გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1361-1477-04 13 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 17 ოქტომბერს შპს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეეების _ ფ. დ-ის, გ. ჭ-ას, მ. ყ-ას, ი. ჯ-ას მიმართ მათი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების თაობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც შპს „თ-ის“ საკუთრებას წარმოადგენს, დაიწყო 1991 წელს. მოხერხდა 7,5 სართულის კარკასის აშენება, რის შემდეგაც, უსახსრობის გამო, მშენებლობა შეჩერდა.
2001წ. 4 სექტემბერს მშენებარე საცხოვრებელ სახლში ოჯახებით თვითნებურად შეიჭრნენ ლტოლვილები, რაც შპს „თ-ს“ საშუალებას არ აძლევს, დაამთავროს სახლის მშენებლობა. ამის გამო ზიანი ადგებათ ამ ბინის მიღების რიგში მყოფ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს.
მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ სასამართლო პროცესზე სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი არიან დევნილები, არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი, საცხოვრებელი სახლი დაიკავეს საქართველოს პრეზიდენტის 1991წ. ¹2643 ბრძანების საფუძველზე და საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ უნებართვოდ დაკავებული ფართიდან.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის განჩინებით ფ. დ-ის, გ. ჭ-ას, მ. ყ-ასა და სხვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986წ. ¹15-29 465 გადაწყვეტილებით თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს კორპუსის ასაშენებლად გამოეყო ვარკეთილის საცხოვრებელი რაიონის მე-4 და მე-3 ¹8 და “დ” ავარიული კორპუსების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთები, სადაც 1991 წელს დაიწყო სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
1997წ. 24 ივლისის ¹03-4-724 დადგენილების საფუძველზე შექმნილი შპს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საწარმო “თ-ი”, შპს-ს სამართალმემკვიდრეა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ოქტომბერს შექმნილი შპს თბილისის მერიის საწარმო “თ-ი”. შესაბამისად, აღნიშნული საწარმო გახდა იმ მუნიციპალური ქონების სამართალმემკვდრეც, რომელიც მუნიციპალიტეტის საწარმო “თ-ი შპს”-ს ჰქონდა გადაცემული სამეურნეო გამგებლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 17 ივნისის ¹12.17.675 დადგენილების შასაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “თ-ი” სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, არის სადავო საცხოვრებელი სახლის კეთილსინდისიერი მფლობელი. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტები სადავო სახლში შევიდნენ 2001წ. 4 სექტემბერს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ დავა დაიწყო 2001წ. 17 ოქტომბერს ანუ კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, სადავო სახლის ახალ მფლობელებს არა აქვთ სახლის ფლობის უკეთესი უფლება, რადგან აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1992წ. 30 დეკემბრის ¹92 განკარგულების, 1996წ. ¹643 ბრძანებულებისა და “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” კანონის მიხედვით მათი გამოსახლება არ უნდა მოხდეს, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ 1996წ. 25 სექტემბრის კანონში 2001წ. 18 დეკემბერს შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მე-3 მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება გარდა იმ შემთხვევისა, როცა დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათი ქმედება სადავო ბინაში შეჭრის შესახებ, სსკ-ის 118-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, რადგან მათი შეჭრა სადავო ბინაში მოხდა თვითდახმარების მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმ პირის მოქმედება არ ჩაითვლება მართლსაწიანააღმდეგოდ, რომელსაც კომპეტენტური ორგანოების დახმარება ვერ უსწრებს და იგი მისი უფლებების განხორციელებაში მოქმედებს თვითდახმარების მიზნით, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ კომპეტენტურმა ორგანოებმა აპელანტებს ბინის უზრუნველსაყოფად დახმარება ვერ აღმოუჩინეს, ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ უფლება თვითდახმარების მიზნით შეჭრილიყვნენ შპს “თ-ის” მფლობელობაში არსებულ ბინაში, რომელსაც არ ევალებოდა აპელანტების ზემომითითებული უფლების განხორციელება.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს სადავო სახლი, ამდენად, აპელანტების სადავო ბინაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს, მსგავსად მესაკუთრისა შეეძლო მოეთხოვა სადავო სახლის მფლობელზე ხელშეშლის აღკვეთა, შპს “თ-ის” მოთხოვნა მოპასუხეების გამოსახლების შესახებ საფუძვლიანია და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფ. დ-მა, გ. ჭ-ამ, მ. ყ-ამ და სხვებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორების განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” 1996წ. 25 სექტემბრის კანონში 2001წ. 18 დეკემბერს შეტანილი ცვლილება, რადგან დადგენილია, რომ დევნილები სადავო სახლში შესახლდნენ 2001წ. 4 სექტემბერს, ხოლო, სკ-ის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას, ამ შემთხვევაში კი აღნიშნული ცვლილება სწორედ რომ აუარესებს მოპასუხეთა მდგომარეობას.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ რაიონული სასამართლო გასცდა გადაწყვეტილების გამოტანის ფარგლებს, რადგან მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მხოლოდ 5 პირის (მოპასუხების) მიმართ, ხოლო დანარჩენები, რომლებიც გადაწყვეტილებით გამოსახლდნენ მათ მიერ დაკავებული ფართიდან, საქმის განხილვის პროცესში სასამართლოს დადგენილებით, საქმეში არ ყოფილან ჩართულნი მოპასუხეებად. აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო საჩივარშიც მითითებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მიეკუთვნებინა თავისი გადაწყვეტილებით მხარისათვის ის, რაც მას არ მოუთხოვია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
“იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილს დროებითი საცხოვრებელი ფართობით. Aაღნიშნული ნორმის საფუძველზე, სახელმწიფომ უნდა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც იძულებით გადაადგილებული პირი _ დევნილი გახდება მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის მართლზომიერი მფლობელი. Gგანსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არ არსებობს სახელმწიფოს მიერ კასატორების სადაო ფართში შესახლების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი ანუ “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის თაობაზე.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ,, კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილების მიუხედავად, დაუშვებელი იყო სახელმწიფოს მიერ სათანადო ნებართვის გარეშე, არამართლზომიერად, სხვისი ქონებით სარგებლობა. კანონში განხორციელებული ცვლილებით მოხდა დაკონკრეტება იმ გარემოებებისა, როცა დევნილების გამოსახლება ხდება მათ მიერ დაკავებული ფართიდან. Aაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ კანონში 2001წ. 18 დეკემბერს შეტანილი ცვლილება. აღნიშნული ცვლილებით კანონის მე-7 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება გარდა იმ შემთხვევისა, როცა დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. კასატორი მიუთითებს სკ-ის 6-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეცა უკუქცევითი ძალა აღნიშნული ცვლილებისათვის. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა მითითებული კანონი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს სადავო ფართის დაკავებისას და არც მოგვიანებით, კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანის შემდეგ, არ მოუპოვებიათ ისეთი საბუთი, რაც მათ ქმედებას მართლზომიერს გახდიდა. მათ მიერ განხორციელებული ქმედება (კანონიერი საფუძვლის გარეშე სხვისი ქონებით სარგებლობა), მართალია, განხორციელდა 2001წ. 4 სექტემბერს, მაგრამ იგი გაგრძელდა კანონში ცვლილების შეტანის შემდეგაც, ე.ი. არამართლზომიერი ქმედება ე.წ. დენადი ხასიათისაა, რის გამოც სასამართლომ სწორად გამოიყენა ახალი ნორმა. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილების შეტანამდეც კანონმდებლობით იკრძალებოდა თვითნებურად განხორციელებული ქმედება. ამდენად, ნორმისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის რომ კასატორების _ ფ. დ-ის, გ. ჭ-ას, მ. ყ-ას, ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა იზიარებს იმ კასატორების მოსაზრებას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიკვლია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ის პირები, რომლებსაც შეეხოთ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოწვეული იყვნენ თუ არა საქმის განხილვაში კანონით დადგენილი წესით. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ, აპელანტები მიუთითებდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ საპროცესო დარღვევაზე, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა. პალატა თვლის, რომ, თუ მითითებულ საპროცესო დარღვევას ადგილი აქვს (იგი უნდა დადგინდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევის შედეგად), მაშინ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონდარღვევით (სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ. დ-ის, გ. ჭ-ას, მ. ყ-ას, ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მ. შ-ის, გ. დ-ას, გ. ყ-ას, მ. გ-ას, შ. ჩ-ის, ა. ყ-ას, მ. გ-ას, გ. მ-ის, ი. ჯ-ას, ს. ღ-ას, ნ. კ-ის, გ. ნ-ის, ე. ყ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და მათი გამოსახლების ნაწილში გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 სექტემბრის განჩინება და საქმე ამ ნაწილში დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.