გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1285-1521-05 31 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს «ს.ს.ბ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: სს «კ-ისა» და გ. მ-ძის მიმართ 350.417 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998წ. 22 ივნისს სს «ს.ს.ბ-სა» და სს «კ-ს» შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹180, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 108.000 ლარი ექვსი თვის ვადით, ყოველთვიური 2%-ის დარიცხვით, ხოლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის შემთხვევაში, კრედიტის თანხაზე ყოველდღიური 0,3%-ის საურავის დარიცხვით. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო ინფლაციის შემთხვევაში სხვაობის დარიცხვაც. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც დავალიანებამ საერთო ჯამში შეადგინა 250.373 ლარი. ამასთანავე, 1998წ. 31 აგვისტოს სს «ს.ს.ბ-მა», საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, გ. მ-ძისათვის გასცა სესხი 86.000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, თვეში 1% საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შემდგომ დაწეულ იქნა 0,1%-მდე. აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად გ. მ-ძისათვის სს «კ-ის» მიერ გაცემული საგარანტიო წერილის თანახმად, იგი ს.ს «ს.ს.ბ-ის» წინაშე პასუხს აგებდა თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით. გ. მ-ძემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და მას გადასახდელი დარჩა 100.044 ლარი, რაც უნდა დაეკისროს სს «კ-ს.» ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სს «კ-ს» მის სასარგებლოდ დაეკისროს 350.417 ლარი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა _ სს «კ-ს» დაეკისრა 250.373 ლარის გადახდა, ხოლო გ. მ-ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში ეთქვა უარი იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს «კ-მა» და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
2002წ. 25 ივლისს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს «კ-ს» დაეკისრა 250.373 ლარის გადახდა, ხოლო გ. მ-ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში ეთქვა უარი იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო.
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, 2005წ. 18 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს «კ-მა» და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატის 2005წ. 19 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «კ-ის» დირექტორ ალ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სსკ-ის 70-78-ე, 233-ე, 241-ე, 242-ე მუხლები და მიიჩნია, რომ დარღვეულია აღნიშნული მუხლების მოთხოვნები, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისისა და 19 ივლისის განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს.ს.ბ-მა» და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება. კასატორის აზრით, უკანონოა 2005წ. 6 ივლისის განჩინება, რადგან სასამართლომ არ შეამოწმა წარმოდგენილი ცნობის ნამდვილობა. ამასთანავე კასატორი თვლის, რომ არ არსებობს 2002წ. 25 ივლისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის მე-2 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს «ს.ს.ბ-კის” სარჩელი და მოპასუხე სს «კ-ს” მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 250 373 ლარი მოპასუხის წარმომადგენელ ა.ბ-შვილის განმეორებით გამოუცხადებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის‚ ასევე‚ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად ალ.ბ-შვილის კვლავ გამოუცხადებლობის გამო.
ა.ბ-შვილმა 2005წ. 20 მაისის საჩივრით ითხოვა ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან დანიშნულ დროს გახდა ცუდად, დახმარება აღმოუჩინეს საოლქო სასამართლოს სამედიცინო პუნქტში, ამიტომ სხდომაზე დროულად ვერ გამოცხადდა.
იმავე სასამართლოს 2005წ. 6 ივლისის განჩინებით ალ.ბ-შვილის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა და გაუქმდა 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო 19 ივლისის განჩინებით გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის მე-2 დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუბრუნდა იმავე სასამართლოს პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის სტადიიდან.
სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით, «საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.”
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 6 ივლისის განჩინება, რომელიც წინ უსწრებს საბოლოო გადაწყვეტილებას, დაუსაბუთებელია, არასწორადაა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოება და ამის შედეგად განმარტებული სსკ-ის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად‚ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამ ნორმის მიხედვით, კანონი საპატიოდ მიიჩნევს ისეთ მიზეზს, რომელიც გამორიცხავს მხარის მიერ სასამართლოს ინფორმირების საშუალებას. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, ეკისრება საჩივრის ავტორს. სასამართლოს უფლებამოსილებაა, შეაფასოს საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიო იყო გამოუცხადებლობა, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის.
დადგენილია, რომ სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2005წ. 18 მაისს, დილის 10 საათზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ექიმ თერაპევტის მიერ გაცემულ ცნობაზე გაცემის თარიღად მითითებულია 2005წ. 18 მაისზე, თუმცა საკასაციო საჩივრის განხილვისას, ა.ბ-შვილის განმარტებით, მან ეს ცნობა აიღო იმის შემდეგ, როცა გაიგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ზუსტად არ ახსოვს, 18 მაისს სამუშაო დღის ბოლოს თუ მე-2 დღეს. ცნობის მიხედვით ექიმისათვის მიმართვის საათი არ ირკვევა. კასატორის განმარტებით, სასამართლოს ექიმი მუშაობას არ იწყებს დილის 10 საათზე, ა.ბ-შვილის წარმომადგენელი გამოცხადდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, «სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.”
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული ალ.ბ-შვილის განმარტება, რომ მის მიერ მითითებულ ვითარებაში მას არ შეეძლო, ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის შესახებ; დაუსაბუთებელია მისი მითითება, რომ მოცემულ ვითარებაში, როდესაც მხარე იმყოფება სასამართლოს შენობაში, შესაბამისი პირისათვის ვითარების შეტყობინება შეუძლებელი იყო.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, თუმცა მისი არსებითი განხილვა-გადაწყვეტა არც ერთხელ არ მომხდარა – საქმეზე სამჯერ იქნა მიღებული მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილებები და სამჯერვე მოპასუხე ა.ბ-შვილის გამოუცხადებლობის გამო, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 6 ივლისისა და 19 ივლისის განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ალ.ბ-შვილის საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს ალ.ბ-შვილის განმარტებას 2005წ. 18 მაისს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის და ამის დასამტკიცებლად წარმოდგენილ საბუთს, ხოლო შემდეგ გადაწყვიტოს მისი საფუძვლიანობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ს.ს.ბ-კის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისისა და 19 ივლისის განჩინებები და საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ალ.ბ-შვილის საჩივრის განხილვის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება – მოპასუხის გამოუცხადებლობა