გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1290-1525-05 22 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. უ-ვამ 2005წ. აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. ხ-ძის წინააღმდეგ და სამოქალაქო კოდექსის 1214-ე, 1215-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ბავშვის აღსაზრდელად, ყოველთვიურად‚ მისი ყოველგვარი შემოსავლის 1\4-ის, ასევე‚ ბავშვის სამკურნალო ხარჯის _ 250 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2004წ. 8 იანვარს შეეძინათ შვილი – დ. ხ-ძე. 2005წ. თებერვლამდე მოპასუხე მონაწილეობას ღებულობდა ბავშვის აღზრდაში, პერიოდულად უგზავნიდა ნ. უ-ვას 200 დოლარს. 2005წ. თებერვლიდან კი მიატოვა ოჯახი და არ ღებულობს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით ნ. უგლავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. ხომასურიძეს დაეკისრა ნ. უ-ვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის საზრდოდ ალიმენტის გადახდა ყოველგვარი შემოსავლის 1/4-ის ოდენობით ბავშვის სრულწლოვნების ასაკის მიღწევამდე. ალიმენტის გადახდა დაიწყო 2005წ. 11 აპრილიდან. სასარჩელო მოთხოვნა ბავშვის სამკურნალო ხარჯის _ 250 ლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ხ-ძემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინებით თ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ თ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ ვინაიდან მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, სარჩელი უნდა განხილულიყო მათ საცხოვრებელ ადგილზე. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად‚ სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოსარჩელე ნ. უგლავას საცხოვრებელ ადგილად კი სასამართლომ ჩათვალა ქ. წყალტუბო, ... ¹4\45, რაც დაადასტურეს მოპასუხის წარმომადგენლებმაც.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე ი. ხ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად‚ ალიმენტის ოდენობა მყარ ფულად ერთეულში უნდა განსაზღვრულიყო. სასამართლომ მიუთითა, რომ‚ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება თ. ხ-ძის ხელფასის შესახებ, ამიტომ რაიონულმა სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა ყოველგვარი შემოსავლის 1\4-ის ოდენობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ხ-ძემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლი. დაარღვია „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-1 მუხლი‚ ასევე‚ საერთაშორისო შეთანხმება, კერძოდ, მინსკის კონვენციის 32-ე მუხლი; სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამათლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში 2004წ. 8 იანვარს შეეძინათ შვილი – დ. ხ-ძე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. უ-ვა და თ. ხ-ძე არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მაგრამ მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია საქართველო, წყალტუბოს რაიონი, ... ¹4\45. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სსკ-ის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები. სსკ-ის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად‚ სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» მინსკის კონვენციის 32-ე მუხლი; ამ კონვენციის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ მშობელთა და შვილთა სამართალურთიერთობა განისაზღვრება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ შვილები. მოპასუხის შვილს – დ. ხ-ძის საცხოვრებელი ადგილი კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, არის საქართველო, წყალტუბოს რაიონი, ... ¹4\45. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად‚ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოებების თაობაზე კასატორს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი; ამ ნორმის თანახმად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე _ შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს როგორც მყარი ოდენობით სახსრების გადახდევინება, ისე წლიური შემოსავლის ყოველთვიური სტაბილური ნაწილის განსაზღვრული პროცენტის დაქვითვა. მაგრამ სასამართლომ უნდა მიუთითოს მოპასუხის შემოსავლის წყარო და მისი კონკრეტული ოდენობა. ამიტომ საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება თ. ხომასურიძის ხელფასის შესახებ, ამიტომ რაიონულმა სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა ყოველგვარი შემოსავლის 1/4-ის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.