გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-156-581-06 31 ოქტომბერი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბინიდან წილის გამოყოფა (სარჩელში); დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის სარჩელში _ ბინის იძულებით რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ჯ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა _ რ. წ-ძეს გადახდა ო. ჯ-შვილის სასარგებლოდ 6500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტა გადახდის დღისათვის არსებული კურსით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 აპრილის განჩინებით რ. წ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ც. წ-ძემ 2001წ. აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. წ-ძის მიმართ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და მოპასუხის კუთვნილი ბინიდან მისი კანონით გათვალისწინებული 1/2-ის გამოყოფა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ 1970 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში რ. წ-ძესთან. ზემოხსენებული გადაწყვეტილებით რ. წ-ძე ცნობილი იქნა მოვალედ და მევალის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარი. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბინას დაედო ყადაღა და დაინიშნა აუქციონი. ბინა კი წარმოადგენს რ. და ც. წ-ძეების თანასაკუთრებას და ბინის აუქციონზე გაყიდვა დაარღვევს მის უფლებებს.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 აგვისტოს განჩინებით ც. წ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა _ შეჩერდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე 2001წ. 29 მაისს გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულება.
ამ საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირად ჩართული იქნა ო. ჯ-შვილი. მან მოითხოვა რ. წ-ძის საკუთრებაში მყოფი ბინის, მდებარე ქ.თბილისი, ... ¹48-ში, სარეალიზაციოდ მიქცევა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით ც. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა ქ.თბილისში, ... ¹48-ში რ. წ-ძის სახელზე რიცხული ბინის 1/2-ის მესაკუთრედ. დაკმაყოფილდა ო. ჯ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა და ზემოაღნიშნული ბინა რეალიზირებულ იქნა მისი ვალის დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცა ორივე მეუღლის საკუთრებაში მყოფი წილები.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ც. წულიკიძის წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ო. ჯ-შვილის მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ ც.წ-ძის საკუთრებაში არსებული წილის რეალიზაციის ხარჯზე.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. წ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ჯ-შვილის მოთხოვნას, რ. წ-ძის ვალის გამო მისი მეუღლის, ც. წ-ძის საკუთრებაში არსებულ ბინაზე, მდებარე თბილისში ... ¹48-ში 1/2-ზე გადახდევინების მიქცევაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ რ. და ც. წ-ძეები 1970 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაშია შესული რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება ც. წ-ძის, რ. წ-ძის სახელზე რიცხული ბინის, მდებარე თბილისში, ... ¹48-ში, 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. დადგენილია ასევე ის რომ რ.წ-ძე ცნობილია ო.ჯ-შვილის მოვალედ, რომლის სასარგებლოდ რ.წ-ძეს დაეკისრა 6500 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის, რომ თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოწინააღმდეგე მხარეს რ. წ-ძეს დაეკისრა, ოჯახის ინტერესებს ემსახურებოდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა ც.წ-ძეს ო.ჯ-შვილის სასარგებლოდ თანხა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმღვანელა სკ-ის 1170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო ქონება მეუღლეებს შორის გაყოფილია და სადავო ბინიდან საცხოვრებელი 48 კვ.მ-ით რომელიც აუქციონზე გატანის დროს, შეფასებული იყო 14000 აშშ დოლარად, რ. წ-ძეს კუთვნილი 1/2-ის რეალიზება საკმარისი იქნება ო.ჯ-შვილის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადასახდელად და არ არსებობს ც. წ-ძის საკუთრებაში არსებულ 1/2-ზე გადახდევინების მიქცევის აუცილებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ო. ჯ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასატორმა თავისი საკასაციო საჩივარი დაასაბუთა იმით, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ რ. წ-ძის მიერ სესხად აღებული 6500 აშშ დოლარი ოჯახის ინტერესებს ემსახურებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად აღსრულება მხოლოდ რ. წ-ძის წილზე მიაქცია.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 1169-ე და 1170-ე მუხლები. კასატორის მითითებით‚ მართალია‚ წ-ძეების კუთვნილი ბინა შეფასებულია 14000 აშშ დოლარად, რ.წ-ძის წილი შეფასებულია 7000 დოლარად, მაგრამ ეს თანხა არ არის საკმარისი ორი კრედიტორის, თ.ჯ-შვილის (6500 აშშ დოლარის) და მ.ქსოვრელის (5000 აშშ დოლარის), დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა მ.ქსოვრელსაც აქვს სააღსრულებლო ფურცელი წარდგენილი აღსასრულებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ო. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. წ-ძეს ო. ჯ-შვილის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა 6500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდა გადახდის დღისათვის არსებული კურსით. ასევე დადგენილია, რომ კანონიერ ძალაშია შესული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ც. წ-ძისა და რ. წ-ძის სახელზე რიცხული ბინის, მდებარე ქ.თბილისში, .... ¹48-ში, 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთის მხრივ, ჩათვალა, რომ რ.წ-ძისათვის დაკისრებული თანხა არასწორად დაეკისრა ც. წ-ძეს, მაგრამ მეორეს მხრივ მიუთითა, რომ ეს თანხა მოხმარდა ოჯახის ინტერესებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1170-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად‚ ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მეუღლეებს შორის ქონება გაყოფილია და სადავო ბინის 1/2-ის მესაკუთრე არის ც. წ-ძე. სკ-ის 963-ე მუხლის თანახმად‚ საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება გაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. იმავე კოდექსის 964-ე მუხლით გათვალისწინებულია ასევე საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით. საქმეში არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად ქ.თბილისში ... ¹48-ში მდებარე სადავო ბინაზე საერთო საკუთრების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე ჩათვალა, რომ რ. წ-ძის კუთვნილი 1/2-ის რეალიზება საკმარისი იქნება ო.ჯ-შვილის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადასახდელად და არ არსებობს ც.წ-ძის წილზე გადახდევინების მიქცევის აუცილებლობა, რომ სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე არ გამოარკვია რამდენადაა შესაძლებელი რეალურად ქ.თბილისში, ... ¹48-ში მდებარე ბინის 1/2-ის რეალიზაცია ისე, რომ მეორე მეუღლის წილმა არ დაკარგოს თავისი ღირებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი‚ სსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის თანახმად‚ კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სასამართლო ხარჯების დაანგარიშება მოხდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.