დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 17.07.2006
საქმის ნომერი
ას-141-570-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-141-570-06 17 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება (ძირითად სარჩელში), ურთიერთშედარების აქტის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 9 სექტემბერს შპს „ს. ტ-მა“ განცხადებით მიმართა თბილსის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სს „ს. ს. ბ-ის“ მიმართ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინება იმ მოტივით, რომ მათ შორის 2001წ. 25 ივლისს დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობისა და ურთიერთანგარიშსწორების შესახებ, რომლის თანახმადაც‚ შპს „ს. ტ-მა“ დაუთმო თავისი მოთხოვნა სს „ს. ს. ბ-ს“ შპს „ს. ფოსტის ფილიალის“ „თ. ფ-ის“ მიმართ. მოპასუხეს „თ. ფ-ს“ უნდა მოეთხოვა 330000 ლარი და შემდგომში ეს თანხა კუთვნილი საკომისიოს გამოკლებით გადაეხადა მოსარჩელისათვის.

მოსარჩელის განცხადებით, მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა მოპასუხე შპს „ს. ფოსტის“ ანგარიშიდან „თ. ფ-ს“ ვალის გადახდევინების მიზნით 330000 ლარს არ ურიცხავს და მოითხოვა აღნიშნულ თანხაზე გადახდის ბრძანების გაცემა.

სს „ს. ს. ბ-მა“ შეგებებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ მათ შორის ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული, მოსარჩელეს მისთვის არ გადაუცია მოთხოვნის დათმობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი გაფორმების დღიდან და მოქმედებს მხარეთა ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ს. ს. ბ-ს“ შპს „ს. ტ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 330 000 ლარის გადახდა.

სს „ს. ს. ბ-ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ს. ტ-ის“ მიმართ‚ მათ შორის‚ 2001წ. 25 ივლისს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმებისა და შპს „ს. ტ-ისა“ და ‘’თ. ფ-ის“ მიერ შედგენილი შედარებითი აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლვობის გამო.

გადაწყვეტილება გაასაჩივრა „ს. ს. ბ-მა“ სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 მარტის გადაწყვეტილება.

2005წ. 19 ივლისს სს „ს. ს. ბ-ის» ლიკვიდატორმა გ.გ-მა საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ სხდომის დღეს სს „ს. ს. ბ-ის“ წარმომადგენელი იმყოფებოდა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, რის გამოც ვერ დაესწრო სხდომას და აღნიშნულის თაობაზე განცხადებით აცნობა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 241-ე მუხლით, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან მხარის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ სარწმუნოდ ვერ გახადა მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ს. ბ-ის“ ლიკვიდატორმა გ. გ-მა და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად გადაგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

კასატორის აზრით, 2005წ. 5 ივლისს განვითარებულ მოვლენათა დამთხვევის შედეგად სს „ს. ს. ბ-ს“ არ გააჩნდა არანაირი საშუალება, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და მონაწილეობა მიეღო მასში. ს. ბ-ის ერთ-ერთი იურისტი ვ.ს-ძე, რომელიც ძირითადად წარმოადგენს ს. ბ-ს სასამართლოში, იმ მომენტისათვის იმყოფებოდა სტრასბურში, რის შესახებაც თავიდანვე იცოდა სასამართლომ.

სს „ს. ს. ბ-ის“ მეორე იუსრისტ ა.ცხოვრებაძეს, რომელიც ასევე წარმოადგენს ს. ბ-ს, 2005წ. 3 ივლისს გარდაეცვალა დედა, რის გამოც ვერ წარმოადგინა მან ს. ბ-ი 2005წ. 5 ივლისის სხდომაზე და ბოლოს, ს. ბ-ის ლიკვიდატორს _ გ. გ-ს 2005წ. 8 ივლისს ჩაუტარდა ოპერაცია, რის გამოც მოუწია პირველ კლინიკურ საავადმყოფოში დაწოლა ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე. აქედან გამომდინარე, კასატორის აზრით დაირღვა სსკ-ის 241-ე მუხლი.

კასატორის აზრით სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა სსკ-ის 215-ე მუხლი და არ მისცა ს. ბ-ის ლიკვიდატორის წარმომადგენელს შესაძლებლობა სათანადოდ დაეცვა ბ-ის ინტერესები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სს „ს. ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის ამ მოსაზრებას. სს „ს. ს. ბ-ი“ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების წარმომადგენელი იმყოფებოდა სტრასბურგში, რის გამოც მას არ ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა სხდომას. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილ საჩივარი, განსხვავებით საკასაციო საჩივრისაგან, არ შეიცავს სხვა არგუმენტს მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. აღნიშნული გარემოება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ ჰქონდა ვ.ს-ძის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარმომადგენელი საქართველოდან გაემგზავრა სხდომამდე სამი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში აპელანტს შეეძლო რამოდენიმე დღით ადრე გაეფრთხილებინა სასამართლო აღნიშნულის თაობაზე, წარედგინა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიეღო შესაბამისი ზომები სხდომაზე სხვა წარმომადგენლის გამოცხადების უზრუნველსაყოფად.

სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. პალატა თვლის, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულია სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის სხვა საფუძვლებიც და წარმოდგენილია ასლის სახით სხვადასხვა სახის მტკიცებულებებიც. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები (გარდა ზემოაღნიშნულისა) ასახული არ არის არც საქმის მასალებში და არც გადაწყვეტილებაში, რის გამოც მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას‚ იმსჯელოს ამ გარემოებებზე და შეაფასოს ეს მტკიცებულებები.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 104-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ზემოთმითითებული გარემოების გამო არ შეიძლება საქმის გადაწყვეტისათვის რაიმე მნიშვნელობა მიენიჭოს, რის გამოც ისინი ამოღებულ უნდა იქნეს საქმის მასალებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე და 104-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს. ს. ბ-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის განჩინება.

საქმის მასალებიდან ამოღებულ იქნეს კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 6 ფურცლად საქმისათვის მნიშვნელობის არქონის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება