დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.07.2006
საქმის ნომერი
ას-1412-1629-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-1412-1629-05 ¹ ას-1412-1629-05 21 ივლისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. თოდრია,რ. ნადირიანი

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. შ-ამ მოპასუხე ი. ღ-აურისა და მესამე პირ - ¹2 სანოტარო ბიუროს მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ წლების განმავლობაში აწ გარდაცვლილ მოანდერძე თ. დ-ვილის მეზობლად ცხოვრობდა ... ქუჩა 7-11 ნომრებში. მასთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგაც. სისტემატურად ეხმარებოდა ფინანსურად თ. დ-ვილს და მის ავადმყოფ ძმას. ამიტომაც თ. დ-ვილმა გააუქმა მის მიერ შორეულ ნათესავზე 1994 წელს გაფორმებული ანდერძი და 1996წ. 3 სექტემბერს გ. შ-ას სახელზე შეადგინა ახალი ანდერძი. 1999წ. 21 აპრილს თ. დ-ვილი გარდაიცვალა. მოპასუხე ი. ღ-აურმა, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, არ მისცა მას თ. დ-ვილის დასაფლავების ნება, იმ მოტივით, რომ გარდაცვლილს მის სახელზე შედგენილი ჰქონდა ანდერძი.

გ. შ-ამ აღნიშნა, რომ თ. დ-შვილს არ შეეძლო ახალი ანდერძი შეედგინა და ნება გამოევლინა, რადგან იმ პერიოდისათვის მას გაუუარესდა ჯანმრთელობა და დაუქვეითდა გაცნობიერებისა და აზროვნების უნარი. დავის განხილვის პროცესში მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ანდერძის შედგენისას დაირღვა კანონით დადგენილი წესი, კერძოდ, მის შედგენას არ დასწრებია თვით მოანდერძე.

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გ. შ-ამ მოითხოვა თ. დ-შვილის სახელით 1999წ. 20 იანვარს შესრულებული ანდერძის ბათილად ცნობა.

მოპასუხე ი. ღ-ურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოანდერძე ანდერძის შედგენის დროს იყო ქმედუნარიანი, ანდერძი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე რამდენიმეჯერ ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოანდერძის ქმედუნარიანობის დასადგენად.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 2005წ. 5 იანვრის გადაწყვეტილებით გ.შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. შ-ას სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 20 იანვრის თ. დ-შვილის მიერ შედგენილი ანდერძი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ანდერძი შედგენილი იყო სსკ-ის 1358-ე და 1360-ე მუხლების დარღვევით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებით დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ანდერძის შედგენას არ ესწრებოდა მოანდერძე, ხოლო მოწმეებმა ხელმოწერა შეასრულეს თავისუფალ ფურცელზე, რაც, სსკ-ის 1403-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ანდერძის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ღ-შაურმა.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა და სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ არც ანდერძით და არც მოწმეთა ჩვენებით სადავო არ გამხდარა მოანდერძის მხრიდან ნების გამოვლენის ნამდვილობა, ასევე სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მოწმე მ. ს-შვილის მიერ ანდერძზე გაკეთებულ ჩანაწერზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით და გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატამ, სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, მისთვის სავალდებულოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თ. დ-შვილი გარდაიცვალა 1999წ. 21 აპრილს. საქმეში წარმოდგეილია 1999წ. 20 იანვარს შედგენლი ანდერძი, რომლითაც თ. დ-შვილმა მისი კუთვნილი ქონება, მათ შორის ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი უანდერძა ი. ღ-შაურს. აღნიშნულ ანდერძში მითითებულია ასევე, რომ თ. დ-შვილი მარჯვენა ხელს ვერ იმორჩილებდა, უკანკალებდა და ამიტომ, მისი თხოვნით, ხელმოწერა შეასრულა მ. ს-შვილმა. ანდერძს ხელს აწერენ ასევე ნ-ძე მ. ი.ასული და ნ-ძე მ. ტ.ასული.

მოწმეების მ. ს-შვილისა და მ. ტ.ასული ნ-ძის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მათ ნოტარიუსთან 1999წ. 20 იანვარს ხელი მოაწერეს ცარიელ ფურცელზე, ხოლო მოანდერძე, აწ გარდაცვლილი თ. დ-შვილი, არ დასწრებია ამ პროცესს.

სსკ-ის 1358-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ადერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.

ამავე კოდექსის 1360-ე მუხლი უშვებს, მოანდერძის მიერ, რაიმე მიზეზით, ანდერძზე ხელის პირადად არ მოწერის შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში, ანდერძს მოანდერძის თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა, ე.ი. კანონი იძლევა ნოტარიუსის მიერ პირადად ან ტექნიკური საშუალებით ანდერძის ჩაწერისა და ანდერძზე სხვა პირის მიერ ხელმოწერის შესაძლებლობას, თუმცა, იმპერატიულად აწესებს მოანდერძის დასწრებისა და ანდერძის ტექსტის პირადად გაცნობის ვალდებულებას.

ყველა წესი, რომელიც კანონის მიხედვით ანდერძის შედგენისთვის არის დადგენილი, სავალდებულოა და მათი დარღვევა იწვევს ანდერძის ბათილობას. სსკ-ის 1403-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით.

მუხლის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის იმპერატიული, ანუ კანონმდებელი ყოველთვის არ მიიჩნევს ანდერძის შედგენისათვის კანონით დაგენილი წესების დარღვევას ანდერძის ბათილობის საფუძვლად. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს თუ რა ზეგავლენას ახდენს ხსენებული დარღვევა მოანდერძის ნების გამოვლენაზე ან აღნიშნული კანონდარღვევა ხომ არ იწვევს ისეთი შედეგის დადგომას, რომელიც მოანდერძის ნებას ეწინააღმდეგება.

ჩვენს მიერ განხილულ დავაში ის გარემოება, რომ მოანდერძე არ ესწრებოდა ანდერძის შედგენასა და ხელის მოწერას, კანონით დადგენილი წესების ისეთი დარღვევაა, რომელიც თვით მოანდერძის ნების გამოვლენის ნამდვილობას აყენებს ეჭვქვეშ, ამიტომ საკასაციო პალატა ზემოხსენებულ კანონდარღვევას ანდერძის ბათილობის საფუძვლად მიიჩნევს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ღ-ურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.