დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 04.03.2005
საქმის ნომერი
ას-1267-1398-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1267-1398-04 4 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ.გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ ცნობა და ცვლილებების შეტანა სამკვიდრო მოწმობაში.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. და თ. ც-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში და აღნიშნეს, რომ ისინი არიან მამის, ნ.ც-ის, პირველი რიგის მემკვიდრეები, რომელიც გარდაიცვალა 1984 წელს და მის დანაშთ ქონებას შეადგენს ზესტაფონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. 1974 წელს მათი მამა დაქორწინდა გ. ფ-ესზე. მამის ქონება შეძენილია ქორწინებამდე. ისინი სამკვიდროს გახსნის დღიდან დაეუფლნენ ქონებას. მ. ც-ე ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად თბილისში, ხოლო თ. _ ხაშურში ცოლ-შვილთან ერთად. მონაცვლეობით ჩამოდიოდნენ და პატრონობდნენ დედინაცვალს. გ. ფ-ის გარდაცვალების შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ მას მიუღია მემკვიდრეობის მოწმობა მათი თანხმობის გარეშე. მოსარჩელეების მტკიცებით, მათ მიღებული აქვთ თავიანთი წილი. აღნიშნულის გამო მოითხოვეს 1982წ. 21 სექტემბრისა და 1991წ. 10 იანვრის ანდერძის ბათილად ცნობა, ცნობა მემკვიდრეებად მამის დანაშთ ქონებაზე და შესაბამისი ცვლილებების შეტანა მემკვიდრეობის მოწმობაში.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ გარდაცვლილი ნ. ც-ის დანაშთ ქონებაზე, იმ დროს მოქმედი სკ-ის მოთხოვნათა დაცვით, მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე გ. ფ-ე. ამასთან, მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნიეს ხანდაზმულად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 14 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ც-ე 1974წ. 14 აგვისტოს დაქორწინდა გ. ფ-ეზე, რის შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, ჩ-ის ქ. ¹51-ში მდებარე ნ.ც-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. თ. ც-ეს 1976 წლიდან ქ.ზესტაფონში მამასთან ერთად აღარ უცხოვრია, ხოლო მ. ც-ეს _ 1982 წლიდან.

1982წ. 21 სექტემბერს ნ. ც-ემ შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება დაუტოვა მეუღლეს, გ. ფ-ეს. 1984წ. 10 ნოემბერს ნ. ც-ე გარდაიცვალა. გ. ფ-ე ფაქტობრივად დაეუფლა მეუღლის დანაშთ ქონებას, ხოლო 1985წ. 25 ივნისს, როგორც გარდაცვლილი მეუღლის პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.

1990წ. მაისიდან გ. ფ-ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იყო რ. კ-თან და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ სადავო სახლში. 1991წ. 10 იანვარს გ. ფ-ემ შეადგინა ანდერძი მეუღლის, რ. კ-ის, სახელზე, ხოლო 1998 წელს გ. ფ-ემ შვილად აიყვანა რ. კ-ის შვილი პირველი ქორწინებიდან _ პ. კ-ი. გ. ფ-ე გარდაიცვალა 2001წ. 8 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს 2002წ. სექტემბერში.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1982 წელს, ნ. ც-ის მიერ შედგენილი ანდერძი და 1991 წელს გ. ფ-ის მიერ შედგენილი ანდერძი გაცემულია კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ანდერძების სიყალბე ან კანონის დარღვევით შედგენა, ასევე, სამკვიდროს მიღების ფაქტი. სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელის უსაფუძვლობის გარდა გასულია ხანდაზმულობის ვადა. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე და 556-ე მუხლები, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ც-ეებმა. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:

1. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის (1964 წ.) 560-ე მუხლის მე-4 ნაწილი;

2. არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 556-ე მუხლი;

3. არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 75-ე მუხლი;

4. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას მოხდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშვა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, თუ პირმა, თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო, ვერ გაიგო უფლების დაღრვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სამკვიდრო გაიხსნა 1984წ. 10 ნოემბერს. გ. ფ-ე ფაქტობრივად დაეუფლა მეუღლის დანაშთ ქონებას, ხოლო 1985წ. 25 ივნისს, როგორც გრდაცვლილი მეუღლის პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში 2002წ. 17 სექტემბერს, ე.ი. მამის გარდაცვალებიდან თითქმის 18წ. შემდეგ.

მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მართებულად მიიჩნია რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

რაც შეეხება კასატორების მტკიცებას, რომ მათ ფაქტობრივად მიღებული აქვთ სამკვიდრო, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სსსკ-102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეებს, მათ მიერ კი სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სრულად და ობიექტურად შეაფასა მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიტანა სწორი დასკვნა მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. და თ. ც-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 14 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.