გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-165-478-05 7 ივნისი, 2005 წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 31 მაისს მ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჩ-ის მიმართ ზიანის _ 1500 ლარის დაკისრების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2002 წელს ქედის რ-ის აგროსატყეო მეურნეობის სამმართველოს მიერ გაცემული 19.02.02 წ ¹4,5,6 ორდერების საფუძველზე მოსარჩელემ დაამზადა ნაძვის ჯიშის სამასალე ხე-ტყე. 2003 წელს მოპასუხემ იმ მოტივით, რომ ხე-ტყე მას ეკუთვნოდა, მ. ბ-ეს ხელი შეუშალა აღნიშნული მასალის ტყიდან გადმოზიდვაში. მოსარჩელე იძულებული იყო, შეეწყვიტა მასალის გადმოზიდვა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა შუახევის რ-ის შს საგამოძიებო განყოფილებას. დ.ჩ-ის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მოქმედებით მას მიადგა 1500 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი, რაშიც შედის 1023 ლარი _ მასალის ღირებულება და გაწეული ხარჯები. ასევე მოსარჩელემ მოითხოვა მორალური ზიანის დაკისრებაც.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გამზადებული ხის მასალა დღესაც მ.ბ-ის მიერ დატოვებულ ადგილზეა.
ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრი: მოპასუხე დ. ჩ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1243 ლარის მატერიალური ზიანისა და 31 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების სარჩელის ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ჩ-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 1243 ლარის დაკისრების თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. პალატამ დაადგინა, რომ 2002წ. მარტს მოსარჩელე მ. ბ-ის მიერ ქედის რ-ის აგროსატყეოს ცხმორისის უბანში დამზადებულ იქნა დაახლოებით 20 მ3 ნაძვის ჯიშის სამასალე ხე-ტყე. აქედან 9,17 მ3 დამზადდა 2002წ. 19 მარტს აგროსატყეო მეურნეობის სამმართველოს მიერ გაცემული ¹4,5,6 ორდერის საფუძველზე, ხოლო დანარჩენი 9,983 მოცულობის ხე-ტყე დამზადებული იყო ყოველგვარი ნებართვის გარეშე, რითაც აგროსატყეო მეურნეობას მიაყენა მატერიალური ზიანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოსარჩელე მ. ბ-ის მიმართ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე, 2002წ. 15 მაისს ქედის რაიონული სასამართლოს განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 303-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა სასჯელის ზომად ჯარიმა 10 დღიური ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 20 ლარს. მასვე დაეკისრა სატყეო მეურნეობის სასარგებლოდ 268 ლარის გადახდა. მ. ბ-ე დაქირავებული მუშების მეშვეობით ტყიდან ეზიდებოდა რა დამზადებულ მასალას, მოპასუხემ წინააღმდეგობა გაუწია, რადგან მისთვის ცნობილი იყო, მოსარჩელეს ნებადართული ჰქონდა მხოლოდ 10 მ3 ხე-ტყის დამზადება, ხოლო 9,98მ3 ხე-ტყის დამზადებისათვის ის გასამართლებული იყო სასამართლოს მიერ და უკანონოდ დამზადებული მასალის გადაზიდვის უფლება არ ჰქონდა. ასეთ ვითარებაში მოპასუხე დ. ჩ-ემ მიუთითა მუშებს, რომ გადაეზიდათ მხოლოდ კანონიერად დამზადებული მასალა, ხოლო უნებართვოდ მოჭრილი ხეებისათვის ხელი არ ეხლოთ, რის გამოც, მუშებმა მიანებეს თავის მასალის გადაზიდვას. შემდგომში მოსარჩელე მ. ბ-ემ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმართა საგამოძიებო ორგანოებს დ.ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე, მაგრამ შუახევის სარაიონთაშორისო საგამოძიებო განყოფილების დადგენილებით უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა დ.ჩ-ის მტკიცება, რომ სასამართლომ არამართებულად დააკისრა ზიანის ანაზღაურება, რადგანაც, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, მოსარჩელე მ. ბ-ის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი 9.8მ3 ხეების უკანონოდ მოჭრის თაობაზე, რაც ცნობილი იყო მოპასუხისათვის. ამდენად, ამ უკანასკნელის მიერ მითითება იმის შესახებ, რომ ხელი არ ეხლოთ უკანონოდ დამზადებული ხე-ტყისათვის, რასაც ადასტურებს მოწმე შ. ზ-ე, მართებულად უნდა ჩაითვალოს. პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 992-ე მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა გულისხმობს ზიანის მიყენებას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართლზომიერი მოქმედებით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება. განსახილველ სიტუაციაში კი მოპასუხე მოქმედებდა მართლზომიერად, ყოველგვარი ბრალის გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მ. ბ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად გაიზიარა დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განმარტება, თითქოს მან წინააღმდეგობა გაუწია მხოლოდ უკანონოდ დამზადებული მასალის გატანას, როდესაც ამ დროისთვის აღნიშნული მასალა უკვე გატანილი იყო სატყეო მეურნეობის მიერ დაჯარიმების დღიდან, ხოლო 2003წ. მარტში, როდესაც კანონიერად დამზადებული მასალის გამოზიდვა დაიწყო, დ. ჩ-ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და განუმარტა, რომ ტყე და მასალა ეკუთვნის მის ოჯახს. სააპელაციო სასამართლომ თავისივე გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო 15.05.02წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ტყის წესების დარღვევის შესახებ. ასევე მიიჩნია, რომ დ. ჩ-ე აღნიშნულ მომენტში მოქმედებდა მართლზომიერად. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 992-ე მუხლი და არ გაითვალისწინა მ.ბ-ის მიერ კანონიერად დამზადებული მასალის გამოტანისას დ.ჩ-ის მიერ ხელშეშლა. ამ შემთხვევაში აღნიშნული ხე-ტყის შესახებ ცნობილი იყო სატყეო მეურნეობისათვის, რის გამოც სკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. კასატორის აზრით, ამას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ნებართვები ¹4,5,6, რის საფუძველზეც მიეცა უფლება, კონკრეტულ ადგილას დაემზადებინა 10 მ3-მდე ნაძვის ჯიშის მასალა. მოპასუხე სკ-ის 992-ე და 982-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კასატორის აზრით, დ. ჩ-ე მოქმედებდა მისთვის ტყიდან ნებადართული მასალის გამოტანის ხელშეშლის განზრახვით, რითაც მიაყენა ზიანი 1243 ლარამდე. სააპელაციო სასამართლოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არ უმსჯელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუ მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროების გამო საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას. ამავე კოდექსის 389-ე მუხლით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს.
სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და, კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამდენად, სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას. სასამართლომ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებათა ზუსტად და ამომწურავად მითითებისა და ანალიზის შემდეგ უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებასა და იმ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებზე, რომლითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული შეფასება ხდება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დაუსაბუთებელია, რაც გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებულად მიჩნევისა და მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მოსაზრება, უკანონოდ დამზადებული მასალის გადაზიდვასთან დაკავშირებით, წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2003წ. მარტში მოსარჩელე მ.ბ-ე დაქირავებული მუშების მეშვეობით ტყიდან ეზიდებოდა რა დამზადებულ მასალას, მოპასუხე დ. ჩ-ემ წინააღმდეგობა გაუწია, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეს ნებადართული ჰქონდა მხოლოდ 10 მ3 ხე-ტყის დამზადება, ხოლო 9,98მ3 ხე-ტყის დამზადებისათვის ის გასამართლებული იყო ქედის რაიონული სასამართლოს მიერ და მას არ ჰქონდა უფლება გადაეზიდა უკანონოდ დამზადებული მასალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დ.ჩ-ის მოქმედება მართებულად, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. სასამართლო არ უთითებს, თუ რა მტკიცებულებებს აყრდნობს ამ დასკვნას და რითი გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სათანადო ნებართვით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელებას. იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-ეს ქედის რ-ის აგროსატყეო მეურნეობის სამმართველოს მიერ გაცემული ¹4,5,6 ორდერის საფუძველზე ნებადართული ჰქონდა 9,17 მ3 ხის მასალის დამზადება, სასამართლოს დასკვნა მ. ბ-ის მიერ უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის გატანის თაობაზე უტყუარად უნდა იქნეს გამორკვეული და მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივადაც დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის უსაფუძვლოდ ცნობის თაობაზე, არანაირ სამართლებრივ დასაბუთებას არ ემყარება და დავა იურიდიული შეფასების გარეშეა გადაწყვეტილი.
სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმე ხელახლა განსახილველად და ზემოაღნიშნული გარემოებების გამოსაკვლევად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.