დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 31.07.2006
საქმის ნომერი
ას-1205-1449-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1205-1449-05 31 ივლისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 3 ოქტომბერს ქ. თბილისის სტუდქალაქის სამმართველოს მმართველმა (შემდგომში _ მოსარჩელის უფლებამონაცვლე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ) სარჩელით მიმართა სასამართლოს ფ. ი-ოვას, ხ. გ-შვილის, ნ. ბ-შვილისა და ნ. დ-იას მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, დიდი დიღმის საერთო საცხოვრებლიდან ფ. ი-ოვას, ნ. ბ-შვილის, ხ. გ-შვილისა და ნ. დ-იას გამოსახლება შემდეგი საფუძლით:

სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელი წარმოადგენს განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საუწყებო ბინას, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისათვის საცხოვრებლად სწავლების პერიოდში.

ფ. ი-ოვამ და ხ. გ-შვილმა 1998 წელს, ხოლო ნ. ბ-შვილმა და ნ. დ-იამ 1999 წელს დაამთავრეს სასწავლებელი, მაგრამ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ისინი საერთო საცხოვრებელს არ ტოვებენ.

საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვამდე ფ. ი-ოვამ და ნ. დ-იამ საერთო საცხოვრებელი დატოვეს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხ. გ-შვილი და ნ. ბ-შვილი გამოსახლდნენ საერთო საცხოვრებლიდან.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. გ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არც მოსარჩელეს და არც მის უფლებამონაცვლე რაიონულ გამგეობას არ გაუსაჩივრებიათ. მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანა დაინტერესებულმა პირმა ნ. სუხაშვილმა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 3 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კი არ გასაჩივრდა.

2003წ. 6 ნოემბერს ნ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ მან სააპელაციო საჩივარი კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით შეიტანა, მაგრამ იგი დაიკარგა, ამიტომ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის მიღებულად ჩათვლა და მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის განჩინებით ნ. ბ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც ნ. ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი. მითითებული კერძო საჩივარი რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 დეკემბრის განჩინებით დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზიანად მიიჩნია და 2003წ. 25 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაავალა 10 - დღიან ვადაში ხარვეზის შევსება.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 4 მარტის საოქმო განჩინებით სტუდქალაქი შეიცვალა უფლებამონაცვლე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობით და იმავე დღის საოქმო განჩინებით ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

არ დაკმაყოფილდა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის სარჩელი.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვაკე-საბურთალოს რაიონულმა გამგეობამ, მაგრამ 2004წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების ნაცვლად, მოითხოვა ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22აპრილის გადაწყვეტილება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენს სადავო ბინა და საქმეზე მოსარჩელის სახით მოწვეულ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას აქვს თუ არა უფლება, მოითხოვოს სადავო ბინიდან პირთა გამოსახლება. ასევე საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ. ბ-შვილის გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელი და ნ. ბ-შვილი გამოსახლდა ქ.თბილისში, ... მდებარე საერთო საცხოვრებლი ¹32-ე ბინიდან.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ რადიკალურად შეიცვალა საქმის ვითარება, კერძოდ, საქართველოს განათლების მინისტრის 2001წ. 22 მაისის ¹118 ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა სტუდქალაქის სამმართველო და დიდ დიღომში, ... მდებარე საერთო საცხოვრებელი გადაეცა თბილისის მერიას და თბილისის პრემიერის 2002წ. 3 აგვისტოს ¹12 40 264 დადგენილებით ვაკე-საბურთალოს გამგეობას დაევალა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებთა დადგენა და ორდერების გაწერა. აქედან გამომდინარე, უკვე აღარ არსებობდა საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. ბ-შვილსა და თბილისის სტუდქალაქს შორის 1993 წელს დაიდო ბინის თხოვების ხელშეკრულება. მხარეთა მიერ უფლება - ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით (სტუდქალაქის Aშინაგანაწესით).

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული პირობების შესაბამისად, ნ. ბ-შვილს ბინა უნდა დაეცალა სასწავლებლის დამთავრებიდან 10 დღეში.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ბ-შვილმა სწავლა დაამთავრა 1999 წელს, ხოლო მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბინა გადავიდა საბინაო ფონდში.

სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 621-ე მუხლი, რომლის თანახმად მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დიღომში, ... მდებარე საერთო საცხოვრებელი გადაეცა თბილისის მერიას და თბილისის პრემიერის 2002წ. 3 აგვისტოს ¹12 40 264 დადგენილებით ვაკე-საბურთალოს გამგეობას დაევალა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებთა დადგენა და ორდერების გაწერა. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მისი გამოსახლების საფუძველი, რადგან საერთო საცხოვრებელში ცხოვრების უფლება აღარ ენიჭებათ მხოლოდ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და ასპირანტებს.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის ზემოაღნიშნული მოსაზრება. კასატორი ვერ ადასტურებს, რომ სადავო ბინის ფლობის უფლება ჰქონდა. ვინაიდან ვაკე-საბურთალოს გამგეობას დაევალა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებთა დადგენა და ორდერების გაწერა და აგრეთვე ის, რომ კასატორი იხდიდა ქირას, არ მიუთითებენ სადავო ბინის ფლობის უფლებაზე.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. ბ-შვილს ბინა უნდა დაეცალა სასწავლებლის დამთავრებიდან 10 დღეში, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ კასატორი აგრძელებდა ნივთის მფლობელობას.

ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ნივთზე იურიდიული ბატონობას. კასატორს არ გააჩნია სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძვლები, ამდენად, ის ამ ნივთის არამართლზომიერი მფლობელია. დაუშვებელია მხოლოდ მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (სკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი).

დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ვაკე-საბურთალოს გამგეობამ ნ. ბ-შვილის სახელზე არ გააფორმა სადავო ბინა და არ გაწერა მასზე ორდერი, ხოლო გამგეობის აღნიშნული ქმედების კანონიერების საკითხი არ წარმოადგენს კონკრეტული საქმის განხილვის საგანს.

ფლობელობა არამართლზომიერია (არაკანონიერი) იმ შემთხვევაში, როდესაც მფლობელს არ გააჩნია და, ამდენად, არ შეუძლია წარმოადგინოს სამართლებრივი საფუძველი მის მიერ ან ნივთის ფლობის უფლების დასადასტურებლად. კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს ის ობიექტური ფაქტორი, რომელიც მისცემდა უფლებას მოპასუხეს თავი დაეცვა ვინდიკაციური სარჩელისაგან. ვინდიკაციაზე უფლების სუბიექტს წარმოადგენს მესაკუთრე (მოსარჩელე), ხოლო ვალდებულების სუბიექტს არამართლზომიერი მფლობელი (მოპასუხე), რომელიც ფაქტობრივად ფლობს სადავო ნივთს მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის.

ამრიგად, კასატორი არის ამ ნივთის არამართლზომიერი მფლობელი და, სკ-ის 162-ე მუხლის თანახმად, იგი ვალდებულია ნივთი დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ- ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.