გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1228-1472-05 29 ივნისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი – საპენსიო დავალიანების დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ნ-ძემ, ლ. გ-ძემ, ვ. ა-ძემ, ბ. ჭ-შვილმა და სხვებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს საპენსიო დავალიანების ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ წლების განმავლობაში მათი პენსიები ირიცხებოდა ნაძალადევის რაიონის შემნახველ ბანკში. 1995 წელს სახელმწიფო მეთაურის ¹71 ბრძანებულების საფუძველზე გაერთიანდნენ ბანკები და შეიქმნა სს „... ბანკი“, რის შემდეგაც პენსიების გაცემა დაიწყო ამ ბანკმა, კერძოდ კი ნაძალადევის რაიონის ¹4 ფილიალმა. მოსარჩელეთა განმარტებით, 1996 წელს, მათთან შეთანხმების გარეშე, კანონდარღვევით მოხდა ¹4 ფილიალის გასხვისება შპს კომერციულ ბანკ „ე-ზე“.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1996 წლიდან 1999 წლამდე თავიანთ კუთვნილ პენსიებს იღებდნენ შპს „ე-დან“, ხოლო 1999წ. 14 აპრილის ეროვნული ბანკის ¹24 განკარგულების საფუძველზე ბანკს გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და შეწყდა პენსიების გაცემა.
მოსარჩელეების აზრით, 1995წ. 21 მარტიდან საქართველოს შემნახველი ბანკის სამართალმემკვიდრედ ითვლება სს „... ბანკი“, ამიტომ მას წარმოეშვა ვალდებულება‚ აანაზღაუროს საპენსიო დავალიანება, რაც შეადგენს 47774 ლარს და 107 000 რუსულ რუბლს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „... ბანკი“ არის არასათანადო მოპასუხე, ვინაიდან სს „... ბანკსა“ და კომერციულ ბანკ „ე-ს“ შორის 1996წ. 24 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე-მ“ იკისრა სს „... ბანკის“ ყველანაირი ვალდებულება და მოთხოვნის უფლება კლიენტებთან მიმართებაში.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ნ-ძის, ლ.გ-ძის, ვ.ა-ძის, ბ.ჭ-შვილისა და სხვების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სს „... ბანკს» დაეკისრა მ. ყ-ელის სასარგებლოდ 364,43 ლარის, ე. ა-შვილის სასარგებლოდ 275,61 ლარის, თ. ა-შვილის სასარგებლოდ 287,08 ლარის, ე. ც-ძის სასარგებლოდ 70,78 ლარის, ლ. ბ-შვილის სასარგებლოდ 354,31 ლარის, ა. ც-ძის სასარგებლოდ 344,25 ლარის, მ. დ-შვილის სასარგებლოდ 349,49 ლარის, მ. შ-ძის სასარგებლოდ 182,21 ლარისა და ქ. ლ-ძის სასარგებლოდ 297 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მეთაურის 1995წ. 31 მარტის ¹71 ბრძანებულების თანახმად, მოსარჩელეთა პენსიების გაცემის მომსახურე ბანკი გახდა სს „... ბანკი“. 1996წ. 24 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, სს „... ბანკმა“ შპს კომერციულ ბანკ „ე-ს“ სრულად გადააკისრა ვალდებულება და მოთხოვნის უფლებები კლიენტებთან მიმართებაში, ხოლო მყიდველმა ბანკმა „ე-მ“, გაზეთის მეშვეობით, აცნობა სს „გქბ-ს“ ყოფილ კლიენტურას ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „გქბ-ს“ მიერ დაირღვა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად მოვალეს თავისი ვალის სხვა პირზე გადატანა შეუძლია მხოლოდ კრედიტორის თანხმობით. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებით, ასეთი წინასწარი თანხმობა ვალის გადატანის შესახებ სს „გქბ-ს“ არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეთა დიდი უმრავლესობა დაეთანხმა მოპასუხესა და ,,ე-ს” შორის დადებულ გარიგებას და 1996 წლიდან ვიდრე შპს ბანკ „ე-ს“ გაკოტრებამდე, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული წიგნაკების საფუძველზე ინახავდა და იღებდა კუთვნილ პენსიებს, რაც არ უარყო მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ა. ნ-ძემაც, რომლის განმარტებით, პენსიონერთათვის სულ ერთი იყო‚ ვინ მისცემდა მათ კუთვნილ პენსიებს. პრეტენზია მათ არ ექნებოდათ ბანკ „ე-ს“ მიმართაც, თუკი იგი არ გაკოტრდებოდა და კეთილსინდისიერად გადაუხდიდა თანხებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბანკ „ე-ში“ შემნახველი სალაროს წიგნაკების გახსნით, მოსარჩელეთა ნაწილის მიერ ამ ბანკის მომსახურების სარგებლობით, დადასტურდა გარიგება ამ ბანკსა და მოსარჩელეთა შორის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სარჩელში არ მოუთხოვიათ 1996წ. 24 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ისინი მხოლოდ სარჩელში მიუთითებენ ამ ხელშეკრულების უკანონობაზე, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა უმრავლესობა დაეთანხმა ზემოთ აღნიშნულ გარიგებას, რადგან გამოთქვეს სურვილი‚ შემდგომში დაედოთ გარიგება „ე-სთან“ 42-ე მუხლის თანახმად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ‚ რაც შეეხება მოსარჩელეებს, რომლებსაც არ მიუღიათ პენსიები „ე-დან“, შესაბამისად, არ გამოუთქვამთ თანხმობა ვალის სხვა პირზე გადატანის შესახებ, თანახმად, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 210-ე მუხლისა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოპასუხე სს „გქბ-ს“ მიერ და ამ პირთა მიმართ 1996წ. 24 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.4 პუნქტი არ მოქმედებს ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა 9 ასეთი პირი, რაც დასტურდება საქმეში არსებული შემნახველი სალაროს წიგნაკებით, ესენი არიან: ე. ა-შვილი, თ. ა-შვილი, ც-ძე ა., უ. ფარქოსაძე, დ-შვილი მ., ქ. ლ-ძე, ყ-ელი მ., ბ-შვილი ლ., შარაშიძე მ.. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ პირების მიმართ სს „გქბ-ს“ უნდა დაეკისროს წიგნაკებში მითითებული თანხები ლარებით, რადგან, წიგნაკებში თანხები გადარიცხულია ლარებით, ხოლო დანარჩენ მოსარჩელეთა მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მათი მოთხოვნა ... ბანკის მიმართ უსაფუძვლოა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, რაც შეეხება მოსარჩელეთა მიერ რუსული რუბლებით ჩარიცხულ თანხებს, საქართველოს „სახელმწიფო შიდა ვალის“ შესახებ კანონის 48-ე მუხლის თანახმად, სახემწიფომ შიდა ვალად მიიჩნია და განსაზღვრა ამ ვალის გადახდის წესი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სს „გქბ-სათვის“ ამ თანხების დაკისრების შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მეორე მოპასუხის, ბანკ „ე-ს“ სალიკვიდაციო კომისის მიმართ მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნა არ გააჩნიათ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სს «... ბანკის» გენერალური დირექტორის ი.თ-შვილის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი ძველი რედაქცია (1964წ.) კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმდნენ დავის ახალი სკ-ით განსჯადობის თაობაზე.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის აზრით, გაურკვეველია, თუ რა საფუძვლით გამოყო სასამართლომ 138 მოსარჩელედან 9 მოსარჩელე და დაადგინა, რომ მათ მიერ თანხმობა გაცხადებული არ იყო, როდესაც ყველა მოსარჩელეს შემნახველი წიგნაკით, მათ შორის‚ იმ 9 პირის შემნახველი წიგნაკებით დგინდება 1997-98 წლებში თანხების ჩარიცხვა. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შემნახველ წიგნაკში თანხის ჩარიცხვაზე ჩანაწერის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, თუ თვით მეანაბრე არ წარადგენდა ბანკ «ე-ში» წიგნაკს. მოსარჩელეთა წარმომადგენელი ა.ნ-ძეც სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ყველა მოსარჩელისათვის თავიდანვე ცნობილი იყო მათი ანაბრების ბანკ «ე-ში» განთავსების შესახებ. ხოლო სამოქალაქო სამართლოს კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დუმილი ჩაითვლება გარიგების დადების სურვილის გამომჟღავნებად.
სს «... ბანკის» გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უკანონოა, რადგან 1996 წელს 26 ოქტომბრის საგაზეთო განცხადების საფუძველზე მათ, ისევე‚ როგორც სხვა მოსარჩელეეებს, მიეცათ შესაძლებლობა‚ მიეღოთ ინფორმაცია ბანკებს შორის დადებული გარიგების თაობაზე. მათ არანაირი პრეტენზია არ განუცხადებიათ, რაც ასევე ნიშნავს შემდგომ თანხმობას.
ამდენად, კასატორი თვლის, რომ მოცემულ დავაში სს «... ბანკი» წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ხოლო ბანკ «ე-ს» სალიკვიდაციო კომისია _ სათანადო მოპასუხეს, რომელიც აღიარებს მის ვალდებულებას მოსარჩელეთა წინაშე.
საკასაციო საჩივრის ავტორს ასევე მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელეებისათვის თავიანთი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 1996წ. 26 ოქტომბერს, ხოლო სასამართლოს მათ მიმართეს 2002 წელს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია სკ-ის 75-ე და 80-ე მუხლების მიხედვით. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობა ეხება არა ანაბრის მოთხოვნას, არამედ _ სარჩელის საფუძველს ანუ, მოსარჩლეთა განცხადებით, თანხმობის არარსებობას, რის გამოც ისინი თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლება.
სააპელაციო სასამართლომ მათ დააკისრა თანხის გადახდა მ. შ-ძის სასარგებლოდ, რომელიც არასდროს ყოფილა მოსარჩელეთა სიაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმას.
ლ.გ-ძის, ვ.ა-ძის, ბ.ჭ-შვილისა და სხვების წარმომადგენელმა ა. ნ-ძემ თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, კასატორი თვლის, რომ თანხის ოდენობა თითოეული მოსარჩელისათვის უნდა განსაზღვრულიყო არა შემნახველ წიგნაკებზე მითითებული თანხით, არამედ მაშინდელ და დღევანდელ კურსზე გადაანგარიშებით.
კასატორს მიაჩნია, რომ სს «... ბანკი» არის სათანადო მოპასუხე, რადგან ხელშეკრულება, მითითებული ბანკის მიერ ¹4 ფილიალის გასხვისების თაობაზე, არის უკანონო. ამასთან, სს «... ბანკმა» ვერ დაამტკიცა, რომ გასხვისება-გაყიდვა კანონიერი იყო.
საკასაციო საჩივრის ავტორს არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა არ მოითხოვეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და დაეთანხმნენ აღნიშნულ გარიგებას, რადგან მოსარჩელეებმა არაერთხელ მოითხოვეს ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამასთან, კასატორი თვლის, რომ გაზეთში გარიგების შესახებ განცხადების გამოქვეყნება არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა თავიანთი უფლების დარღვევის თაობაზე. ბანკ «ე-ს» პენსიონერებთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ თანხები ჰქონდათ შეტანილი სახელმწიფო შემნახველ ბანკში, რომლის სამართალმემკვიდრეა სს «... ბანკი», რასაც ბანკიც არ უარყოფს. ამდენად, კასატორი თვლის, რომ «გაერთიანებული ქართულ ბანკს» უნდა დაეკისროს მათ სასარგებლოდ თანხის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» აღიარება სათანადო მოპასუხედ ყველა მოსარჩელის მიმართებაში და მასვე დაეკისროს ყველა პენსიონერის სასარგებლოდ თანხის გადახდა გადაანგარიშების მიხედვით, როგორც ლარით, ასევე‚ რუსული «რუბლით».
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე, მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებებიდან, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ცხრა მოსარჩელეს, მათ შორის უ. ფარქოსაძესა და მ. შარაშიძეს, არ გამოუთქვამთ თანხმობა ვალის სხვა პირზე გადატანის შესახებ და მოპასუხეს ამ პირების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანხის დაბრუნება. სარეზოლუციო ნაწილში კი სასამართლომ უ. ფარქოსაძისა და მ. შარაშიძის სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ასევე სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ე. ც-ძისა და მ. შ-ძის სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან ამ მოსარჩელეების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და ამ მიმართებით არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის დასაბუთებული, თუ რა დაედო საფუძვლად იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ცხრა პირი არ დაეთანხმა ვალის გადატანას, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეები დაეთანხმნენ. სასამართლომ მტკიცებულებად მიუთითა შემნახველ წიგნაკებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა უმრავლესობა ბანკ ,,ე-ს” მიერ გაცემული წიგნაკების საფუძველზე ინახავდა და იღებდა პენსიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული მტკიცებულებები. იმ მოსარჩელეთა წიგნაკები, რომლების მოთხოვნაც დაკმაყოფილდა‚ არ განსხვავდება ზოგიერთ იმ მოსარჩელეთა წიგნაკებისაგან, რომელთა მოთხოვნაც არ არის დაკმაყოფილებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არა აქვს გამოკვლეული‚ თუ რამდენი მოსარჩელე აგრძელებდა ფილიალის გასხვისების შემდეგ ბანკ ,,ე-დან” პენსიების მიღებას.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულ ბანკს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამასთან, არ არის განსაზღვრული გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სსკ-ის 105-ე, 244-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს სსკ-ის 249-ე მუხლის შესაბამისად
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.