გაუქმდა და შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1209-1453-05 22 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. და თ. წ-ურებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხე გ. მ-ძის მიმართ და სკ-ის 1328 – ე მუხლის პირველი ნაწილის, 627-ე, მე-300 და 411-ე მუხლების მითითებით მოითხოვეს, მოპასუხისთვის 5313 აშშ დოლარის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის, ქ. თბილისში, ... ¹85 ბინის რეალიზაციის გზით შემდეგი საფუძვლებით: 2002წ. 23 მაისს, მათ მამკვიდრებელ გ. წ-ურსა და გ. მ-ძეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც გ. მ-ძემ ისესხა 3450 ამერიკული დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიური 2% სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. მ-ძის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე თბილისში ... ბინა ¹85. გ. წ-ური გარდაიცვალა 2004წ. 8 თებერვალს. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მოპასუხეს არც მათი მამკვიდრებლისთვის და არც მათთვის არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა და პროცენტი.
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მიუხედავად დადებული ხელშეკრულებისა, თანხა მსესხებელს არ გადასცემია და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. და თ. წ-ურების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მოპასუხეს დაეკისრა 3800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და დადგენილ იქნა, იპოთეკით დატვირთული ბინის აუქციონის წესით რეალიზაცია, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 23 მაისს გ. წ-ურსა და გ.მ-ძეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ.წ-ურმა გ.მ-ძეს ასესხა 3450 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ.მ-ძის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ... მდებარე ¹85-ე ბინა. 2004წ. 8 თებერვალს გ.წ-ური გარდაიცვალა. 2004წ. 16 სექტემბერს თბილისის სანოტარო ბიურომ გ. წ-ურის შვილებზე, თ. და გ. წ-ურებზე, გასცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის შესაბამისად მემკვიდრეებმა თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონებაში შემავალი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, მათ შორის 2002წ. 23 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სკ-ის 1306-ე და 1328-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან‚ მოითხოვონ გ. მ-ძისგან თანხის გადახდა. პალატამ არ გაიზიარა გ.მ-ძის მოსაზრება სკ-ის 1326-ე და 1327-ე მუხლების დარღვევის შესახებ, ვინაიდან გარდაცვლილი არ წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ხოლო ის ფაქტი, რომ გ. წ-ური ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, სასამართლოს დასკვნით ვერ გახდება სამკვიდრო მოწმობის სიყალბის დამადასტურებელი გარემოება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება გ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: კასატორმა აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია ქ.თბილისში, თუმცა გარდაცვლილი გ.წ-ური რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო და ქ.თბილისში არ ცხოვრობდა. აღნიშნული გარემოება სამკვიდრო მოწმობის სიყალბის შესახებ საფუძვლიან ეჭვს იწვევს. საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ.მ-ძისთვის სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე იყო ვალდებული დაემტკიცებინა მისი მამკვიდრებლის მიერ მოპასუხისთვის თანხის გადაცემის ფაქტი. კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებამდე გამსესხებელს თანხა გადაცემული არ ჰქონდა და იგი უნდა გადაეცათ დამოწმებასთან ერთად, შესაბამისად, ვერც თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები იქნა მოძიებული.
საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას‚ გადაუხადოს მოსარჩელეებს 3450 აშშ დოლარი 2006წ. 20 სექტემბრამდე. მოპასუხე უფლებამოსილია ვალდებულება შეასრულოს ერთ_ერთი მოსარჩელის წინაშე;
2. ამ შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდება გ. მ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (¹85 ბინა, მდებარე ..., რომელიც დატვირთულია იპოთეკით) რეალიზაცია აუქციონზე დადგენილი წესით;
3. წინამდებარე შეთანხმების დადებით მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის ქონებრივი ან არაქონებრივი მოთხოვნა ანდა პრეტენზია, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება გ. მ-ძესა და გ. წ-ურს შორის 2002წ. 23 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, მის შესრულებას ან მისგან გამომდინარე სხვა რომელიმე საკითხს;
სასამართლოს მიერ მხარეებს განემარტათ, რომ ამ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
სსკ-ის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება გ. და თ. წ-ურებსა და გ. მ-ძეს შორის სამოქალაქო საქმეზე, გ. და თ. წ-ურების სარჩელის გამო, გ. მ-ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას‚ გადაუხადოს მოსარჩელეებს 3450 აშშ დოლარი 2006წ. 20 სექტემბრამდე. მოპასუხე უფლებამოსილია ვალდებულება შეასრულოს ერთ ერთი მოსარჩელის წინაშე;
2. ამ შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდება გ. მ-ძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული‚ ქ.თბილისში, ..., ¹85 საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია აუქციონზე დადგენილი წესით;
შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე გ. და თ. წ-ურების სარჩელისა გამო გ. მ-ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა სასამართლოს გადაწყვეტილება.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.