დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-16-400-05 21 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 25 ნოემბერს ნ. ნ.-მა მ. ა.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლით: 2002წ. 16 აგვისტოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ აუქციონზე შეისყიდა მ. ა.-ზე რიცხული ბინა და გახდა ამ ბინის მესაკუთრე. ვინაიდან მ.ა.-მ ნებაყოფლობით არ დაცალა ბინა, მან მისი გამოსახლების შესახებ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა 2003წ. 30 ივლისს, მაგრამ მეორე დღესვე მითითებული ბინის კარები გატეხა მ.ა.-მ და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ კვლავ დაიკავა.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე მ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სასამართლო პროცესზე მისივე გამოუცხადებლობის გამო.
ამავე სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისივე გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2004წ. 29 ნოემბერს, რომლის შესახებაც ეცნობათ მხარეებს სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დანიშნულ დროს სხდომაზე გამოცხადდა მ.ა.-ის წარმომადგენელი, რომელმაც დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი არ იცნობდა საქმეს.
სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 29 ნოემბრის განჩინებით მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ სხდომის დროის შესახებ ცნობილი იყო საჩივრის ავტორისათვის 2004წ. 13 ნოემბერს და ამ ვადაში მას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა საქმეს.
მას შემდეგ, რაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, მ.ა.-ის წარმომადგენელმა ნ.ტ.-მ დატოვა სხდომის დარბაზი, მიუხედავად იმისა, რომ მას განემარტა დარბაზის დატოვების შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.
2005წ. 10 იანვარს მ.ა.-ის წარმომადგენელმა ნ.ტ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან მან მოითხოვა საქმის განხილვის გადადება მისი მარწმუნებლის ავადმყოფობის მოტივით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით.
მოცემულ შემთხვევაში მ. ა.-ი სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენელ ნ.ტ.-ის მეშვეობით, რომელიც გამოცხადდა 2004წ. 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, მაგრამ შემდეგ მიატოვა იგი.
სსკ-ის 232-ე მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, მხარის მიერ სასამართლო პროცესის მიტოვება ნიშნავს მხარის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას.
მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ პროცესის დატოვების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მ.ა.-ის წარმომადგენელმა ნ.ტ.-მა უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 230-ე და 242-ე მუხლების საფუძველზე უფლებამოსილი იყო, მიეღო გამოუცხადებელი მხარის საწინააღმდეგოდ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ა.-ის წარმომადგენლის _ ნ.ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.