დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 07.06.2006
საქმის ნომერი
ას-1281-1517-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1281-1517-05 7 ივნისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის გათავისუფლება (სარჩელში); ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ს-შვილმა 2002წ. აგვისტოში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ჯ. ს-იას მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის განთავისუფლება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ნ. ს-შვილმა 1999წ. 14 მაისს შეიძინა დ. წყნეთში, ... კვარტალში მდებარე ¹103/1 მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ შეიჭრა მოპასუხე ჯ. ს-ია, შეიტანა სამშენებლო მასალები და მიუხედავად ნ. ს-შვილის არაერთგზის მოთხოვნისა დაკავებულ მიწის ნაკვეთს არ ათავისუფლებს, რითაც არღვევს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნას.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ჯ. ს-იას დაევალა დ. წყნეთში, ... კვარტალში მდებარე ნ. ს-შვილის კუთვნილი 1097 კვ.მ-ის ¹103/1 მიწის ნაკვეთის გათავისუფლება და აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან მისი კუთვნილი ნივთების გატანა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ჯ. ს-იამ.

ჯ. ს-იამ 2003წ. თებერვალში შეგებებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ დაბა წყნეთში მიწის ნაკვეთის დამუშავების უფლება მიიღო საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹643 ბრძანებულების შესაბამისად. მისი აზრით, სასამართლომ უნდა გაარკვიოს‚ რომელ მიწის ნაკვეთზეა მხარეთა შორის დავა და შესაბამისად გადაწყვიტოს‚ არის თუ არა იგი სათანადო მოპასუხე. მან შეგებებული სარჩელით მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 17 ივნისის ¹12.119.773 დადგენილების და ამ დადგენილებაში მითითებული 1997წ. 7 მაისის ¹7 ოქმის, 1999წ. 18 მარტის ს-რო რეესტრში მიწის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის, 1999წ. 14 მაისის სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, 2002წ. 9 აგვისტოს ს-რო რეესტრის ჩანაწერის, თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმოს «თ-ის» 1997წ. 8 ივლისის ¹18/241 წერილის, 1998წ. 4 აგვისტოს ¹16.34.357 დადგენილების მე-16 და მე-16.1 პუნქტების, 1998წ. თბილისის ... კომისიის სხდომის ¹15 ოქმის 22-ე პუნქტის ბათილად ცნობა.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ც. ს-შვილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დაზუსტებული შეგებებული სარჩელით ჯ. ს-ია ითხოვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების, როგორც ადმინისტრაციული აქტის ბათილობას, ასევე‚ ითხოვს უძრავი ქონების ს-რო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებას. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ნაწილში ს-შვილი არ შეიძლება იყოს მოპასუხე, ვინაიდან იგი არ არის დასახელებული ადმინისტრაციული აქტისა და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განმხორციელებელი პირი. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნების მიმართ ს-შვილი არის არასათანადო მოპასუხე. მან სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელთან მიმართებაში ც. ს-შვილის არასათანადო მოპასუხედ ცნობა. სხდომაზე ჯ. ს-იას წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობას და მიუთითა, რომ სსკ-ის 85-ე მუხლი ამ საკითხს არეგულირებს საქმის არსებითი განხილვისას, შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ ხდება საქმის განხილვის დროს.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის მთავარ სხდომაზე გამოცხადდა როგორც მოსარჩელე ც.ს-შვილის წარმომადგენელი ნ.გ-ძე, ასევე მოპასუხის ჯ.ს-იას წარმომადგენელი ნ.ქ-ავა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯ. ს-იას წარმომადგენლის რ.ქ-ავას შუამდგომლობა მოწმის სახით ბურდულის გამოძახების თაობაზე, რის შედეგად ნ.ქ-ავამ დატოვა სხდომის დარბაზი. მოსარჩელე ც.ს-შვილის წარმომადგენელმა ნ.გ-ძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რადგან სსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად მოპასუხე ითვლება გამოცხადებულად, სარჩელში მითითებული გარემოებები კი ითვლება დამტკიცებულად. მან სსკ-ის 268-ე მუხლის თანახმად მოითხოვა გდაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა მოსარჩელის წარმომადგენელი ნ.გ-ძის შუამდგომლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ‚ რადგან მოპასუხის წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, სსკ-ის 232-ე მუხლის თანახმად‚ იგი სხდომაზე გამოცხადებულად ითვლება. სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან სასამართლო სხომაზე არ გამოცხადდდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ც. ს-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე ჯ. ს-იას დაევალა დ. წყნეთში, ... კვარტალში მდებარე ც. ს-შვილის კუთვნილი 1097 კვ.მ-ის ¹103/1 მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან მისი კუთვნილი ნივთების გატანა. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ჯ. ს-იამ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა. საჩივრის ავტორის მითითებით, მისმა წარმომადგენელმა იმიტომ დატოვა სხდომის დარბაზი, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ის მე-2, მე-4, 83-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დოკუმენტები ყალბია. მან მიუთითა «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის» პირველ ოქმზე და განმარტა, რომ მას‚ როგორც დევნილს‚ გააჩნდა უფლება ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იყო ნაგავსაყრელი, რომელიც თავისი შრომით გაასუფთავა. რაც შეეხება მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომის დატოვების ფაქტს, მისი მითითებით, მისმა წარმომადგენელმა მისი თანხმობის გარეშე დატოვა სხდომა, ისე‚ რომ არ წარმოუდგენია მასთან შეთანხმებული სხვა შუამდგომლობები. იგი თვლიდა, რომ რწმუნებული მის ინტერესს წარმოადგენდა სრულყოფილად და მისი დასწრება არ იყო სავალდებულო.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 ივლისის განჩინებით მოპასუხე ჯ. ს-იას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში; გაუქმდა 2004წ. 20 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ს-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა. მან სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის იგნორირებით, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. მისი მითითებით, 2003წ. 23 თებერვალს სასამართლოში აღძრა შეგებებული სარჩელი, რომელიც 188-ე და 189-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად უნდა განხილულიყო პირვანდელ სარჩელთან ერთად, მაგრამ მისთვის გაუგებარია, თუ რა ბედი ეწია მის შეგებებულ სარჩელს და რატომ არ აისახა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში შეგებებული სარჩელის განხილვის სამართლებრივი შედეგი, ჰქონდა თუ არა სასამართლოს ასეთ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უფლება. მისი აზრით, სასამართლომ ამ შემთხვევაში დაარღვია სამოქალქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლისა და 245-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რადგან აღსრულების შეჩერების გაუქმების შესახებ შუამდგომლობა დაყენებული არ ყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 თებერვლის განჩინებით ჯ. ს-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 ივლისის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით; სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ც. ს-შვილს აღძრული ჰქონდა ვინდიკაციური სარჩელი და მოითხოვა საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა სკ-ის 170-172-ე მუხლების თანახმად. მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი _ ნასყიდობის ხელშეკრულება და ს-რო რეესტრის ამონაწერი. გადაწყვეტილება კი რომელიც დაადასტურებდა ც. ს-შვილის საკუთრების უფლების ჩანაწერების უზუსტობას არ არსებობს, ამდენად, იგი უფლებამოსილი იყო‚ გამოეთხოვა მისი საკუთარი ნივთი აპელანტის უკანონო მფლობელობიდან. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა ჯ. ს-იას მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გვერდი აურა მის შეგებებულ სარჩელს, რადგან მან შეგებებული სარჩელი აღძრა ერთადერთი მოთხოვნით _ გარკვეულიყო მისი, როგორც მოპასუხის, სათანადოობის საკითხი, მოგვიანებით მან დააზუსტა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი არ შეიძლება განხილულიყო ც. ს-შვილის სარჩელთან ერთად, რადგან მოპასუხის სათანადოობის საკითხის გარკვევას არ სჭირდება შეგებებული სარჩელის აღძვრა; ადმინისტრაციული აქტების ბათილობის თაობაზე აღძრულ შეგებებულ სარჩელში ც. ს-შვილი მოპასუხე ვერ იქნებოდა, რადგან მას არ გამოუცია ჯ.ს-იას მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციული აქტები. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ჯ.ს-იას შეგებებული სარჩელი არ უნდა იქნეს მიჩნეული სსკ-ის 189-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ც.ს-შვილის სარჩელის შეგებებულ სარჩელად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის მიღებისას სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულება მის მიერ საჩივრის განხილვამდე. ამდენად, საჩივრის განხილვის შემდეგ სასამართლოს უნდა გაეუქმებინა დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება, ამდენად, სასამართლომ სწორად იმსჯელა ამ საკითხზეც.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. ს-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელის საკუთრებაში დავის საგანი სისხლისსამართლებრივი ქმედების – სამსახურებრივი სიყალბის გზით მოხვდა, რაზეც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. ამის გამო სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლო ამ შემთხვევაში ვალდებული იყო სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად შეეჩერებინა საქმის განხილვა სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე, სასამართლომ შეაჩერა მხოლოდ აღსრულება საჩივრის განხილვამდე. სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთებულობა უნდა შეემოწმებინა სააპელაციო მოთხოვნასთან მიმართებაში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ისე იმსჯელა დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების გაუქმების თაობაზე, რომ საქმეში არ უნახავს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების მოთხოვნაზე საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა კი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას არ წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სსკ-ის 189-ე მუხლი, რის შედეგად მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება, სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჯ. ს-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 თებერვლის განჩინება განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ჯ.ს-იას საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ც. ს-შვილს აღძრული ჰქონდა ვინდიკაციური სარჩელი და მოითხოვა საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა სკ-ის 170-172-ე მუხლების თანახმად. მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი _ ნასყიდობის ხელშეკრულება და ს-რო რეესტრის ამონაწერი. გადაწყვეტილება კი რომელიც დაადასტურებდა ც. ს-შვილის საკუთრების უფლების ჩანაწერების უზუსტობას არ არსებობს, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გამოეთხოვა მისი საკუთარი ნივთი აპელანტის უკანონო მფლობელობიდან. შესაბამისად, სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ჯ.ს-იას მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების შესახებ. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად არ შეაჩერა მოცემული საქმის წარმოება სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე. სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» პუნქტში მითითებულია, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს მოცემული საქმის განხილვა შეეძლო კასატორის მიერ მითითებული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე, რის გამოც სწორად უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა ჯ.ს-იას შეგებებულ სარჩელზე. სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამ ნორმის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შუამდგომლობს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ე.ი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მოთხოვნით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად; შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე კი მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა არ დაუყენებია. ამიტომ, რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ჯ.ს-იას შეგებებული სარჩელის თაობაზე არ არის სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული, ამიტომ მისი შეგებებული სარჩელის შესახებ უნდა იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ს-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 14 თებერვლის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება