დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-155-580-06 30 ნოემბერი, 2006 წ.
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),მ. ცისკაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: კოშკურა ამწის დაბრუნება, მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს „მ-ამ“ 2000წ. 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „ა-ის“ წინააღმდეგ, მესამე პირად დაასახელა ტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, კოშკურა ამწის (საქარხნო ¹129) დაბრუნებისა და მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს 1991წ. 10 მაისის ¹23 ბრძანების საფუძველზე დასავლეთ საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ ასოციაცია „თ-ის“ ბალანსიდან მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის ბალანსზე გადაეცა ორი ახალი კოშკურა ამწე «კბ-401», მათ შორის, სადავო კოშკურა ამწე ¹129. აღნიშნული კოშკურა ამწე გაიგზავნა და დამონტაჟდა ქ.ტყიბულის საშენმასალათა მიმღებ ბაზაში სპეცტრესტის მე-4 მექანიზაციის სამმართველოს მიერ და, ექსპლუატაციის მიზნით, 1991წ. 20 ივნისის ¹13 მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ს/გ „მ-ას“.
სადავო კოშკურა ამწეს სს „მ-ა“ ფლობდა 1998 წ. აგვისტომდე. 1998წ. აგვისტოს ბოლოს მოპასუხე ორგანიზაციამ სს „ა-ემ“ თვითნებურად დაშალა და წაიღო იგი გაურკვეველი მიმართულებით.
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მათ წერილობით, დაებრუნებინათ კოშკურა ამწე, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ სადავო კოშკურა ამწე მათი საკუთრებაა.
იმის გამო, რომ კოშკურა ამწეს ფლობდა სხვა ორგანიზაცია, მოსარჩელემ ვერ შესძლო შპს „მმკ-19-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების რეალიზაცია, რის გამოც განიცადა მატერიალური ზიანი 73990 ლარის ოდენობით.
სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვდა კუთვნილი «კბ-401» ამწის (¹129) დაბრუნებას და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას 73990 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მოგვიანებით შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და სკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა «კბ-401» ამწის დაბრუნების ნაცვლად თანხის გადახდა 32000 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. მოსარჩელის განმარტებით, სადავო კოშკურა ამწე საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღარ ექვემდებარება აღდგენას და მისი დაბრუნება შეუძლებელია, ხოლო მისი ღირებულება არის 32000 აშშ დოლარი.
მოპასუხე სს „ა-ემ“ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სადავო კოშკურა ამწე წარმოადგენს მათ საკუთრებას; მისი გადაცემა ასოციაცია „თ-ის“ ბალანსიდან სპეცტრესტის ბალანსზე რეალურად არ მომხდარა და შესაბამისად ის სპეცტრესტის ბალანსიდან ს/ს „მ-ის“ ბალანსზე ვერ გადაეცემოდა.
სს „ა-ემ“, თავის მხრივ, შეგებებულ სარჩელში მოითხოვა ¹98 კოშკურა ამწის დაბრუნება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე სს „ა-ეს“ სს «მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 143110 ლარის, მათ შორის 73990 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურების, ხოლო 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 69120 ლარის კოშკურა ამწის ღირებულების სახით გადახდა.
სს „ა-ეს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ა-ემ“. აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება 143110 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლომ სს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა სს „მ-ის“ სარჩელი და სს „ა-ის“ შეგებებული სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად ს/გ „მ-აზე“ სადავო კოშკურა ამწის რეალურად გადასვლისა, არ არსებობდა მისი საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „მ-ამ“.
სს „ა-ემ“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, კოშკურა ამწე ¹98 დარჩა სს „მ-ის“ საკუთრებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 3 დეკემბრის განჩინებით სს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიიჩნია საფუძვლიანად, გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება სს „მ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
უზენაესი სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა, რაც გათვალისწინებულია სკ-ის 409-ე მუხლით. სასამართლოს უნდა გამოეკვლია, თუ რა გზით გავიდა სადავო ნივთი სს „მ-ის“ მფლობელობიდან, ასევე, უნდა გაერკვია ძველი მფლობელი, ანუ სს „მ-ა“ რა უფლებით ფლობდა სადავო ნივთს (სანივთო თუ ვალდებულებით სამართლებრივი უფლებით).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი სს „მ-ის“ სარჩელის დაკმაყოფლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ა-ეს“ დაევალა სს „მ-ის“ სასარგებლოდ 32 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს 1991წ. 10 მაისის ბრძანების საფუძველზე ასოციაცია „თ-ს“ დაევალა მექანიზაციის სპეციალიზირებული ტრესტისათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ორი ახლად მიღებული კოშკურა ამწე «კბ 401». აღნიშნული კოშკურა ამწეები საქარხნო ნომრებით 98 და 129 სპეცტრესტის მიერ ტრანსპორტირებულ იქნა ქ.ტყიბულში და დამონტაჟდა ს/გ „მ-ის“ მიმღებ ბაზაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის ფაქტი, რომ სს „მ-ა“ სადავო კოშკურა ამწეს ფლობდა 1991წ. ივნისიდან 1998წ. აგვისტომდე, როდესაც სადავო კოშკურა ამწე ¹129 გავიდა სს „მ-ის“ მფლობელობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მას არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. ამასთან, ექსპერტიზის აქტით დადგინდა, რომ კოშკურა ამწე (საქარხნო ¹129) ექსპლუატაციისთვის უვარგისია, ხოლო აღდგენისთვის ხარჯების გაწევა არარენტაბელურია; მისი ღირებულება შეადგენს 32000 აშშ დოლარს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 409-ე მუხლით და სს „მ-ას“ ამწის კრანის სანაცვლოდ მიეცა ფულადი ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ა-ის“ წარმომადგენელმა გ. თითბერიძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით სს „ა-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ა-ეს“ დაეკისრა სს „მ-ის“ სასარგებლოდ 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ 1995წ. 13 თებერვალს სს „ა-ის“ დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ. 1995წ. 28 თებერვალს კი რეგისტრაცია განხორციელდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994წ. 26 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება სს „მ-ის“ დაფუძნების შესახებ, ხოლო რეგისტრაცია მოხდა თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1995წ. 30 თებერვლის განკარგულებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სს „მ-ა“ სადავო ამწეს ფლობდა 1998 წლამდე. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული სს „მ-ის“ დირექტორის წერილი და 1992წ. 15 აგვისტოს შრომითი შეთანხმება სს „მ-ესა“ და სს „მ-ას“ შორის.
პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად კი, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას შეუძლია სამი წლის განმავლობაში მოთხოვოს ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ა-ის“ წარმომადგენელმა გ. თითბერიძემ შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. ასევე სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.
კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ თითქოს სს „მ-ა“ სადავო ამწეს ფლობდა 1998 წლამდე. ამ გარემოების დადგენის აუცილებლობის შესახებ პირდაპირაა მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2005წ. 3 დეკემბრის განჩინებაში და ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ამიტომ სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს. ასევე, მოტივირებული გადაწყვეტილების ჩამოყალიბება განხორციელდა სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეების უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ და სასამართლო შემადგენლობას ალბათ არ ჰქონდა გადაწყვეტილების დასაბუთების არც ხალისი და არც სურვილი. ის, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომაა შედგენილი,Mდასტურდება იმით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2005წ. 20 სექტემბერსაა გამოცხადებული, 2005წ. პირველი ნოემბრიდან კი მოცემული დავის განმხილველ მოსამართლეებს შეუწყდათ უფლებამოსილება. ამ პერიოდისათვის მოტივირებული გადაწყვეტილება არ იყო ჩამოყალიბებული და მხოლოდ 2006წ. თებერვალში განხორციელდა ე.წ. მოტივირებული გადაწყვეტილების ჩამოყალიბება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად მოტივირებული გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირების მიერაა გამოტანილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე კი ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა ზემოთ მითითებულ გარემოებებზე და არ მისცა მათ შეფასება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კოშკურა ამწეები (მათ შორის: კბ-401 ¹98 და ¹129) ირიცხებოდა გაერთიანება „თ-ის“ ბალანსზე. ასევე დადგენილია, რომ 1995წ. 13 თებერვალს სს „ა-ის“ დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ. 1995წ. 28 თებერვალს კი რეგისტრაცია განხორციელდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994წ. 26 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება სს „მ-ის“ დაფუძნების შესახებ, ხოლო რეგისტრაცია მოხდა თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1995წ. 20 თებერვლის განკარგულებით.
დადგენილია, რომ სადავო ამწეები სადამფუძნებლო დოკუმენტებით ერიცხებოდათ როგორც სს „ა-ეს“, ასევე სს „მ-ას“. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს 1991წ. 4 სექტემბერს სადავო ამწეები დამონტაჟდა ტყიბულის ბაზაში.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ამწე «კბ-401», ¹129, 1991წ. 20 ივნისის მიღება-ჩაბარების 13 აქტის თანახმად შემოწმებული იქნა. აღნიშნული აქტის მიხედვით აქტს ხელს აწერენ ს\გ „მ-ა“ და მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის მთავარი მექანიკოსი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ სს „მ-ა“ სადავო ამწეს ფლობდა 1998 წლამდე აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული სს „მ-ის“ დირექტორის წერილი და 1998წ. 15 აგვისტოს შრომითი შეთანხმება სს „მ-ესა“ და სს „მ-ას“ შორის.
საკასაციო საჩივარში მითითებული საკასაციო პრეტენზია ძირითადად უკავშირდება 1991წ. 20 ივნისის ¹13 მიღება-ჩაბარების აქტს. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სს „მ-ა“ სადავო ამწეს ფლობდა 1991 წელსა და 1992წ. შუა თვეებამდე, გაუგებარია, თუ რა გარემოების დასადგენადაა მითითებული აქტი საჭირო და რა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს მის გაყალბება-არაგაყალბების ფაქტს.
აღნიშნული გარემოებებიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ სს „მ-ა“ სადავო ნივთს ფლობდა 1991-1992 წლებში და ფლობდა 1998 წელს. აღნიშნული გარემოებანი ქმნის სს „მ-ის“ მიერ სადავო ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდის საფუძველს სკ-ის 166-ე მუხლის საფუძველზე, ანუ აღნიშნული გარემოების ანალიზით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სს „მ-ა“ სადავო ნივთს ფლობდა უწყვეტად 1991 წლიდან 1998 წლამდე.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება დადგინდეს ნივთის ფლობის ფაქტი. სს „მ-ესა“ და სს „მ-ას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმება ხდება ქ. ტყიბულში დამონტაჟებული კოშკურა ამწეების და მისი სალიანდაგო მეურნეობის დათვალიერების შემდეგ. შრომითი ხელშეკრულება დადასტურებულია და მხარეთა მიერ გაფორმებულია სათანადო წესით. რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ ამწე იმყოფებოდა სს „მ-ის“ მიერ მითითებულ ადგილას და ხელშეკრულების გაფორმებამდე დათვალიერდა ხელშეკრულების მხარეების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში სს „მ-ე,“ რომელსაც უნდა განეხორციელებინა ამწის დემონტაჟი, არ გაუფორმებდა ხელშეკრულებას სს „მ-ას.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სადავო ამწე პირველად დაფიქსირდა სს „მ-ის“ საკუთრებად და ამასთან იგი ფლობდა მისი საკუთრებაში დაფიქსირებიდან 1998 წლამდე, იგი უნდა ჩაითვალოს სს „მ-ის“საკუთრებად თანახმად, სკ-ის 485-ე მუხლისა. სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. იმ პირობებში, როდესაც სს „მ-ა“ წარმოადგენდა ამწის მესაკუთრეს, ხოლო სს ,,ა-ის” მიმართ ამ ნივთის ფლობაზე ნება არ გამოუვლენია, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სს „ა-ეს“ აქვს მისი ფლობის უფლება. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნივთი განადგურებულია ანუ იგი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული დანიშნულებისამებრ, სს „ა-ე“ ვალდებულია აუნაზღაუროს სს „მ-ას“ მიყენებული ზიანი. სკ-ის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ვინაიდან, ფულადი ანაზღაურების ოდენობის თაობაზე კასატორს დამატებით პრეტენზია არ წარმოუდგენი, პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ თანხა სწორად იქნა დაკისრებული სს „ა-ისათვის“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ამასთან, სს „ა-ეს“ უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ მისთვის გადავადებულია 460 აშშ დოლი ეკვივალენტი ლარებში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ა-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სს “ა-ეს” დაეკისროს 460 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარებში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.