დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-150-482-05 28 ივლისი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: ქონების და თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
სააქციო საზოგადოება „ნ-მ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ს-ის“ მიმართ ქონების დაბრუნებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელში აღნიშნულია, რომ ...ის ყოფილმა ...მა ქარხანამ 1985 წელს ...ის ქარხნიდან შეიძინა ტრანსფორმატორი „თOთH 1600/110-Y1160027“, აღნიშნული ქარხანა გადაკეთდა სააქციო საზოგადოება „ნ-დ“, რომლის აქციათა მფლობელი იყო სახელმწიფო, ხოლო შემდეგ, 1997 წელს სს „ნ-ს“ აქციები აუქციონზე გაიყიდა. ისინი შეიძინეს კერძო პირებმა, რაც დგინდება საპრივატიზაციო დოკუმენტებით, ქონებისა მართვის სამინისტროს ცნობითა და აუდიტის დასკვნით.
ამჟამად ტრანსფორმატორი დგას მარტვილის ელექტროგამანაწილებელ ცენტრში და სარგებლობს მოპასუხე ორგანიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ნ-მ“ მოითხოვა, დაუბრუნდეს ტრანსფორმატორი და სარჩელის შეტანამდე სარგებლობისათვის მოპასუხემ გადაუხადოს 5000 ლარი, ხოლო სარჩელის გადაწყვეტამდე სარგებლობისათვის _ 1000 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო ტრანსფორმატორი 1985 წლიდან დღემდე უცვლელად დგას საქართველოს ელექტროგადაცემის სისტემაში შემავალი ქ.მარტვილის ქვესადგურში, რომლიდანაც მარაგდებოდა ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა 1997 წლამდე, ხოლო 1997 წლიდან _ მისი უფლებამონაცვლე სს „ნ.“. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ტრანსფორმატორი არის საქართველოს ელექტროსისტემის მარტვილის ქვესადგურის კუთვნილი ძირითადი საწარმოო საშუალება და მისი ორგანული ნაწილი, რომლის გარეშეც მას თავისი ფუნქციის შესრულება არ შეუძლია.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ნ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ს-ას“ დაევალა თOთH 1600/110-80 Y11621 ტრანსფორმატორის დაბრუნება მოსარჩელისათვის. მოპასუხეს ასევე დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ამ“. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ სადავო ტრანსფორმატორი სახელმწიფომ მართვა-გამგეობაში გადასცა შპს „ელ-ს“, რომელიც მისი ექსპლოატაციაში გაშვების დღიდან სადავო ქონებას პატრონობას, იხდის ყველა გადასახადს, ატარებს სარემონტო სამუშაოებს.
სასამართლომ 5000 ლარის გადახდა დააკისრა მოპასუხეს სკ-ის 582-ე მუხლის საფუძველზე, რაც საიჯარო ურთიერთობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოშლას არეგულირებს და რასაც არავითარი კავშირი არა აქვს დავის საგანთან. იჯარის ხელშეკრულება მოპასუხეს მოსარჩელესთან დადებული არა აქვს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს „ს-ის“ წარმომადგენელმა ლ.ქ-მა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა განმარტებებითა და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ 1985 წელს ქ.ტოიატის ტრანსფორმატორების ქარხანაში შეიძინეს სადავო ტრანსფორმატორი „ТОТН 1600/110-80 XI, ¹16027“ გეგეჭკორის ... ქარხნისათვის, რომლის ბაზაზეც შემდგომში დაფუძნებულ იქნა სს „ნ.“
სს „ნ-ს“ დირექტორის ა.ჯ-ს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და ასევე რაიონული სასამართლოს სხდომაზე დადგენილია, რომ ტრანსფორმატორი დიდი მოცულობის გამო, განთავსებული იქნა ქარხნის ტერიტორიის გარეთ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ტრანსფორმატორი მათ მოპასუხისათვის არ უთხოვებიათ, არამედ მოპასუხემ 1989 წელს უნებართვოდ მიითვისა, წაართვა, ხოლო 1992-1994 წლებში ქსელში ჩართო ასევე მათი ნებართვის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ანდა უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ნ-ს“ თავისი უფლებების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მისი ნებართვის გარეშე მოპასუხის მიერ სადავო ტრანსფორმატორის მითვისების შესახებ უნდა შეეტყო 1994 წელს, მითუმეტეს, რომ ამ დროისთვის დირექტორი იყო ა.ჯ-ა.
სს „ნ-მ“ თავისი დარღვეული უფლების დაცვის მიზნით, სასამართლოს სარჩელით მიმართა 2003წ. 28 თებერვალს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც, ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და აკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „ნ-ს“ დირექტორმა ა.ჯ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რაც, სკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ მასალებს. კასატორის მითითებით, შპს „ს-ამ“ ვერ წარუდგინა სასამართლოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ტრანსფორმატორი არის მის მართლზომიერ მფლობელობაში. მან მიუთითა სკ-ის 130-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად. „ნ-ს“ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა არა 1994 წელს, არამედ _ 1997 წელს. სკ-ის 128-ე მუხლის თანახმად, სარჩელი ხანდაზმული არ არის. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული გარემოება კი, სსკ-ის 393-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ანდა უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
სს „ნ-ს“ დირექტორის ა.ჯ-ს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და, ასევე, რაიონული სასამართლოს სხდომაზე დადგენილია, რომ ტრანსფორმატორი, დიდი მოცულობის გამო, განთავსებულ იქნა ქარხნის ტერიტორიის გარეთ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ტრანსფორმატორი მათ მოპასუხისათვის არ უთხოვებიათ, არამედ მოპასუხემ 1989 წელს უნებართვოდ მიითვისა, წაართვა, ხოლო 1992-1994 წლებში ჩართო ქსელში ასევე მათი ნებართვის გარეშე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ „ნ-ს“ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა არა 1994 წელს, არამედ 1997 წელს, ვინაიდან სწორედ ამ დროს აქციები შეიძინეს ახალმა აქციონერებმა.
ვალდებულების მონაწილე პირის შეცვლა არ იწვევს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეცვლას. თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება, აგრეთვე, უფლებამონაცვლის მიმართაც. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ ურთიერთობაში ვალდებულების მონაწილე პირი არ შეცვლილა.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ნ-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.