დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.04.2005
საქმის ნომერი
ას-1326-1437-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1326-1437-05 28 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, სხვადასხვა სახის სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 21 აგვისტოს ა. პ.-მ სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ნ. გ.-სა და ნ. ნ.-ის მიმართ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების, სხვადასხვა სახის სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, კერძოდ, ა. პ.-ი ითხოვდა მოპასუხეებისათვის 2816 ლარის დაკისრებას. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მხარეებს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აწ გარდაცვლილ გ.კ.-ის დაკრძალვისათვის საჭირო თანხა უნდა გაეღო მას (ა. პ.-ს), რომელიც სამემკვიდრეო ქონებიდან აუნაზღაურებდა, ამის შემდეგ მხარეებს ერთმანეთში საპრეტენზიო არაფერი ექნებოდათ. მოსარჩელემ გაიღო ყოველგვარი ხარჯი, მოპასუხეებმა კი, რომლებმაც მიიღეს მთელი სამკვიდრო ქონება, უარი განაცხადეს დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე.

იმავე სასამართლოში ნ. გ.-მ და ნ. ნ.-მ შეიტანეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვეს, მათ სასარგებლოდ ა. პ.-ს დაეკისრებოდა ხორბლის მოსავლის, 22 ტონის, ღირებულების _ 4000 ლარის, ტრაქტორების: «მტზ-52» და «ტ-54» მარკის ღირებულების _ 3000 ლარის, 1 ჰა ვენახის (რქაწითელი) ორი წლის მოსავლის ღირებულების _ 2000 ლარისა და ატმის განადგურებით მიყენებული ზიანის 1000 ლარის გადახდა. ნ. გ.-მ და ნ. ნ.-მ შეგებებული სარჩელით სულ მოითხოვეს 10000 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის, რადგან ა. პ.-მ მიითვისა გარდაცვლილის ქონება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა. პ.-ის სარჩელი, რომლითაც გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საჩივრის განხილვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 ივნისის განჩინებით დაინიშნა 2004წ. 20 ივლისს.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ა. პ.-ის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ, რის გამოც ა. პ.-მ დატოვა სხდომის დარბაზი. სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა ნ. გ.-მ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

2004წ. 20 ივლისს სიღნაღის რაიონული სასამართლომ დააკმაყოფილა ნ. გ.-ს შუამდგომლობა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელე ა. პ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ნ. გ.-სა და ნ. ნ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მათ სასარგებლოდ ა. პ.-ს დაეკისრა 10000 ლარის გადახდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. პ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით, კერძოდ, სასამართლოს იგი არ გაუფრთხილებია, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობა ან სხდომის მიტოვება ჩაეთვლებოდა გამოუცხადებლობაში და გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2004წ. 16 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გამოიტანა განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. პ.-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ სსკ-ის 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც უარს აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, სსკ-ის 72-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, ა. პ.-ი უნდა გაეფრთხილებინა მის მიერ სასამართლო სხდომის დარბაზის მიტოვების შედეგებზეც. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ.-მ და მოითხოვა 2004წ. 16 ნოემბრის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ა. პ.-ს გაეგზავნა შეტყობინება სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რომლითაც იგი გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მითითება 72-ე მუხლის «ზ» პუნქტზე არასწორია.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ კანონის მითითებული დარღვევას არა აქვს ადგილი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსკ-ის 232-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების საფუძვლიანობის გამორკვევისას, სხვა უფლებებთან ერთად აღჭურვილია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე ასევე ნიშნავს სამართლაწარმოებაზე დასწრების უფლებასაც.

აღნიშნული უფლების განხორციელება უნდა უზრუნველყოს სასამართლომ, რაც უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ უნდა განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები. კონკრეტულ შემთხვევაში უფლების განმარტებაში იგულისხმება ამ უფლების გამოუყენებლობის შედეგების განმარტება. კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ა. პ.-ი სასამართლო შეტყობინებით და ზეპირად იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე, ამ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის არგუმენტად. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა მარტო მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების განმარტებას, არამედ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის შედეგების განმარტებას, რაც განსხვავდება პროცესუალური თავისებურებით. ამრიგად, სსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტი, ასევე გულისხმობს მითითებას იმ სამართლებრივი შედეგებზე, რასაც იწვევს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა. სსკ-ის 288-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს ცნობები მხარეებისა და წარმომადგენლებისათვის მათი საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ უნდა აღნიშნული ყოფილიყო სასამართლო სხდომის ოქმში, რაც ასევე არ დასტურდება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, რომლის მიხედვით ა. პ.-ი იყო მოპასუხე.

სსკ-ის 232-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის გამოუცხადებლად მიჩნევის შემდეგ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საოლქო სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე, ასევე მიუთითებს ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა მოთხოვნის იურიდიული მართებულება და იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევდა, რომ სარჩელში აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას, სასამართლოს უნდა მიეთითებინა იმ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომელიც ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს, თუ რამდენად იურიდიულად ამართლებენ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები შეგებებულ სარჩელს.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.