გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.12.2006
საქმის ნომერი
ას-1404-1622-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1404-1622-05 28 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია

დავის საგანი: აქციების მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 3 აგვისტოს მ. ჭ-შვილმა, გ. ნ-ძემ, ზ. გ-ძემ, მ. ყ-შვილმა და ე. ნ-ძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ა. ა-ძის, ბ. გ-ურისა და ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს თ. მ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვეს სს „ტ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 18 ივნისის სხდომის ოქმის ბათილად და აქციათა პროცენტული წილის დადგენილად ცნობა.

მოსარჩელეებმა მიუთითეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2004წ. 18 ივნისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა იყო არაუფლებამოსილი, რადგან სხდომას საბჭოში რეგისტრირებული ცხრა წევრიდან ესწრებოდა მხოლოდ ოთხი. ამასთან, უხეშად დაირღვა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55.3 მუხლის მოთხოვნა, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იმავდროულად აირჩიეს საზოგადოების დირექტორად, აგრეთვე, მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2003წ. 22 სექტემბრის აქციონერთა კრებაზე საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. კრებას თავმჯდომარეობდა ა. ა-ძე. კრების ოქმი გაფორმდა ნოტარიულად, მაგრამ სასამართლოში არ წარდგენილა, რაც მათთვის 2004წ. ივნისში გახდა ცნობილი. ამ მომენტისთვის შეიტყვეს, აგრეთვე, რომ ა. ა-ძეს პროტესტი განუცხადებია ნოტარიუსისთვის შეტანილი ცვლილებების გამო, იმ მოტივით, რომ მას საკუთრებაში ჰქონდა 13.560 ცალი აქცია და ამიტომ არასწორად თვლიდა მათ წილებს, მაშინ, როცა აქციონერთა წილები დამოუკიდებელი რეგისტრატორი „კ. ც-ის“ რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგინდა შემდეგნაირად: მ. ჭ-შვილის წილი შეადგენდა 4,8867 %-ს, გ. ნ-ძის _ 4,8754%-ს, ზ. გ-ძის _ 1,5245%-ს, მ. ყ-შვილის _ 4,8528%-ს, ხოლო ე. ნ-ძის 4,8754%-ს.

2004წ. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა ა. ა-ძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოების აქციონერებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს შემდეგი რაოდენობის აქციები: ზ. ლ-ძემ შეიძინა 3973 აქცია, გ. ნ-ძემ – 3929, ზ. გ-ძემ – 692, მ. ყ-შვილმა – 3900, ე. ნ-ძემ – 3960, ხოლო მ. ჭ-შვილმა – 4438 აქცია.

ვინაიდან სს «ტ-ში“ 100-ზე მეტი აქციონერი ირიცხებოდა, აქციათა რეესტრს დამოუკიდებელი რეგისტრატორი შპს „კ. ც-ის“ ქუთაისის ფილიალი აწარმოებდა. აღნიშნულმა საზოგადოებამ უხეშად დაარღვია თავისი ვალდებულება და აქციათა რეესტრში თვითნებურად განახორციელა ჩანაწერები, კერძოდ, თითქოს ზ. გ-ძის საკუთრებაში იყო სააქციო საზოგადოების 1485 აქცია, გ. ნ-ძის საკუთრებაში _ 4749აქცია, მ. ყ-შვილის საკუთრებაში – 4727, ე. ნ-ძის – 4749, ზ. ლ-ძის – 4760, ხოლო მ. ჭ-შვილის საკუთრებაში – 4749 აქცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ა-ძემ მოითხოვა სს „ტ-ისაგან“ აქციათა რეესტრის შესადგენად გამოყენებული ყველა იმ დოკუმენტის გამოთხოვა, რომელთა საფუძველზეც აღნიშნული ჩანაწერი განხორციელდა, აგრეთვე, მოპასუხეთათვის აქციათა რაოდენობის შემცირება 4338 ერთეულით მითითებული თანაფარდობის შესაბამისად.

ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჭ-შვილის, გ. ნ-ძის, ზ. გ-ძის, მ. ყ-შვილისა და ე. ნ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს „ტ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 18 ივნისის სხდომის ოქმი ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელეთა წილი სს „ტ-ის“ საწესდებო კაპიტალში შემდეგნაირად განისაზღვრა: მ. ჭ-შვილის კუთვნილმა წილმა შეადგინა _ 4,8867%, გ. ნ-ძის _ 4,8754%, ზ. გ-ძის _ 1,5245%, მ. ყ-შვილის _ 4,8528%, ხოლო ე. ნ-ძის _ 4,8754%. ა. ა-ძის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტმა აღნიშნა, რომ სს „ტ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 18 ივნისის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანი იყო, ვინაიდან რეგისტრირებული ცხრა წევრიდან ერთი იმ მომენტისათვის გარდაცვლილი იყო, ხოლო დარჩენილი რვა წევრიდან ოთხი სხდომას ესწრებოდა, ე. ნ-ძემ კენჭისყრის შემდეგ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, საქმეში არსებული საბუთებით მტკიცდება, რომ მის საკუთრებაში 13,560 აქცია იყო, რაც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა, შუამდგომლობის მიუხედავად, დამოუკიდებელი რეგისტრატორისაგან დოკუმენტები არ გამოუთხოვიათ და გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო მხოლოდ გაყალბებულ აქციათა ჟურნალს დაეყრდნო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა; ახალი გადაწყვეტილებით მ. ჭ-შვილის, გ. ნ-ძის, ზ. გ-ძის, მ. ყ-შვილისა და ე. ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ა. ა-ძის შეგებებული სარჩელი მ. ჭ-შვილის, გ. ნ-ძის, ზ. გ-ძის, მ. ყ-შვილისა და ე. ნ-ძის წინააღმდეგ, სს „ტ-ის“ აქციების მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, დაკმაყოფილდა, ა. ა-ძის სასარგებლოდ მ. ჭ-შვილისაგან გამოთხოვილ იქნა სს „ტ-ის“ 322 აქცია, გ. ნ-ძისაგან _ 820, ე. ნ-ძისაგან _ 789, მ. ყ-შვილისაგან _ 827, ხოლო ზ. გ-ძისაგან _ 793 აქცია, სულ 3551 აქცია და ამ აქციების მესაკუთრედ ცნობილ იქნა ა. ა-ძე. ზაურ ლ-ძისა და შპს „კ. ც-ის“ წინააღმდეგ ა. ა-ძის შეგებებული სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ვინაიდან ა. ა-ძემ სააპელაციო სამართალწარმოების დროს უარი განაცხადა სს „ტ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 18 ივნისის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის დადებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ჩათვალა სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე და, ამავე კოდექსის 170-ე, 172-ე და 976-ე მუხლების თანახმად, ა. ა-ძე უფლებამოსილად მიიჩნია გამოეთხოვა კუთვნილი აქციები. სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება ა. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელს მოთხოვნა 1999წ. 24 დეკემბერს წარმოეშვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-შვილმა, გ. ნ-ძემ, ზ. გ-ძემ. მ. ყ-შვილმა და ე. ნ-ძემ. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებიდან გამომდინარე:

1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 130-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კასატორების აზრით, სასამართლომ არამართებულად არ გაიზიარა მათი მტკიცება ა. ა-ძის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან ამ უკანასკნელს მოთხოვნის უფლება 1999წ. 3 ნოემბერს წარმოეშვა, როდესაც მას «თითქოსდა იძულების მუქარით» სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მოსთხოვეს ერთპიროვნულად შეძენილი აქციების დაბრუნება და არა 1999წ. 24 დეკემბერს, ანუ აქციონერთა რეესტრის ელექტრონული ვერსიის შექმნის დღეს, ხოლო შეგებებული სარჩელი კი ა. ა-ძემ შეიტანა 2004წ. 16 ნოემბერს. კასატორთა აზრით, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, როგორც სხდომის ოქმის გასაჩივრების (ორთვიანი), ისე _ სამეწარმეო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნის (ხუთწლიანი); კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ასევე სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო პალატა კი აღნიშნული მუხლის საპირისპიროდ დაეყრდნო დაუდასტურებელ ფაქტს და მისცა სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ამ აუქციონზე ა. ა-ძის, როგორც სს «ტ-ის» აქციონერთა წარმომადგენლის მოქმედება, აგრეთვე, მის მიერ აღნიშნულ აუქციონზე შეძენილი აქციების სხვა პირებზე გადანაწილების ვალდებულების აღება. ამგვარი დასკვნით სააპელაციო პალატამ, კასატორთა აზრით, დაარღვია სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმადაც _ თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულის საპირისპიროდ კასატორები ამტკიცებენ, რომ ა. ა-ძე ნულოვან აუქციონზე მოქმედებდა როგორც კოლექტივის ხელმძღვანელი, ვინაიდან იმ მომენტისათვის ა. ა-ძე აღჭურვილი იყო სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილებით, კერძოდ, სს-ის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება-მოვალეობებით. კასატორები თავიანთ მოთხოვნას ამყარებენ ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1999წ. 26 იანვრის წერილით, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ქონების მართვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა სპეციალიზებული აუქციონი აქციათა ნულოვანი საწყისი ფასით, რომელზედაც იყიდებოდა სს «ტ-ის» სახელმწიფო კუთვნილებაში დარჩენილი აქციები, რის შესახებაც, როგორც წერილში იყო მითითებული, კოლექტივის ინფორმირება ევალებოდა საზოგადოების ხელმძღვანელს ა.ა-ძეს;

2. კასატორთა აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 51.1 და 51.2-51.4 მუხლები. კასატორთა გაუგებრობა გამოიწვია აღნიშნული კანონის 51.1 და 51.3 მუხლების გამოყენების საჭიროებამ, ხოლო, რაც შეეხება 51.2 და 51.4 მუხლებს, კასატორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მუხლების გამოყენებით დარღვეულია კანონის დროში მოქმედების პრინციპი, ვინაიდან მათი შეფარდება მოხდა იმ სამართალურთიერთობების მიმართ, რომლებსაც 1999წ. იანვარ-თებერვალში არსებობდა, ხოლო სასამართლო მითითებული კანონის ნორმებს 1999წ. კანონის პირველი სექტემბრის რედაქციით იყენებს. კასატორთა აზრით, სასამართლოს არ უმსჯელია, ასევე, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1996წ. 29 თებერვლის ¹1-3/27 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის წესის» მე-8 მუხლისა და «აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ» დროებითი დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობაზე «მეწარმეთა შესახებ კანონში» 1997წ. 23 იანვარს, 1998წ. პირველ აგვისტოსა და 1999წ. პირველ სექტემბერს განხორციელებულ ცვლილებებთან. კასატორები დაუშვებლად მიიჩნევენ განსახილველი დავის მოსაგვარებლად „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის გამოყენებას, ვინაიდან, მათი აზრით, აღნიშნული კანონი აქციათა რეესტრის ელექტრონული ვერსიის შექმნის მომენტისათვის ძალაში შესული ჯერ კიდევ არ იყო (ელექტრონული ვერსია შეიქმნა 1999წ. 24 დეკემბერს, ხოლო «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი», რომელიც ასევე 1999წ. 24 დეკემბერს მიიღეს, ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს);

3. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითეს, კერძოდ, კანონის არასწორ განმარტებაზე. კასატორთა აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რაც იმაში გამოიხატა, რომ სააპელაციო პალატამ იძულებით დადებული გარიგება ბათილად, სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ცნო, ხოლო ა. ა-ძეს კი მისი კუთვნილი აქციების კასატორებისაგან გამოთხოვის უფლება სსკ-ის 170-ე, 172-ე და 976-ე მუხლების საფუძველზე მიანიჭა;

4. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად ფაქტობრივი გარემოებების არასრული გამოკვლევაზეც მიუთითეს. კერძოდ, სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო 1999წ. 3 ნოემბრის იძულებით დადებული გარიგება ისე, რომ არ გამოუკვლევია 1999წ. 3 ნოემბრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი, სასამართლო სხდომებზე არ მოუსმენია მხარეთა ახსნა-განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც ნათლად ჩანს საქმეში არსებული სასამართლო სხდომის ოქმებიდან. კასატორთა მტკიცებით, სამეთვალყურეო საბჭოს აღნიშნულ სხდომაზე გარიგება იძულებით არ დადებულა. საკასაციო საჩივარში მითითებული ოქმის სრული ტექსტის ფორმულირების შედეგად კასატორები უთითებენ, რომ აღნიშნულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ა. ა-ძე გადააყენეს თანამდებობიდან, ხოლო აქციები კი იძულებით არ გაუსხვისებიათ.

კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ის ფაქტობრივი გარემოება, ა.ა-ძე ნულოვან აუქციონზე მონაწილეობდა როგორც ფიზიკური პირი, თუ როგორც სს «ტ-ის» წარმომადგენელი. კასატორები ეყრდნობიან რა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1996წ. ¹1-3/727 ბრძანებით დამტკიცებულ «სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის წესის» მე-8 მუხლს, რომლის თანახმადაც მყიდველს ეძლევა აუქციონის შედეგის ოქმი, უთითებენ ფაქტობრივი გარემოებების არასრულ გამოკვლევაზე, ვინაიდან აღნიშნული ოქმის ნაცვლად ა.ა-ძემ სასამართლოს წარუდგინა სს «ტ-ის» აქციების მიმღებ პირთა სია, რომელიც დადასტურებულია ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/102 ბრძანებით.

კასატორები უთითებენ ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებების არასრულ გამოკვლევაზე, რომლებიც ნულოვან აუქციონზე შესყიდული აქციების სს «ტ-ის» აქციონერებზე გადანაწილებას ეხება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა, მ. ჭ-შვილმა, გ. ნ-ძემ, ზ. გ-ძემ, მ. ყ-შვილმა და ე. ნ-ძემ მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ზემოთ მითითებულ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ა.ა-ძემ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები, კერძოდ, მან ნულოვან აუქციონში მონაწილეობა მიიღო როგორც ფიზიკურმა პირმა, 315 ლარის მაშინდელი სახელმწიფო ბანკის ქუთაისის ფილიალში შეტანით, რაც დადასტურებულია სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ 1999წ. 8 მარტს დამტკიცებული აუქციონის ჩატარების ოქმით.

მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა ასევე «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის» მიღების თარიღის შესახებ კასატორთა მიერ მცდარი პოზიციის გამოთქმის თაობაზე, კერძოდ, მან აღნიშნული კანონის მიღების თარიღად დაასახელა 1998წ. 24 დეკემბერი, 1999წ. 24 დეკემბრის ნაცვლად, რაც აღნიშნული კანონის განსახილველი დავისადმი შეფარდების შესაძლებლობას იძლეოდა. მოწინააღმდეგე მხარემ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ასევე მისი მოთხოვნის წარმოშობის თარიღთან მიმართებით, კერძოდ, მას მოთხოვნა წარმოეშვა არა სამეთვალყურეო საბჭოს სხომაზე (1999წ. 3 ნოემბერს), არამედ აქციათა ელექტრონული ვერსიის შედგენის დღეს (1999წ. 14 დეკემბერს). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარე ა. ა-ძემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის, როგორც დაუშვებლის, განუხილველად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მისი დასაბუთებულობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დაადგინა, რომ ა. ა-ძემ სპეციალიზებულ (ნულოვანი საწყისი ფასით) აუქციონზე შეისყიდა 7 923 აქცია არა როგორც სს «ტ-ის» აქციონერთა წარმომადგენელმა, არამედ _ როგორც ფიზიკურმა პირმა;

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-ძეს ზემოაღნიშნული აქციების ერთპიროვნულად შეძენის გამო აქციონერებმა პასუხი მოსთხოვეს და 1999წ. 3 ნოემბრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე თანამდებობის დატოვების მუქარით აიძულეს მის საკუთრებაში არსებული 8 800 აქციის გადაცემა სხვა აქციონერებისათვის, რის შედეგადაც ზაურ ლ-ძეს გადაეცა 787 ცალი აქცია, გ. ნ-ძეს – 820, ზ. გ-ძეს – 793, მ. ყ-შვილს – 827, ე. ნ-ძეს – 789, ხოლო მ. ჭ-შვილს – 322 ცალი აქცია. აღნიშნული ფაქტი სააპელაციო პალატამ შეაფასა, როგორც აქციების ნასყიდობის თაობაზე სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად დადებული გარიგება.

სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგენს მხარის მითითებას პროცესუალურ-სამართლებრივ დარღვევებზე, განსაკუთრებით ეს ეხება სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დარღვევას, კერძოდ, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

კასატორებმა ისარგებლეს სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული შედავების წარდგენის უფლებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

საკასაციო პალატამ შეამოწმა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გამოარკვია, რომ საპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ა.ა-ძე ნულოვან აუქციონზე მოქმედებდა როგორც ფიზიკური პირი და არა როგორც სს «ტ-ის» აქციონერთა წარმომადგენელი, მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე, სამართლებრივ საფუძველს. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და, შესაბამისად, სამართლებრივი შეფასება არ მისცა ა. ა-ძის, როგორც ფიზიკური პირის, ნულოვან აუქციონზე მონაწილეობის დასადგენად მნიშვნელოვან ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, როგორებიცაა ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1999წ. 26 იანვრის წერილი, სადაც, კასატორთა მითითებით, აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფოს ქონების მართვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა სპეციალიზებული აუქციონი აქციათა ნულოვანი საწყისი ფასით, სადაც სს «ტ-ის» სახელმწიფო კუთვნილებაში დარჩენილი აქციები იყიდებოდა, რის შესახებაც, როგორც წერილში იყო მითითებული, კოლექტივის ინფორმირება ევალებოდა საზოგადოების ხელმძღვანელს _ ა.ა-ძეს. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად არ გამოიკვლია, ასევე, ნულოვანი აუქციონის შედეგების ოქმი და დაეყრდნო მხოლოდ სს «ტ-ის» აქციების მიმღებ პირთა სიას, რომელიც დადასტურებული იყო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/102 ბრძანებით.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატას იმაში, რომ მან მსჯელობის საგნად მხოლოდ ა.ა-ძის საკუთრებაში არსებული აქციების შემცირება და აქციათა რეესტრში მოპასუხეთა საკუთრებად რეგისტრაცია მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დავის ამოსავალ წერტილს სწორედ ა.ა-ძის ნულოვან აუქციონზე მოქმედების კანონიერების ან უკანონობის დადგენა წარმოადგენს, რაც მტკიცებულებათა სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას საჭიროებს.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 1999წ. 3 ნოემბრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე იძულებით დადებული გარიგების თაობაზე ასევე არ ემყარება ფაქტობრივი გარემოებების სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. სააპელაციო პალატამ ისე დაადგინა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე იძულებითი გარიგების დადების ფაქტი, რომ არ გამოიკვლია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი და არ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ფაქტის პროცესუალურად მართებულად დადგენის შემთხვევაშიც კი, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ იძულებით დადებული გარიგების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, იძულებით დადებული გარიგების შეფასების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს სსკ-ის 54-ე მუხლი, არამედ სსკ-ის-ს 85-ე-89-ე მუხლები. აღნიშნული განსხვავების კონსტანტაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია საცილო და უცილოდ ბათილი გარიგების თეორიული წინამძღვრების არსებობის პირობებში, კერძოდ, არარა გარიგება მისი დადების მომენტიდანვეა ბათილი და ამდენად, მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც მხარეთა ნება და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება. დადების მომენტიდანვე ბათილად ჩაითვლება საცილო გარიგებაც, ოღონდ ეს ხდება მისი ბათილობის დადგენის შემდეგ (განსახილველ შემთხვევაში იძულების ფაქტის დადგენის შემდეგ). არარა გარიგების შემთხვევაში ბათილობის ფაქტს არ სჭირდება დადგენა, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ადასტურებს უკვე არსებული ბათილობის ფაქტს. გარდა აღნიშნული განსხვავებისა, იძულების ფაქტის დადგენის შემთხვევაში კანონი შეცილების სპეციალურ ვადას ითვალისწინებს. სსკ-ის 89-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთიწ. განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას «იძულებით დადებული» გარიგების შედეგად აქციების უკან დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თუმცა, არა იმ საფუძვლით, რაზეც ისინი უთითებენ, კერძოდ, არა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის გასაჩივრების ორთვიანი ვადის საფუძველზე, ვინაიდან სხდომის ოქმის გასაჩივრების საფუძველს წარმოადგენს რეალურად მომხდარი ფაქტების შეუსაბამობა წერილობით გადმოცემულ ინფორმაციასთან. ამ შემთხვევაში კი მოთხოვნის საფუძველს, რომელზეც უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა, წარმოადგენს არა სხდომის ოქმი, არამედ _ უშუალოდ ფაქტი, რომლის საცილოობის უფლებაც ა. ა-ძეს საბჭოს სხდომაზევე წარმოეშვა, თუ, რა თქმა უნდა, იძულების ფაქტი სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა სრულად გამოკვლევის შედეგად დადგინდება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერც სააპელაციო პალატის მოსაზრებას გაიზიარებს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ა. ა-ძის წინააღმდეგ იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაზე 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის, როგორც სამეწარმეო სამართლებრივი პრეტენზიის ხანდაზმულობის ზოგადი ვადის, გავრცელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დავა სამეწარმეო სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი და «მეწარმეთა შესახებ» კანონიდან გამომდინარე პრეტენზიებთან არის დაკავშირებული. საკასაციო პალატა აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება და თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა მომდინარეობდეს არა მოთხოვნის სამართლებრივი ბუნებიდან, არამედ მისი წარმოშობის საფუძვლიდან, ანუ აქციებზე დადებული იძულებითი გარიგების ბათილობის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს არა «მეწარმეთა შესახებ» კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადა, არამედ იძულებით დადებული გარიგების შეცილების ერთწლიანი ვადა.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა სრულად გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს სამეთვალყურეო საბჭოს 1999წ. 3 ნოემბრის სხდომაზე დაიდო თუ არა აქციონერებსა და ა-ძეს შორის გარიგება იძულებით. აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უნდა იხელმძღვანელოს სსკ-ის 130-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იძულების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა იწყება იძულების დამთავრებიდან. იძულება კი დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს იმ მომენტიდან, რა დროიდანაც პირი ექცევა სხვისი ნების გამოვლენის იარაღად. ამდენად, ა.ა-ძეს იძულებით დადებული გარიგების შეცილების უფლება წარმოეშვა საბჭოს სხდომაზევე ანუ 1999წ. 3 ნოემბერს. აღნიშნული უფლების ხანდაზმულობის ვადა კი ერთი წელია, რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის გამოყენებას იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, თუ სააპელაციო პალატა დაადგენს, რომ გარიგება იძულებით არ დადებულა, მაშინ აღნიშნული მოთხოვნის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადა.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორთა მითითებას «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის» მიღების თარიღის შესახებ და იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კანონი მიღებულ იქნა არა 1999წ. 24 დეკემბერს, არამედ 1998წ. 24 დეკემბერს, რაც აღნიშნული კანონის განსახილველი დავისადმი შეფარდების შესაძლებლობას იძლევა.

საკასაციო პალატისათვის გაურკვეველია, თუ რა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს დაეყრდნო სააპელაციო პალატა, როცა განმარტა, რომ სს «ტ-ი» «საჯარო (ღია)» სააქციო საზოგადოებას წარმოადგენს, რომლის აქციები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული არ არის.

რაც შეეხება აქციების გასხვისების ფორმას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს საერთოდ აქციების გასხვისების არსებობის ფაქტი ა.ა-ძესა და აქციონერებს შორის, ხოლო შემდეგ უნდა მოხდეს მისი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ნულოვან აუქციონზე შესყიდული აქციების აქციონერებზე გადანაწილების პრინციპსაც, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რომელთა წინააღმდეგ მხარეს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, ა. ა-ძემ ნულოვან აუქციონზე შეისყიდა 7 923 აქცია, ხოლო დავა კი ეხება 3 551 აქციის მესაკუთრედ ცნობას. გაურკვეველია და კითხვას ბადებს დარჩენილი 4 372 აქციის დანარჩენ აქციონერებზე გადანაწილების წესი.

სსსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკასაციო პალატამ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად, უნდა დაადგინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ა.ა-ძე ნულოვან აუქციონზე მონაწილეობდა როგორც კერძო პირი თუ, როგორც სს «ტ-ის» წარმომადგენელი;

2. გამოიკვლიოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ქონების მართვის ქუთაისის სამმართვლოს 1999წ. 26 იანვრის წერილს, ასევე ნულოვანი აუქციონის შედეგების ოქმსა და 1999წ. სამეთვალყურეო საბჭოს 1999წ. 3 ნოემბრის სხდომის ოქმს;

3. უნდა დადგინდეს დაიდო, თუ არა ა.ა-ძესა და აქციონერებს შორის აქციების ნასყიდობის თაობაზე გარიგება და თუ დაიდო, ჰქონდა თუ არა მას ნებაყოფლობითი ხასიათი და დაცული იყო თუ არა აქციების გასხვისებისათვის კანონით დადგენილი ფორმა; თუ აღნიშნული გარიგება საერთოდ არ დადებულა, მაშინ რით იხელმძღვანელა დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა შპს «კ.-ც-მა» აქციათა რეგისტრაციის ელექტრონული ვერსიის შედგენისას;

4. უნდა დადგინდეს, ასევე, ნულოვან აუქციონზე შესყიდულ აქციათა აქციონერებს შორის გადანაწილების ფაქტობრივი საფუძვლები.

რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმატიული აქტების დროში მოქმედების პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ვინაიდან იმის შესაფასებლად, სასამართლომ ფაქტის სამართალშეფარდება კანონისათვის უკუძალის მინიჭების საფუძველზე მოახდინა თუ ის კანონი გამოიყენა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, დადგენილ უნდა იქნეს იმის შესაბამისად, თუ როდის მოხდა ფაქტი, განსახილველ შემთხვევაში კი საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა იმის დასადგენად, საერთოდ თუ გასხვისდა აქციები და თუ გასხვისდა, როდის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჭ-შვილის, გ. ნ-ძის, ზ. გ-ძის, მ. ყ-შვილისა და ე. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.