დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.07.2005
საქმის ნომერი
ას-1407-1505-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1407-1505-04 5 ივლისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),მ. გოგიშვილი

დავის საგანი: სარჩელში _ ანდერძის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების მიკუთვნება; შეგებებულ სარჩელში _ ბინიდან გამოსახლება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 4 აპრილს ნ. ს-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ნ. ძ-ისა და ქ.ბათუმის ნოტარიუს მ. მ-ის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ე. ს-ის მიერ 1993წ. 19 მარტს შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა, რომლითაც მოანდერძემ თავისი ქონება უანდერძა ნ. ძ-ეს და მისთვის, როგორც კანონისმიერი მემკვიდრისათვის, ე. ს-ის დანაშთი ქონების მიკუთვნება. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ მისი ბიძაშვილის, ე. ს-ის, საანდერძო განკარგულება, რომელიც შემდგომ დამოწმებულ იქნა ნოტარიუს მ. მ-ის მიერ, შედგენილ იქნა მოანდერძის ნების საწინააღმდეგოდ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001წ. 23 ივლისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო: დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ბათუმის ნოტარიუს, მ.მ-ის მიერ 1993წ. 19 მარტს დამოწმებული ანდერძი, რომლითაც ე. ს-ემ მთელი თავისი ქონება უანდერძა მოპასუხე ნ. ძ-ეს.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდა ნ. ძ-ის მიერ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს განჩინებით ნ. ძ-ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა.

ნ. ძ-ემ 2001წ. დეკემბერში შეგებებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ნ. ს-ის გამოსახლება ქ.ბათუმში, ... მდებარე, ე. ს-ის სახელზე რიცხული სამკვიდრო სახლიდან და სამკვიდრო ქონებით უკანონოდ სარგებლობით მიღებული თანხის _ 3000 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელს ეთქვა უარი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მოპასუხე ნ. ძ-ის შეგებებული სარჩელი, საქმის წარმოების შეწყვეტის, ნ. ს-ის სადავო სახლიდან გამოსახლებისა და მასზე 3000 ლარის დაკისრების შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ნ. ს-ემ, ისე _ ნ. ძ-ემ და მ. მ-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. ნ. ძ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არ დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელე ნ. ს-ეს, როგორც არასათანადო მოსარჩელეს, უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; ნ. ძ-ის შეგებებულ სარჩელს ზიანის ანაზღაურებისა და ნ. ს-ის სადავო სახლთმფლობელობიდან გამოსახლების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინება სადავო ბინაზე ყადაღის დადების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ.

კასატორმა ნ. ძ-ემ თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ნ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით ნ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.

ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.

გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უწყება ნ. ძ-ისათვის გადასაცემად ჩაიბარა მისმა შვილმა, ნ.კ-ამ, მაგრამ, ამ უკანასკნელისა და ნ. ძ-ის განმარტებების მიხედვით, მიიჩნია, რომ ნ.ძ-ეს უწყება არ ჩაბარებია, ვინაიდან ვ.კაკულიას დაავიწყდა მისი გადაცემა დედასათვის. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 აპრილის განჩინებით საქმის განხილვაში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება კ. ს-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. და კ. ს-ების სარჩელი და ნ. ძ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს კ. და ნ. ს-ებმა. ნ. ძ-ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინებით ნ. ს-ეს და კ. ს-ებს უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. ს-ეს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ.ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ე.ს-ე გარდაიცვალა 1995 წელს. 1993 წელს შედგენილი ანდერძით მთელი თავისი ქონება უანდერძა ნ.ძ-ეს, ხოლო 1994 წელს შედგენილი ანდერძით კი იგივე ქონება უანდერძა ნ.ს-ეს. აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ს-ის სახელზე შედგენილი ანდერძი ცნობილ იქნა ბათილად, რაც შესულია კანონიერ ძალაში.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-ეზე ანდერძის გაცემის დროს ე.ს-ე გამოხატავდა თავის ჭეშმარიტ ნებას და მუქარას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მისი ნების გამოვლენაზე ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს ნ. ს-ემ და კ. ს-ის წარმომადგენელმა გ. წ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნება.

კ. ს-ის წარმომადგენელი გ. წ-ე თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ნ.ძ-ის მეუღლის რ. კ-ასა და დ. ე-ის ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 551-ე მუხლი, რომელიც არ ითვალისწინებდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ანდერძის შედგენას. კანონის ამ ნორმაში მითითებულია, რომ ანდერძი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და პირადად მოანდერძის მიერ წარედგინოს დასამოწმებლად სანოტარო ორგანოს. გასაჩივრებული ანდერძი კი შედგენილია საბეჭდი მანქანის გამოყენებით და ის მოანდერძეს არ წარუდგენია ნოტარიუსისათვის. მოანდერძეს ანდერძით არ განემარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის შინაარსი.

ნ. ს-ე კი თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ნ.ძ-ეს უწყდება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა რა სსკ-ის 74-ე მუხლი, ამ საფუძვლით არასწორად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ ე. ს-ეს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ.ბათუმში .... ქ¹6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ე.ს-ე გარდაიცვალა 1995 წელს; 1993 წელს შედგენილი ანდერძით მან მთელი თავისი ქონება უანდერძა ნ. ძ-ეს, ხოლო 1995 წელს შედგენილი ანდერძით კი იგივე ქონება უანდერძა ნ.ს-ეს; აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ს-ის სახელზე შედგენილი ანდერძი ცნობილ იქნა ბათილად, რაც შესულია კანონიერ ძალაში; პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ძ-ეზე ანდერძის გაცემის დროს ე.ს-ე გამოხატავდა თავის ჭეშმარიტ ნებას და მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მისი ნების გამოვლენაზე ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ კ. ს-ის საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ნ.ძნელაძის მეუღლის რ. კ-ასა და დ. ე-ის ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას. სადავო ანდერძის შედგენის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სახელმწიფო სანოტარო კანტორების მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 77-ე პუნქტის მეოთხე ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, რომელსაც უანდერძებენ ქონებას, უფლება არა აქვს, დაესწროს ანდერძის შედგენას და ხელი მოაწეროს მას მოანდერძის მაგიერ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოანდერძესთან ანდერძზე ხელის მოწერის დროს სხვა პირების ყოფნას კანონმდებლობა არ კრძალავს; აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, ხომ არ მოუხდენია დამსწრე პირების მოანდერძესთან ყოფნას გავლენა მისი ნების თავისუფლებაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. ანდერძი განკარგულებაა გარდაცვალების შემთხვევაში მოანდერძის ქონების ბედის შესახებ. ანდერძის შედგენისა და გაფორმების სანოტარო წესით დამოწმების პროცედურა, კანონის მოთხოვნა მოანდერძისათვის ცალკეული ნორმების განმარტების თაობაზე, მიზნად ისახავს მოანდერძის ნამდვილი ნების გამოვლენის ხელშეწყობას და დაფიქსირებას; ამდენად, ანდერძის შედგენის ფაქტობრივი გარემოებები საინტერესოა იმ კუთხით ხომ არ ჰქონდა ადგილი ზემოქმედებას მოანდერძის ნებაზე და შეძლო თუ არა მან მისი სურვილის შესაბამისად გამოეხატა თავისი ნება. მოანდერძე ე. ს-ე გარდაიცვალა 1995 წელს, ე.ი. ანდერძის შედგენიდან ორი წ. შემდეგ მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა ხელახალი ანდერძის გაცემით დაედასტურებინა თავისი სურვილი და განწყობა ადრე გაცემული ანდერძის გაუქმებისა და შეცვლის და თავისი ქონების სხვა პირისათვის გადაცემის შესახებ, რაც არ გაუკეთებია; ე. ს-ის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მან სწორად გამოხატა თავისი ნება და გააფორმა ანდერძი ნ.ძ-ეზე ადრე მათ შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად.

სსკ-ის 244-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი _ დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგან რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგედაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ანდერძის ბათილობის საკითხზე მსჯელობისას მოანდერძის ნების ნამდვილობას ადგენს მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე. ამდენად, პალატა თვლის, რომ საკასაციო პრეტენზია, რომ ანდერძში მითითებული არაა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის შინაარსის განმარტების თაობაზე, ასეც, რომ იყოს, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება ე. ს-ის ნების ეჭვქვეშ დაყენებისა და შესაბამისად მისი ანდერძის ბათილად ცნობის საფუძველი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორკაკო სიხარულიძის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 551-ე მუხლი, კერძოდ აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ანდერძის შედგენას; სამოქალაქო სამართლის კოდექსის 551-ე მუხლის მიხედვით ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშვნით და პირადად მოანდერძის მიერ წარედგინოს დასამოწმებლად სანოტარო ორგანოს; მოცემული ნორმა მიუთითებს რა ანდერძის წერილობით შედგენის აუცილებლობაზე, არ გულისხმობს, რომ ანდერძი მხოლოდ ხელნაწერის სახით უნდა იყოს შესრულებული. სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმები, ისევე როგორც ინსტრუქცია სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ არ კრძალავს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ანდერძის შედგენას.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ ნ. სიხარულიძის საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 74-ე მუხლი და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ. ძ-ეს უწყება 2001წ. 23 ივლისს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ სსკ-ის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნ.ძ-ის შვილს _ ვ. კ-ას ჩაბარდა უწყება მასთან მცხოვრებ დედისათვის გადასაცემად. გამომდინარე აღნიშნულიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა რა საპროცესო ნორმა ამ საფუძვლით არასწორად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 2001წ. 23 ივლისს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია, გამართლებული იყო თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად, ამდენად, 2004წ. 12 თებერვალს ამ საფუძვლით სასამართლოს უნდა გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი;

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმის მითითებულ დარღვევას სსკ-ის 74-ე მუხლის არასწორ განმარტებას არ მოჰყოლია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

სსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ სადავო ანდერძი ნამდვილია, არ არსებობს სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მისი როგორც ცალმხრივი გარიგების ბათილობის საფუძველი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმერო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.