დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1275-1407-04 6 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ.გოჩელაშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ბინაში წილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. და ელ. მ-ეებმა სარჩელი აღძრეს ბათუმის ნოტარიუს მ.ს-ის, მ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს 2002წ. 20 აგვისტოს მ. მ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ¹2-66-ის ბათილად ცნობა, ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹2 ბინაში თანამესაკუთრეთა: მ. ჩ-ის, ე. მ-ისა და ელ. მ-ის წილების 1\3-ით განსაზღვრა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა ქ. ბათუმის მერიის ტექ.აღრიცხვის სამსახურში, აგრეთვე, ქ. ბათუმის ნოტარიუს მ.ს-ის დავალდებულება, რომ გასცეს სამკვიდრო მოწმობები მ. ჩ-ის მემკვიდრეობის ე. და მ. მ-ეებზე 1\3-ზე და თითოეულს მიეკუთვნოს 1\6.
მოსარჩელეების განმარტებით, 2001წ. 26 ნოემბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი მ. ჩ-ე, რომელიც იყო ე. და მ. მ-ეების დედა. მ. ჩ-ის სახელზე ირიცხებოდა ქ. ბათუმში, ... ბინა ¹2.
2004წ. იანვარში მოსარჩელებისთვის ცნობილი გახდა, რომ მ. ჩ-ის დანაშთი ქონების, კერძოდ, სადავო საცხოვრებელი სახლის 1\2-ზე ნოტარიუსმა მ.ს-ემ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რაც, მოსარჩელეთა განმარტებით, უკანონოა, ვინაიდან პრივატიზაციის დროისთვის, 1994წ. 11 იანვრისთვის, ბინაზე უფლებამოპოვებულად ითვლებოდნენ ე. მ-ე, ე. მ-ე, მ. ჩ-ე. ამდენად, მოპასუხეების აზრით, სამკვიდრო უნდა გახსნილიყო სადავო სახლის 1\3-ზე, რაც ეკუთვნოდა მ. ჩ-ეს და აქედან ნახევრი, ანუ 1\6, უნდა მიეღო მემკვიდრეობით მ. მ-ეს.
დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა:
1) ცვლილებების შეტანა ქ. ბათუმის ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის მიერ 1994წ. 10 იანვარს გაცემულ ცნობაში საბინაო პირობების შემოწმების შესახებ და ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹2 ბინაში და დამქირავებლის ოჯახის წევრად მ. ჩ-ესა და ე. მ-ესთან ერთად დაფიქსირდეს ელ. მ-ე;
2) ცნობილ იქნეს ელ. მ-ე მ. ჩ-ის მიერ განხორციელებულ ქ.ბათუმში, ...ის ქ. ¹29\31-ში მდებარე ¹2 ბინის, პრივატიზაციაში მონაწილეობამიღებულად და მოცემული ბინის თანამესაკუთრედ;
3) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის ნოტარიუს მ. ს-ის მიერ 2002წ. 26 აგვისტოს მ. მ-ეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ¹2-66.
4) განისაზღვროს ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹2-ში თანამესაკუთრეთა: მ. ჩ-ის, ე. მ-ისა და ელ. მ-ის წილები თითოეულისათვის 1\3-ის ოდენობით და, შესაბამისად, ცვლილებები იქნეს შეტანილი ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის მასალებსა და საჯარო რეესტრში;
5) დავალდებულდეს ქ. ბათუმის ნოტარიუსი მ. ს-ე, გასცეს სამკვიდრო მოწმობები მ. ჩ-ის მემკვიდრეებზე ე. და მ. მ-ეებზე, ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹2-ში მ. ჩ-ის კუთვნილ 1\3-ზე, რათა მემკვიდრეობით მიიღონ თითოეულმა მათგანმა 1\6.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, ელ. მ-ეს არასოდეს უცხოვრია ქ. ბათუმში და მას არ შეიძლება რაიმე უფლება გააჩნდეს სადავო ბინაზე, ამასთან, სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹2. 1994წ. 11 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულების შედეგად აღრიცხა საკუთრების უფლებით აწ გარდაცვლილ მ. ჩ-ის სახელზე. პრივატიზაციის დროისათვის ბინაზე უფლება მოპოვებული ჰქონდათ თვით მ. ჩ-ესა, ე. მ-ეს და ელ. მ-ეს, რაც დასტურდება სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით, თუმცა ამ დროისთვის ელ. მ-ე სტუდენტი იყო და იმყოფებოდა ქ.მოსკოვში. პალატამ მიიჩნია, რომ ე. მ-ისთვის მ. მ-ის მიერ სამკვიდროს 1\2-ის ფლობა ცნობილი გახდა 2004წ. იანვარში, იმ დროს, როდესაც გაეცნო სანოტარო დოკუმენტებს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ I ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, რადგანაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის 7 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, პრვატიზებულ ბინაზე უფლებას მოიპოვებდნენ დამქირავებელი და მასთან მცხოვრები ოჯახის წევრები. 1994 წელს მ. ჩ-ესთან ერთად ცხოვრობდა ე. მ-ე, ხოლო ელ. მ-ე, რომელიც ჩაწერილი იყო ამ ბინაში, მართალია, პრივატიზაციის დროს არ ცხოვრობდა მ. ჩ-ესთან ერთად, ვინაიდან წასული იყო სასწავლებლად ქ. მოსკოვში, მაგრამ ეს გარემოება არ შეიძლება გამოდგეს ელ. მ-ის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობისათვის, რადგან იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასწავლებლად წასულ პირებს უნარჩუნდებათ უფლება ბინაზე. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ელ. მ-ის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის თაობაზე, რადგან აღნიშნული სასამართლოს პრეროგატივაა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არსებობს, ე.ი. პრივატიზებულ ბინაში ცხოვრების უფლება მოპოვებული აქვთ მ. ჩ-ეს, ე. მ-ეს და ელ. მ-ესა, თითოეულს 1\3-ზე, ხოლო მ. მ-ეს, როგორც მ. ჩ-ის ერთ-ერთ მემკვიდრეს, უნდა მიეღო მ. ჩ-ის კუთვნილი 1\3 _ ნახევარი ანუ 1\6 ნაწილი.
პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სანოტარო მოქმედების გაუქმებისთვის კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა, თანახმად სსკ-ის 1450-ე მუხლისა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება სამკვიდროს მიღების ვადას და არა სანოტარო მოქმედების გასაჩივრების ვადას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ დაარღვია სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ნივთების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე დადგენილი 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. პალატის მტკიცებით, სსკ-ის 129-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადას განსაზღვრავს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისთვის. ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2004წ. იანვარში, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2004წ. 1 თებერვალს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ საპროცესო ნორმის დარღვევით დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹2-ის პრივატიზაციის დროისთვის (11.01.1994 წ.) ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ელ. მ-ეს. სასამართლომ ამ ფაქტობრივი გარემოების დამდგენ მტკიცებულებად მიიჩნია სამისამართო ბიუროდან გაცემული ცნობა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეშია მიკრო რ-ნის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა „საბინაო პირობების შესახებ“ ფორმა ¹1, სადაც მოხსენებული არ არის ელ. მ-ე. სასამართლო ისე დაეყრდნო ერთ მტკიცებულებას, რომ, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუსაბუთებია რატომ მიიჩნია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად.
კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ბინის პრივატიზაცია მოხდა 1994წ. 12 იანვარს და საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრედ აღირიცხა მ.ჩ-ე, მოსარჩელეებს თავიანთი დარღვეული უფლების აღსადგენად 2004წ. 12 იანვრამდე უნდა აღეძრათ სარჩელი, მათ კი 2004წ. თებერვალში მიმართეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო (ასევე რაიონული) სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ელ. მ-ე 1988-96 წლებში იმყოფებოდა სასწავლებლად ქ.მოსკოვში, შესაბამისად, 1994 წელს, სადავო ბინის პრივატიზაციაში იგი მონაწილეობას იღებდა, რადგან ფართზე უფლება დაკარგული არ ჰქონდა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომ სასამართლომ მხოლოდ ერთ ცნობაზე მითითებით დაადგინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რადგან გარდა სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობისა, სასამართლომ გაითვალისწინა საქმის მასალებში არსებული ე.მ-ის სახელზე გაცემული მოსკოვის სავაჭრო-ეკონომიკური ტექნიკუმისა და მოსკოვის ჰუმანიტარული ინსტიტუტის დიპლომები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მითითებულ წლებში ე.მ-ე სწავლობდა ზემოთ აღნიშნულ სასწავლებლებში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება დადგენილია. ამდენად, საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე, დაუსაბუთებელია.
პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს 1994წ. 12 იანვრიდან უნდა აეთვალა. პალატა თვლის, რომ მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რადგან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილებით დამქირავებელი და მისი ოჯახის წევრები სადავო ბინის მესაკუთრეები გახდნენ 1999წ. 12 იანვრიდან. მართალია, საჯარო რეესტრში (ტექაღრიცხვის ბიუროში) ერთ-ერთი თანამესაკუთრის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება, მაგრამ დანარჩენ თანამესაკუთრეებს დარჩათ უფლება, სათანადო ცვლილება შეეტანათ რეესტრის ჩანაწერებში. აღნიშნული უფლების განხორციელება მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს, რადგან კანონი მათ არ ავალდებულებ(და)თ ამ უფლების რეალიზებას.
ამდენად, სანამ არ ხდება რაიმე უფლების ხელყოფა (მაგალითად, კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის უფლება), მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა.
უდავოა, რომ 2001წ. 26 ნოემბერს გარდაიცვალა ბინის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომლის სახლზეც იყო ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხული. პალატა მიუთითებს, რომ სკ-ის 1328-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა. ამავე კოდექსის 1335-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის (პირების) ქონება, აუცილებელია ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის. პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ არც ერთ მემკვიდრეზე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული დავის საგანი, ანუ არავის არა აქვს საბოლოოდ შეძენილი სამკვიდროდან წილი უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესებით სკ-ის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არა აქვს ადგილი შემძენის ინტერესების არსებობას, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად. სამკვიდროს საბოლოო შეძენამდე, მემკვიდრეებს შორის სადავოდ გამხდარი ურთიერთობების სამართლიანობის დადგენა წარმოადგენს სამკვიდროს სამართლიანი განაწილებისა და შეძენის წინაპირობას.
პალატა თვლის, რომ დამქირავებელი და მისი ოჯახის წევრები ცნობილი უნდა იქნან სადავო სახლმფლობელობის თანამესაკუთრეებად და ამდენად, სამკვიდრო მასაში თანასაკუთრებიდან უნდა შევიდეს მხოლოდ გარდაცვლილის საკუთრებაში არსებული წილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების საჯარო რეესტრის უზუსტობის გასწორებისა და ქონების გამოთხოვის მოთხოვნა, სკ-ის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, წარმოეშვათ 2001წ. 26 ნოემბრიდან, მაშინ, როცა მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათი ქონება (საერთო) სამკვიდრო ქონებაში შევიდა უსაფუძვლოდ. სარჩელი კი ე. და ი. მ-ეებმა აღძრეს 2002წ. 2 თებერვალს, ე.ი. ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რადგან სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს საერთო ხანდაზმულობის ათწლიან ვადას. ამდენად, მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.