გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1399-1617-05 27 თებერვალი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: პრივატიზებულ ქონებაში წილის განსაზღვრა და მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. კ-იამ, ვ.ფ-იანმა (უფლებამონაცვლეები ნ. , ბ. და მ. ფ-იანები) და მ.ხ-იამ სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს «თ-ას» დირექტორ თ. გ-იანის წინააღმდეგ. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ისინი მუშაობდნენ დიდუბის რაიონის ¹46-ე პურის მაღაზიაში, რომელიც პირდაპირი მიყიდვის წესით შეისყიდა შრომითი კოლექტივის შექმნილმა დროებითმა საპრივატიზაციო ამხანაგობამ, რაზეც 1995წ. ოქტომბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ქ.კ-იამ, ნ., ბ. და მ. ფ-იანებმა მოითხოვეს საპრივატიზაციო დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მათი წილის განსაზღვრა პრივატიზებულ ქონებაში და წილის მიკუთვნება, ხოლო მ. ხ-იამ მოითხოვა 1995 წლიდან 2003წ. ჩათვლით მოგების სახით გადაუხდელი თანხის კომპენსაცია 5000 აშშ დოლარის ოდენობით და პარტნიორის უფლებების განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით ნ. , ბ. და მ. ფ-იანების, ქ. კ-იას და მ. ხ-იას მიერ. მ. ხ-იამ მოითხოვა 12 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის ნატურით გამოყოფა შპს „თ-ას“ ობიექტიდან, ქ.კ-ია, ნ. , ბ. და მ. ფ-იანებმა კი მოითხოვეს ცვლილებების შეტანა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში, საპრივატიზაციო ქონების კანონიერ მესაკუთრედ ცნობა და წილის განსაზღვრა თანასაკუთრებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 სექტემბრის განჩინებით მ.ხ-იას სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება მ.ხ-იას მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 სექტემბრის განჩინებითარ დაკმაყოფილდა ნ. , ბ., მ. ფ-იანებისა და ქ. კ-იას სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მარტის გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ აპელანტები არ იყვნენ არც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მხარეები და არც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178-ე ბრძანებულება „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების მუშაკებისათვის ობიექტის პირდაპირი მიყიდვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ითალისწინებს კოლექტივის წევრობის საფუძველზე კოლექტივის წევრებისათვის ობიექტების საკუთრებაში გადაცემას.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით ქ. კ-იასა და ნ. ფ-იანის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 27 იანვრის განჩინებით ნ. ფ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
კასატორი ქ. კ-ია საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში. მაღაზიის დირექტორმა პრივატიზაცია განახორციელა მისი გვერდის ავლით.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებვისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“, რომლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამხანაგობას არ ჰქონდა უფლება თანხობრივად დაეფარა ობიექტის გასაყიდი ფასის 65 პროცენტზე მეტი, ხოლო ობიექტის საფასურის დარჩენილი ნაწილი ამხანაგობას უნდა აენაზღაურებინა საპრივატიზაციო ბარათებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 381-ე მუხლი, რადგან მან არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა განახლებული სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ.კ-ია თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ იგი მუშაობდა სახელმწიფო საწარმო „დ-ის“ მოლარე-კონტროლიორად, რის გამოც იგი უფლებამოსილი იყო მიეღო მონაწილეობა ამ მაღაზიის პრივატიზაციაში. საწარმოს დირექტორმა კი თანამშრომელთა სიაში იგი არ შეიყვანა, ამასთან, იგი არ დაასწრეს შრომითი კოლექტივის საერთო კრებას. კრება არ ჩატარებულა და პრივატიზაცია მოხდა მოლოდ ქაღალდზე. სააპელაციო სასამართლომ აპელანტები არ მიიჩნია სადავო საგნის თანამესაკუთრეებად, იმ საფუძვლით, რომ ისინი არ არიან არც ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები და ამასთან, არც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178-ე ბრძანებულება ითვალისწინებს კოლექტივის წევრობის საფუძველზე (გამოსყიდვის გარეშე) კოლექტივის წევრებისათვის ობიექტის საკუთრებაში გადაცემას. ის გარემოება, რომ ქ.კ-იას და ვ.ფ-იანს არ მიუღიათ მონაწილეობა ქონების გამოსყიდვაში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამომდინარეობდა მათი სურვილიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავის შეფასებისას სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, ჰქონდათ თუ არა მოდავე პირებს პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლება და შესძლეს თუ არა მათ ამ უფლების რეალიზაცია. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს ადგილი, კერძოდ, განხორციელდა თუ არა პრივატიზაცია მათი გვერდის ავლით ანუ პრივატიზაციაში მათ მიერ მონაწილეობის მიუღებლობა განპირობებული იყო მათი სურვილით თუ განაპირობა საწარმოს ადმინისტრაციის მიერ ხელისშეშლამ. აღნიშნული გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელია სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავასთან დაკავშირებით.
სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულებები არ შეუფასებია კანონით დადგენილი წესით, არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია და, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. კ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.