გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-1282-1518-05 28 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ვ. ო-შვილმა 2003წ. 11 თებერვალს გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თავისი ძმის ვ. ო-შვილის მიმართ, მესამე პირებად დაასახელა ნოტარიუსი მ. კ-ძე და ქ. გორის საჯარო რეესტრი. ვ. ო-შვილმა სარჩელში განმარტა, რომ 2002წ. 13 აგვისტოს ნოტარიუსმა კ-ძემ მისი ძმის სახელზე გასცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის თანახმადაც‚ ვ. ო-შვილი მითითებულია მისი მამის, აწ გარდაცვლილი ა. ო-შვილის ერთადერთ მემკვიდრედ, მაშინ‚ როცა ა. ო-შვილს ჰყავდა კიდევ ორი ვაჟი. მოსარჩელემ მოითხოვა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხის განცხადებით, მან დედის სიცოცხლეში დაანგრია მშობლებისეული და ააშენა ახალი სახლი, ოთახის ხარჯზე გაადიდა სახლში შესასვლელი, სადაც მისი ძმა, მოსარჩელე ვ. ო-შვილი, მისივე თხოვნით აჩერებდა ავტო-მანქანას. მოსარჩელის განმარტებით, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბინას დაეუფლა თვითონ. ამდენად მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ასევე არ ცნეს სარჩელი მესამე პირებმა _ გორის საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა და გორის ნოტარიუსმა მ.კ-ძემ. მისი განმარტებით საჯარო რეესტრში სამკვიდრო ბინა აღრიცხულია სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
მოწმის სახით დაიკითხა ა. ო-შვილი, ა. ო-შვილის ვაჟი, რომლის განმარტებით, მოსარჩელეს დღემდე არ ჰქონია დავა ქონებაზე.
2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით გორის რაიონულმა სასამართლომ ვ. ო-შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. სამოქალაქო კოდექსის 557-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გაგრძელებას საპატიოდ ჩათვლის. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის შესახებ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ვ. ო-შვილმა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გარდაიცვალა აპელანტი ვ. ო-შვილი და მის უფლებამონაცვლედ ცნეს მისი მეუღლე ნ. ო-შვილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ო-შვილის სარჩელი. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 13 აგვისტოს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და ვ. ო-შვილი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი ა. ო-შვილის მემკვიდრედ და სამკივდრო ქონების თანამესაკუთრედ. გადაწყვეტილებით განისაზღვრა სათანადო ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის მონაცემებში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ არ მიეცათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ო-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უსაფუძვლო და უკანონა. იგი მიღებულია სამოქალაქო მატერიალურ ნორმათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონის არც ერთი ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ასევე სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას. უფრო მეტიც, გადაწყვეტილების შინაარსიდანაც კი არ იკვეთება, თუ რატომ მივიდა სასამართლო ასეთი სახის შედეგამდე.
სასამართლო უთითებს, რომ გარდაცვლილ ა. ო-შვილს არ გააჩნია დაგვიანება 2002წ. 9 აგვისტომდე, რის გამოც ვ. ო-შვილის მიერ სამკვიდროს მიღების ვადა ვერ ჩაითვლება გაშვებულად, რადგან მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2002 წლ 9 აგვისტოდან 6 თვეში. აღნიშნული განმარტება კანონშეუსაბამოა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების დღიდან. ა. ო-შვილის საკუთრებაში არსებული ქონება კანონით დადგენილი წესით აღირიცხა მის სახელზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამკვიდრო გაიხსნა 2002წ. 9 აგვისტოს და ვ. ო-შვილს სამკვიდროს მიღების ვადა არ გაუშვია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლოს საერთოდ არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თუ როდის გაიხსნა სამკვიდრო, რა შევიდა სამკვიდრო ქონებაში და მიიღო თუ არა მოსარჩელემ სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სახელმწიფო ბაჟი განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.