დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1320-1434-04 3 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-ის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 1997 წელს გარდაიცვალა მისი და, ე. ა-ე, რომელიც ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... სადავო სახლში ე.ს გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მათი ძმა, კ. ა-ე, მეუღლესთან _ მ. გ-ესა და მცირეწლოვან შვილთან _ ს. ა-ესთან ერთად. კ. ა-ე გარდაიცვალა 1992 წელს, ხოლო მისი მეუღლე – 1999 წელს. 1999წ. აპრილში სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ჟ-ის სარჩელი, გაუქმდა შვილად აყვანა და ს. ჟ-ი აღიარებულ იქნა მცირეწლოვანი ს. ა-ის დედად.
1998წ. დეკემბერში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე. ა-ეს 1994 წელს შეუდგენია ანდერძი, რომლითაც მთელი ქონება უანდერძა ს. ა-ეს. მოსარჩელის განმარტებით, ე. ა-ე 1994 წ.ათვის ორივე თვალით უსინათლო იყო, აღრიცხვაზე იმყოფებოდა როგორც უპატრონო მოხუცი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, მკურნალობის კურსს გადიოდა ნევროპათოლოგთან, იყო ქმედუუნარო. მოსარჩელის განცხადებით, დარღვეული იყო ანდერძის შედგენისათვის კანონით დადგენილი ფორმა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ე. ა-ის მიერ 1994 წელს შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა.
მოპასუხე ს. ა-ის წარმომადგენელმა ს. ჟ-მა სარჩელი არ ცნო. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ემ. მოცემული დავა მრავალგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ივლისის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა, მოწმეებისა და ექსპერტის ჩვენებების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ანდერძი შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით. ანდერძის შედგენის დროს ე. ა-ე არ იყო უსინათლო და შეეძლო ანდერძზე ხელის მოწერა, ე.ი. იყო ქმედუნარიანი. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია ე. ა-ის მიერ. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არ არის გამოკვეთილი, ვინაიდან მას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ვადა.
გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 47-ე, 54-ე და 551-ე მუხლები, სსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა და ჩათვალა, რომ ე. ა-ეს ანდერძის შედგენის დროს ჰქონდა მხედველობა და ამას საფუძვლად დაუდო მოსამართლის შეკითხვაზე ექსპერტის პასუხი, რომ ერთ წელიწადში შეიძლებოდა მხედველობის გაუმჯობესება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ანდერძის შედგენის დროისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 551-ე მუხლით დადგენილი იყო ანდერძის სანოტარო ფორმის სავალდებულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოანდერძე ფიზიკური ნაკლის ან სხვა მიზეზების გამო თვითონ ვერ მოაწერდა ხელს, შეიძლებოდა მისი თხოვნით ანდერძისათვის ხელი მოეწერა სხვა მოქალაქესაც ნოტარიუსის თანდასწრებით. ამასთან, უნდა აღნიშნულიყო მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ თვითონ ვერ შეძლო ხელის მოწერა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების კანონით დადგენილი სანოტარო ფორმის დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობას. ასევე, გარიგების ბათილად ცნობას, ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, იწვევს ქმედუუნარო პირის მიერ დადებული გარიგება.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო ანდერძის შედგენის დროს ე. ა-ე არ იყო უსინათლო და შეეძლო ანდერძზე ხელის მოწერა და, აქედან გამომდინარე, იგიქმედუნარიანი იყო და ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი არ მიუთითებს სხვა რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული და რომელიც გამორიცხავდა გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა. სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ.
მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ ექსპერტის დასკვნა განიხილა სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ასევე სრულად და ყოველმხრივ განიხილა მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტის მოსაზრებები და შინაგანი რწმენით მიიღო დასკვნა იმის შესახებ, რომ ანდერძის შედგენის დროს ე. ა-ე ქმედუნარიანი იყო, არ იყო უსინათლო და შეეძლო ანდერძზე ხელის მოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ა-ის წარმომადგენელ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 29 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.