტორის გაცემული 5.07.04 ¹1\397 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ე. დ-ძეს, ე. ფ-ძეს, ლ. გ-ძეს, დ.ჩ-ძეს, ნ.ყ-შვილს, ც.დ-ლს სადავო ბრძანებით შეუწყდათ პრემიის გაცემა და შეუმცირდათ ხელფასი. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა სს „...“ 2004 წლის 10 აგვისტოს ცნობას, სადაც აღნიშნულია, რომ სს „...“ 2003 წლის ოქტომბრის შრომის ანაზღაურების ფონდმა შეადგინა 39265,12 ლარი. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და საგადასახადო კოდექსი შრომის ანაზღაურების ფონდის ცნებას არ იცნობს, არამედ გამოიყენება ხელფასის სახით მისაღები შემოსავალი, რომლის გადახდაც საწარმოს ეთვლება ხარჯებში და აკლდება დასაბეგრ მოგებას. პრემიის კი გაიცემოდა მოგების ხარჯზე, რასაც სს „...“ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა სრული იგნორირებით მიიჩნია, რომ მოსარჩელეების დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა ვერ დასტურდება. მოპასუხემ ვერ განმარტა, მოსარჩელეებს თუ რა გარემოებათა გამო შეუმცირდათ პრემია, მაშინ როდესაც ყველა სხვა მუშაკს იგი შეუნარჩუნდა იმ განსხვავებით, რომ ბუღალტრულად იგი ამჯერად სწორად ფორმდება. სასამართლომ არ გამოიკვლია პრემიების გაცემის საფუძველი და მხოლოდ მოსარჩელეთათვის აღნიშნული პრემიის გადახდის შემცირების მიზეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლომ კი მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი:

მოსარჩელეები სარჩელში მითითებული ოდენობით ხელფასს არ ღებულობდნენ და ისინი კვლავ ასრულებენ იმ სამუშაოს, რასაც ასრულებდნენ სადავო ბრძანების გამოცემამდე. 2003 წლის 1 ოქტომბრიდან მოსარჩელეებს და სხვა პირებს შეუწყდათ პრემიების გაცემა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ შრომითი კონტრაქტებით და საშტატო განრიგით დადასტურებულია ის გარემოება, რომ კასატორები იმავე სამუშაოს ასრულებენ, რასაც _ სადავო ბრძანების მიღებამდე. ეს გარემოება კი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში შრომის კანონთა კოდექსის 27-ე, 81-ე და 83-ე მუხლების მოთხოვნები არ დარღვეულა და საწარმოს მხრიდან კასატორთა სამუშაო პირობების არ გაუარესებულა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის საფუძველს, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სს «...» 2004 წლის 10 აგვისტოს და ამავე საზოგადოების გენერალური დირექტორის 2004 წლის 5 ივლისის ცნობები, რომლითაც დასტურდებოდა კასატორთა ხელფასის შემცირების ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შრომის კანონთა კოდექსის დანაწესების თანახმად, ხელფასის შემცირების საკითხი დაწესებულების მიერ მიღებული აქტით, მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებით უნდა გაირკვეს და, შესაბამისად, დაწესებულების ამა თუ იმ წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა სადავო გარემოების დადგენისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. ამასთან, ზემოხსენებული ცნობის შინაარსით კასატორთა მიერ მითითებული გარემოება ხელფასის შემცირების თაობაზე არ დგინდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა გამოტანილი და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ფ-ძის, ლ. გ-ძის, დ. ჩ-ძის, ე. დ-ძის, ნ. ყ-შვილის, ც. დ-ლისა და მათ წარმომადგენელ დ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.