დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.02.2005
საქმის ნომერი
ას-1431-1532-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1431-1532-04 ას-1431-1532-04 10 თებერვალი, 2005 წ.,ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს გ. რ. მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა საექიმო ამბულატორიის ექიმ-თერაპევტის თანამდებობიდან კანონის “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” 154-ე მუხლის შესაბამისად, საექიმო ლიცენზიის უქონლობის გამო.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: 2003წ. 27 ივნისს ჟ.წერედიანმა მას კამათის დროს უთხრა _ გათავისუფლებო. მეორე დღეს ბრძანება თუ დაწერა გათავისუფლებაზე არ იცოდა, რადგან ადრეც უთქვამს, გაგათავისუფლებო. გარდა ამისა, განცხადება შეიტანა ჯანდაცვის სამინისტროში და იქიდან რეაგირებას ელოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 ივლისის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლი და მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან აღნიშნული მუხლით სასამართლოსათვის მიმართვის ვადა არის ერთი თვე.

2003წ. 29 აგვისტოს მ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

განმცხადებლის განმარტებით, სამუშაოდან მისი გათავისუფლების შემდგომ პერიოდში მისი მამა იმყოფებოდა ავად, რის გამოც ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში აღეძრა სარჩელი სასამართლოში. შპს გ. რ. დირექტორის 2002წ. 28 ივნისის ბრძანების ასლზე ბრძანების ჩაბარების თაობაზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინებით მ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს: პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ უნდა გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან საქმის მასალებით დადგენილი არ არის, რომ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ახლად აღმოჩენილი გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მან (მ. გ-მა) მამის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში და შპს გ. რ. დირექტორის 2002წ. 28 ივნისის ბრძანების ასლზე ბრძანების ჩაბარების თაობაზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს იმას, რომ მამის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში და შპს გ. რ. დირექტორის 2002წ. 28 ივნისის ბრძანების ასლზე ბრძანების ჩაბარების თაობაზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია აღნიშნული გარემოებები ახლად აღმოჩენილ გარემოებებად და არ განაახლა საქმის წარმოება, რადგან სსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები ცნობილი იყო მისთვის საქმის განხილვის დროისათვის და მას შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.