დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1418-1550-04 9 მარტი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე (მომხსენებელი),ლ.გოჩელაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 29 დეკემბერს ლ. ა-მა სს „.. ..-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 9500 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
2003წ. 24 ნოემბერს ქ.თბილისში, ... ქუჩაზე, ტროტუარზე ფეხით მსვლელობისას, მან გზა დაუთმო საპირისპირო მიმართულებიდან მომავალ ქალს, რომელსაც თან ახლდა მცირეწლოვანი ბავშვი. გვერდის ავლის მიზნით გადაიარა ორმოზე, ფეხი დაადგა ქვას, რომელიც ამოტრიალდა და მოიტეხა ხელი.
ხელის მოტეხის გამო განიცადა როგორც ფიზიკური, ისე _ მორალური და მატერიალური ზიანი. არაქონებრივი ზიანი შეადგენს 5000 ლარს, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 1800 ლარი (იგი ხელოვანია და შეუსრულებელი დარჩა ორი შეკვეთა), მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 200 ლარი, ხოლო ტრავმის გამო მის მიერ აღებულმა სესხმა _ 2500 ლარი.
მისთვის ცნობილია, რომ ორმო, რომელზე გადასვლის დროსაც მან მიიღო ტრავმა, ამოთხრილია სს „.. ..-ის“ მიერ. მართალია, სამუშაოების დათავრების შემდეგ ორმო გაავსეს მიწით, მაგრამ ასფალტი არ დააგეს, რაც გახდა ტრავმის მიზეზი, ამიტომ მითითებული თანხების ანაზღაურება მოითხოვა სს „.. ..-ისაგან“.
2004წ. 11 თებერვალს დ.ა-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. მან მოპასუხისაგან ამჯერადაც 9500 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, საიდანაც 2500 ლარი იყო მის მიერ სესხად აღებულ თანხა, 1800 ლარი _ მიუღებელ შემოსავალი, 200 ლარი _ მკურნალობის ხარჯები, 4000 ლარი _ შრომის უნარის დროებით დაკარგვისა და შემცირების საზღაური, ხოლო 100 ლარი _ არაქონებრივ ზიანი.
მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა, მაგრამ სასამართლო პროცესზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში სს „.. ..-ს“ არ შეუსრულებია სამუშაო იმ ადგილზე, სადაც მოსარჩელემ მიიღო ტრავმა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სს „.. ..-მა“ ... ქუჩაზე კაბელის ჩალაგებისათვის მიწის სამუშაოები შეასრულა 2002წ. 8 იანვრიდან 2003წ. 15 იანვრამდე ¹128, 130, 132, 144, 146, 158-ე სახლების წინ. 2003წ. 24 ნოემბერს «.. ..-ს» სამუშაოები არ შეუსრულებია, ხოლო ¹106 სახლის წინ კი საერთოდ არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე, არ დასტურდებოდა მოპასუხის მხრივ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 22 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ.ა-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, საქმეში წარმოდგენილი აქტით დგინდებოდა, რომ სს „.. ..“ ... ქუჩაზე ¹128, 130, 132, 142, 164, 158-ში მდებარე სახლების წინ ასრულებდა გათხრით სამუშაოებს 2002წ. 8 იანვრიდან 2003წ. 1 მარტის ჩავლით. ფაქტი იმის შესახებ, რომ ... ¹106-108-ში მდებარე სახლების წინ სს „.. ..“ ასრულებდა გათხრით სამუშაოებს, არ დასტურდებოდა. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილებისა.
2004წ. 15 დეკემბერს ლ. ა-სა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ მას უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ასევე არ დაუკმაყოფილდა შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების, ექსპერტიზის დანიშვნისა და მოპასუხისათვის ... 106-108-ში მდებარე სახლების წინ გათხრითი სამუშაოების შესრულების ნებართვის წარმოდგენის დავალდებულების შესახებ, რის გამოც არ მიეცა საშუალება, დაემტკიცებინა სარჩელში მითითებული გარემოებები ; არასწორად განმარტა სკ-ის 992-ე მუხლი, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 997-ე მუხლი და 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე, 408-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილები, 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 409-ე, 411-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
განჩინებას ხელი არ მოაწერეს იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქმის განხილვაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩაზე ¹106-108 სახლების წინ მიწის გათხრითი სამუშაოები არ შეუსრულებია სს „.. ..-ს“.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვვაში არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა მოწმეთა დაკითხვის, ადგილის დათვალიერების, ექსპერტიზის დანიშვნისა და მოპასუხისათვის ... 106-108-ში მდებარე სახლების წინ სამუშაოთა შესრულების ნებართვის წარმოდგენის დავალდებულების შესახებ. ამგვარი შუამდგომლობა კასატორს სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია და, ცხადია, არც სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს ეს საკითხი.
სააპელაციო საჩივარში აპელანტი, მართალია, მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგრომლობა მოწმეთა დაკითხვის, ადგილზე დათვალიერების, ექსპერტიზის დანიშვნისა და სამუშაოების წარმოების დოკუმენტების გამოთხოვის დავალდებულების შესახებ, მაგრამ ამგვარი შუამდგომლობა მოსარჩელეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე დაუყენებია და ეს საკითხები არც რაიონული სასამართლოს განხილვის საგანი ყოფილა.
ასევე არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ხელს არ აწერს ის მოსამართლე, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ განჩინების გამოტანაში.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: ლ.კ-მ, ც.დ-მა და ნ.ნ-მ. მოცემულ საქმეზე 2004წ. 22 სექტემბერს გამოტანილ განჩინებაში საქმის განმხილველ მოსამართლეებად მითითებული არიან ლ.კ-ე, ც.დ-ი, ნ.ნ-ე და ისინი აწერენ ხელს განჩინებას.
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 920-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 997-ე მუხლი, 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, 408-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილები, 413-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 409-ე და 411-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს გამოიყენა რა მითითებული ნორმა მოახდინა ამ ნორმის განმარტება და აღნიშნა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. მართალია, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანის მიმყენებელს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, აანაზღაუროს ზიანი მის მოქმედებაში ბრალის და მართლწინააღმდეგობის უქონლობის დროსაც, მაგრამ დელიქტური პასუხისმგებლობისათვის სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ამასთან, პირველი წინ უნდა უსწრებდეს მეორეს და პირველი უნდა წარმოშობდეს მეორეს.
მოცემულ შემთხვევაში, როცა არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ... ¹106-108-ში გათხრითი სამუშაოების შესრულება, ცხადია, დამდგარ შედეგზე ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა არ შეიძლებოდა მას დაკისრებოდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და სწორი განმარტება მისცა სკ-ის 992-ე მუხლის. ამასთან, სწორად არ გამოიყენა 997-ე, 998-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე და 413-ე მუხლები, ვინაიდან ამ ნორმათა გამოყენების საკითხი დადგებოდა მხოლოდ მას შემდეგ, თუკი დადასტურდებოდა სს „.. ..-ის“ მიერ ... ქუჩა ¹106-108 სახლების წინ გათხრითი სამუშაოების შესრულების ფაქტი.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 22 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.