გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1310-1430-04 18 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციის ბრძანებების ბათილად ცნობა, დავალიანების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. ფ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის სს „ს.-ის“ ადმინისტრაციის მიერ მის მიმართ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, აგრეთვე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად აღნიშნა, რომ იგი მუშაობდა მოპასუხე საწარმოში კადრების განყოფილების უფროსად. 2002წ. 1 აპრილს მოპასუხემ გამოსცა ¹9-კ ბრძანება შემცირებულ სამუშაო დღეზე (ნახევარ განაკვეთზე) მისი გადაყვანის შესახებ. იმავე შინაარსის ბრძანება გამოიცა 2002წ. 1 მაისს (ბრძანება ¹11-კ), ხოლო 2002 30 ივნისის ¹13-კ ბრძანებით მას მოეხსნა ხელფასზე დანამატი _ 50 ლარი.
2002წ. 28 ივლისს ¹15-კ ბრძანებით გაშვებულ იქნა ხუთთვიან უხელფასო შვებულებაში, ხოლო 2003წ. 30 ივნისს 12-კ ბრძანებით იგი კვლავ გადაყვანილ იქნა შემცირებულ სამუშაო დღეზე და, ბოლოს, 2003წ. 30 სექტემბრის ¹14-კ ბრძანებით, იგი გაუშვეს უხელფასო შვებულებაში 2004წ. იანვრამდე.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანებები გამოცემულია შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის უხეში დარღვევით. ამ ბრძანებების გამოცემის შესახებ მან არ იცოდა და აგრძელებდა მუშაობას სრულ სამუშაო დღეზე. არასწორად ხდებოდა მისი უხელფასო შვებულებაში გაშვებაც. ამასთან, უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში არაერთხელ იყო გამოძახებული სამსახურში გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად და გაუგებარია მისთვის, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა მისთვის უხელფასო შვებულების მიცემა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ბათილობის საფუძველს. მას არ მიუღია ხელფასი 2002წ. 1 აპრილიდან და მოითხოვა აუნაზღაურდეს 2004წ. 1 მაისამდე, რაც შეადგენს 4750 ლარს.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან მას გამოწერილი აქვს თანხა და სურვილისამებრ როცა უნდა აიღებს. გამოწერილი თანხა (ნახევარი განაკვეთის გათვალისწინებით) შეადგენს 1135 ლარს, ასევე, ამ თანხას უნდა დაემატოს ბოლო 3 თვის თანხა, სულ _ 1360 ლარი და 12 თეთრი, 2003 წლიდან 2004წ. იანვარ-თებერვლის ჩათვლით. უხელფასო შვებულების შესახებ მიღებული ბრძანებების უკანონობაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო შემცირებულ სამუშაო დღეზე გადაყვანასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელე გაფრთხილებული იყო 2 თვით ადრე.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანებები, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 4750 ლარის გადახდა. აქედან სამი თვის ხელფასი 570 ლარი მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ გაზარდა დავის საგანი და მოითხოვა მოპასუხეზე სახელფასო დავალიანების დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სააპელაციო პალატის 2004წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი ხელფასის _ 4750 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 2002წ. აპრილიდან 2004წ. სექტემბრის ჩათვლით მიუღებელი ხელფასის _ 5130 ლარის გადახდა, ხელფასზე კანონით დადგენილი გადასახადების გამოკლებით. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებებით მოხდა ს. ფ.-ის შრომის არსებითი პირობების შეცვლა. ბრძანებების გამოცემამდე ს. ფ.-ე არ იყო გაფრთხილებული შემცირებულ სამუშაო დღეზე გადაყვანის შესახებ. ამასთან, შრომის არსებითი პირობების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ საწარმოში წარმოების ან შრომის ორგანიზაციის ცვლილებების დროს, რაც აპელანტმა ვერ დაადასტურა. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, შკკ-ის 89-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს მოცდენას არ ჰქონია ადგილი და მოსარჩელე კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაშვებულ იქნა უხელფასო შვებულებაში.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საშტატო განრიგით კადრების განყოფილების უფროსის თანამდებობრივი განაკვეთი შეადგენდა 140 ლარს, რასაც ემატებოდა დანამატი 50 ლარი და სახელფასო ფონდში დაფიქსირებული იყო 190 ლარი. საშტატო განრიგით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე დანამატს იღებდა სამუშაოს შეთავსებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ დანამატის მოხსნით მოსარჩელეს შეეცვალა შრომის ანაზღაურების პირობები. ადმინისტრაციამ არ აცნობა მუშაკს 1 თვით ადრე შრომის ანაზღაურების პირობების შეცვლის თაობაზე, რის გამოც ბრძანება დანამატის მოხსნის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია კანონდარღვევით მიღებულად.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებები გამოცემულია შკკ-ის 26-ე, 74-ე და 83-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით და ისინი სწორად იქნა ბათილად ცნობილი რაიონული სასამართლოს მიერ, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მთელი პერიოდის მიუღებელი ხელფასი გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე, ანუ 2002წ. 1 აპრილიდან 2004წ. სექტემბრის ჩათვლით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული თანხის _ 570 ლარის გამოკლებით (190ლ.X30 თვეზე-570=5130ლ.), სულ _ 5130 ლარი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელე 2 თვით ადრე გაფრთხილებული იყო შემცირებულ სამუშაო დღეზე გადაყვანისა და დანამატის მოხსნის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს ნორმა, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციას დანამატის გადახდის ვალდებულება ეკისრება, მოსარჩელე დანამატს იღებდა შეთავსებისათვის. კანონი არ ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების მსგავს სისტემას და დანამატის გადახდის ვალდებულება არ აკისრია ორგანიზაციას, შესაბამისად, არ არსებობდა დანამატის მოხსნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორს მიაჩნია, რომ დავის საგნის გაზრდის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა უხელფასო შვებულებაში გაშვების ნაწილში, შკკ-ის 204-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულია.
შეგებებული საკასაციო საჩივარი შემოიტანა საშა ფ.-მ. კასატორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების გადახდას 2002წ. აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გასაჩივრებული ბრძანებები გამოცემულია შრომის კანონთა კოდექსის 26-ე, 74-ე და 83-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წამოუყენებია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დადგენილი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელე ორი თვით ადრე იყო გაფრთხილებული შემცირებული სამუშაოზე დღეზე გადაყვანისა და დანამატის მოხსნის შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან კასატორი ვერ მიუთითებს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.
კასატორის მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ ბრძანების გასაჩივრების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან, სსკ-ის 407-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რაც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. განსახილველ შემთხვევაში კასატორს ხანდაზმულობის საკითხი არ დაუყენებია. უფრო მეტიც, რაიონულ სასამართლოში უხელფასო შვებულებაში მოსარჩელის გაშვების შესახებ ბრძანების უკანონობაზე სარჩელი მოპასუხემ ცნო. ამდენად, ხანდაზმულობის საკითხი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდასთან დაკავშირებით კასატორის მოსაზრებას საკასაციო სასამართლო იზიარებს. სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის, ანუ ამ საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით. მოცემულ საქმეზე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხემ. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო შეეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც აპელანტი მოითხოვდა. მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვდა 4750 ლარის ანაზღაურებას, რაც მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში გაზარდა ისე, რომ არც სააპელაციო საჩივარი და არც შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება და აპელანტს დააკისრა 5130 ლარის გადახდა, რითაც აპელანტის მდგომარეობა გააუარესა, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ს. ფ.-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს 4750 ლარის ოდენობით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული თანხის (570 ლარი) გამოკლებით (4750-570), სულ _ 4180 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ფ.-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ საფუძვლით, რომ მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 4750 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით, ხოლო საკასაციო სასამართლოში კი სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა და გადიდება დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოპასუხისათვის 5130 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სს „ს.-ს“ ს. ფ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 4180 (4750-570) ლარის გადახდა.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.