დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-159-480-05 28 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: მიბარებული ნივთის დაბრუნება (ძირითად სარჩელში), თანხის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ფ. კ.-მა სარჩელი აღძრა ა. მ.-ის მიმართ 250 ცხვრის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1986 წელს ფ.კ.-მ ა.მ.-ს, მეურნეობის ყოფილ დირექტორ ი.ბ.-ის თანხმობით, მოსავლელად მიაბარა 15 ნერბი. სიტყვიერი შეთანხმება საფუძველზე, ცხვრების მოვლის სანაცვლოდ, მოსარჩელემ ბ.-ს გარკვეული სახის დახმარებები გაუწია. 1992წ. 19 ოქტომბერს ა.მ.-მა ხელწერილით დაადასტურა, რომ ჰყავდა 18 ნერბი, 8 ბატკნი, ერთი ყოჩი და ერთი ჭედილა. 2000-2001 წლებში მას ცხვრები არ წამოუყვანია. სპეციალისტების დასკვნით, მოცემული დროისათვის ფ.კ.-ის მიერ მიბარებული ცხვრების რაოდენობა 15 დედა ცხვრიდან შეადგენს 250 სულ ცხვარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი დაუპირისპირა მას შემდეგი მოთხოვნებით: 1986 წელს ლილოს მილიციის ყოფილი უფროსის _ ფ.კ.-ის დავალებით, მოპასუხემ მოსავლელად ჩაიბარა 5 ცხვარი. 1992 წელს ფ.კ.-მა მოსთხოვა ცხვრების რაოდენობის გარკვევა. ამჟამად მოსარჩელის ცხვრების ოდენობა შეადგენს 59 ცხვარს და არა _ 250-ს, როგორც ამას მოსარჩელე უსაფუძვლოდ მოითხოვს. ფ.კ.-ი ვალდებულია, გადაიხადოს მიბარებული ცხვრების შენახვისა და მოვლის ხარჯები. ა.მ.-ის აზრით, მხარეებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, ხოლო ფ.კ.-ს საქონლის მოვლის ხარჯები მისთვის არ აუნაზღაურებია. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა 59 ცხვრის მოვლის ხარჯების _ 10611,15 ლარის, უკვე წაყვანილი 25 ცხვრის მოვლისათვის _ 4496,25 ლარის, სულ 15107 ლარის ანაზღაურება.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით ფ.კ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ა.მ.-ს დაევალა 100 ცხვრის დაბრუნება. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა. მ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.მ.-ს დაეკისრა ფ.კ.-ისათვის 21 მაკე დედა ცხვრის, 11 მაკე შაქისა და 23 ერთი წლის თოხლის დაბრუნება, რომელთა მთლიანი ღირებულება შეადგენს 4590 ლარს. სააპელაციო სასამართლომ ფ.კ.-ის მიერ პალატის სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ მან ცხვრები მოსავლელად მიაბარა მოპასუხეს ჯერ კიდევ 1986 წლამდე და, მხარეთა შორის არსებული მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ მოვლის ხარჯები არ გაუთვალისწინებიათ. საქმის მასალებზე თანდართული სამსახურებრივი მოკვლევის მასალებში არსებული ახსნა-განმარტებაში ა. მ.-მა დაადასტურა, რომ 1985 წელს, როდესაც ფ. კ.-ი ლილოს ქვედანაყოფის უფროსი იყო, მიაბარა 5 სული ცხვარი და იმის შემდეგ სრულიად უსასყიდლოდ თავის ცხვრებთან ერთად უზრდიდა. ამავე ახსნა-განმარტებაში ა. მ.-ი აღიარებს, რომ მან ფ. კ.-ს ასევე უსასყიდლოდ გაუგზავნა მისი კუთვნილი 62 სული ცხვარი, მაგრამ ფ.კ.-მა არ მიიღო, რადგან მოითხოვდა 100 სულს და მზადყოფნას გამოთქვა, კვლავ უსასყიდლოდ გაუგზავნოს მოსარჩელეს იმავე რაოდენობის ცხვარი. სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 763-ე და 764-ე მუხლებზე მითითებით დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო ცხვრების უსასყიდლო მიბარების ხელშეკრულება მათი დაბრუნების ვადის განსაზღვრის გარეშე. ა. მ.-მა აღიარა, რა რომ 1992 წელს მისცა ხელწერილი ფ.კ.-ს ცხვრების რაოდენობის შესახებ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ფ.კ.-ის მოსაზრება, რომ 1992წ. 19 ოქტომბრისათვის მოპასუხესთან იმყოფებოდა 18 დედა ცხვარი, 8 ბატკანი (თოხლი), ერთი ყოჩი და ერთი ჭედილა, რაც დგინდება ა. მ.-ის ხელწერილითაც. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, თითქოს ა.მ.-ს ფ.კ.-ის კუთვნილი ცხვრების ნაწილი წაართვეს, რაზეც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. აღნიშნულს ფ.კ.-ი უარყოფს, ხოლო სათანადო მტკიცებულებით ფ.კ.-ის კუთვნილი ცხვრების დატაცება არ დადგენილა. საქმეზე ჩატარებული განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სარჩელის შეტანის დროისათვის, ე.ი. 2002წ. 8 თებერვლამდე ა.მ.-ი 18 ნერბის, 8 ბატკანის, ერთი ყოჩის და ერთი ჭედილას შენახვით ნაყოფის სახით – მატყლის, ყველისა და ცხვრის გარკვეული ნაწილის რეალიზაციის შედეგად მიიღებდა შემოსავალს 9572 ლარის ოდენობით და ამავე დროს დარჩებოდა 21 სული მაკე ნერბი, 11 სული შიშაქი (მაკე), 12 სული ერთი წლის თოხლი, სულ _ 44 სული ღირებულებით 3820 ლარი. ამავე დასკვნით მთლიანი დანახარჯი ცხვრის კვებაზე, მოვლასა და ვეტერინალურ მომსახურებაზე შეადგენს 10857,25 ლარს. ამ ნაწილში შედის, ასევე, ცხვრის მოვლა-პატრონობაზე გასაცემი ხელფასი. მიბარების ხელშეკრულების უსასყიდლობის გამო, სასამართლომ გასაცემი ხელფასი _ 3335,9 ლარი გამოაკლო ცხვრის შენახვაზე გაწეულ მთლიან ხარჯს და მოპასუხე ა. მ.-ის მიერ ცხვრების შესანახად გაწეულმა აუცილებელმა ხარჯმა შეადგინა 7521,1 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 7521,1 ლარის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ფ.კ.-მა განმარტა, რომ მას მთელი პერიოდის განმავლობაში წაყვანილი ჰყავდა დაახლოებით 18 ცხვარი. ამდენად, ცხვრების ეს რაოდენობა დასაბრუნებელი ცხვრების რაოდენობას გამოაკლდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ა.მ.-ს, სკ-ის 763-ე და 764-ე მუხლების საფუძველზე, ფ. კ.-ისათვის უნდა დაებრუნებინა 21 სული მაკე ნერბი, 11 სული შიშაქი (მაკე), 12 სული 1წ. თოხლი, რომელთა ღირებულება შეადგენს 3820 ლარს, ასევე, მიღებული ნაყოფის სახით სხვაობა მიღებულ შემოსავალსა და აუცილებელ ხარჯებს შორის 2050,9 ლარი, რაც ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული 1წ. თოხლის ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს დაახლოებით 29 სულ ერთი წლის თოხლს, რომელსაც უნდა გამოაკლდეს ფ.კ.-ის მიერ წაყვანილი 18 სული, რაც მთლიანობაში მოიცავს 4590 ლარის საერთო ღირებულების საქონელს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინებით ფ.კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ა.მ.-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: პალატამ მხარეებს შორის სკ-ის 763-764-ე მუხლებით განსაზღვრული უსაყიდლო, დაბრუნების ვადის დადგენის გარეშე დადებული, მიბარების ხელშეკრულების არსებობა და, ამავე კოდექსის 773-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ა.მ.-ის უფლება მიბარებული ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი ხარჯების ანაზღაურებაზე დადასტურებულად ცნო, თუმცა ფ.კ.-ს სასამართლომ აღნიშნული ხარჯები არ დააკისრა. მხარის აზრით, ფ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ამავე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობდა, სააპელაციო პალატამ კი უგულებელყო ზემოაღნიშნული მუხლის იმპერატიული მოთხოვნა და ჩათვალა, რომ კასატორს შენახვის ხარჯები მიბარებული ნივთისა და მისი ნაყოფის ხარჯზე უნდა დაეკმაყოფილებინა და არასწორად უთხრა უარი მათ ანაზღაურებაზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, დანიშნა ექსპერტების დაკითხვა, კონკრეტული საკითხების გასარკვევად, მაგრამ არ შემდგარა, რითაც დავის უმთავრესი საკითხი დატოვა გამორკვევის გარეშე. პალატამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადგინა, რომ ა.მედიხანოვს ფ.კ.-ისათვის დასაბრუნებელი ჰყავდა 55 ცხვარი, ხოლო შენახვის ხარჯები მას არ ეკუთვნოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი ან საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების შედეგად ასკვნის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევის გარეშე, კერძოდ:
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო შემდეგი _ ფ.კ.-სა და ა.მ.-ს შორის 1985 წელს დაიდო ცხვრების უსასყიდლო მიბარების ხელშეკრულება მათი დაბრუნების ვადის განსაზღვრის გარეშე. 1992წ. 19 ოქტომბრისათვის მოპასუხესთან იმყოფებოდა ფ.კ.-ის კუთვნილი 18 დედა ცხვარი, 8 ბატკანი თოხლი, ერთი ყოჩი და ერთი ჭედილა. სათანადო მტკიცებულებით ფ.კ.-ის კუთვნილი ცხვრების დატაცება არ დადგენილა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს, შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. ამავე კოდექსის 773-ე მუხლით, შემნახველი მოვალეა, გადასცეს მიმბარებელს ის ნაყოფი, რომელიც მიიღო მიბარების განმავლობაში, ხოლო მიმბარებელი მოვალეა აუნაზღაუროს შემნახველს ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი აუცილებელი ხარჯები. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა ა.მ.-ის ვალდებულება მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე, ნივთის შენახვაზე გაწეული აუცილებელი ხარჯების გამორიცხვით.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ ცნო რა ა. მ.-ის უფლება ნივთის შენახვის ხარჯებზე, ფ.კ.-ს არ დააკისრა მათი ანაზღაურება. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა ა.მ.-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მიბარებული ცხვრების შენახვაზე, ფ.კ.-ის სარჩელი მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე ნაწილობრივ, ა.მ.-ის მიერ ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯების _ 7521 ლარის გამოკლებით, დააკმაყოფილა.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სასამართლომ ა.მ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას არასწორად გაითვალისწინა მიბარებული ნივთის ნაყოფიც, ვინაიდან მას ცხვრები არ გაუყიდია, შესაბამისად, არც სარგებელი არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. სსკ-ის 102-ე მუხლით განსაზღვრულია რა მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა ექსპერტების დაკითხვა, კანონის დარღვევით არ დაიკითხა ისინი და ძირითადი საკითხები დატოვებულ იქნა განხილვის გარეშე. 2004წ. 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმით დადგენილია, რომ ფ.კ.-მა იშუამდგომლა ექსპერტების დაკითხვის თაობაზე, რაზედაც ა.მ.-ის წარმომადგენელმა უარი განაცხადა. ამასთან, სასამართლომ თავისი განჩინებით დააკმაყოფილა რა შუამდგომლობა სპეციალისტების დაკითხვის თაობაზე, კანონით დადგენილი წესით მოიწვია ისინი სასამართლოს სხდომაზე. 2004წ. 12 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოწვეულ სპეციალისტთაგან გამოცხადდა ექსპერტი თ.პ.-ე, რომლისგანაც მხარეთა შეკითხვების საფუძველზე მიღებულ იქნა განმარტება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟის გადავადებული ნაწილის _ 504 ლარის გადახდა დაეკისროს ა.მ.-ს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.