დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.07.2005
საქმის ნომერი
ას-192-511-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-192-511-05 13 ივლისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრა (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ციკაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 22 ივნისს ნ. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. კ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994წ. 19 აპრილს, თბილისის რკინიგზის ¹...... სახლთმფლობელობის წარმომადგენელსა და მას შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ....... მდებარე ¹16 ბინა. 2001წ. დეკემბრიდან აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა გ. კ-ი მეუღლესთან ერთად. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხემ არ გაათავისუფლა ბინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ო-მა მოითხოვა გ. კ-ისა და მასთან მცხოვრები პირების ბინიდან გამოსახლება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 1 დეკემბერს გ. მ-ისაგან, რომელსაც გააჩნდა სათანადო მინდობილობა ბინის მესაკუთრესაგან, ხელწერილის საფუძველზე შეიძინა სადავო ბინა 3000 აშშ დოლარად, გადახდილი აქვს 1000 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 2000 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხა გ. მ-მა აღარ მიიღო, ხოლო მიღებულ თანხას აღარ აბრუნებს. გ. კ-მა მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...... ¹5-ში მდებარე ¹16 ბინა ნ. ო-ის საკუთრებაა, რაც დასტურდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს გ. კ-ი მეუღლესთან ერთად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი სადავო ბინის მესაკუთრეა, რადგან იგი გ. მ-ისაგან შეიძინა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სკ-ის 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტაცია საჯარო რეესტრში. აპელანტმა კი სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი საკუთრების უფლებას სადავო ბინაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა გ. კ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ ნ. ო-ი არ არის სადავო ბინის მესაკუთრე, რადგან საქმეში არსებობს პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ბინაზე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო სააპელაციო პალატის სხდომაზე ნ. ო-მა წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ასევე ადასტურებს ნ. ო-ის საკუთრებას სადავო ბინაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სკ-ის 170-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგოს იგი. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ნივთის ფლობის კანონიერი უფლება არა აქვს, რის გამოც მესაკუთრის ვინდიკაციური სარჩელი საფუძვლიანია და ნივთზე მისი საკუთრების უფლება დაცული უნდა იქნეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა განჩინება, რომ არ გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გ. კ-მა აღნიშნა, რომ 2001წ. 1 დეკემბერს ნ. ო-ის მულის შვილისაგან _ გ. მ-ისაგან შეიძინა სადავო ბინა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გ. მ-მა ვერ შეძლო, ვინაიდან კასატორმა მას გადაუხადა შეთანხმებული საფასურის _ 3000 აშშ დოლარის ნაწილი _ 1000 აშშ დოლარი, მაგრამ აჩვენა გ. კ-ს თბილისის ნოტარიუსის მიერ 2001წ. 10 ივლისს გაცემული სარეგ. ¹1-394 მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, გ. მ-ს ჰქონდა უფლება, გაეყიდა ან დაეგირავებინა სადავო ბინა. ამის შემდეგ დაიდო ხელწერილი, რომლის თანახმად, გ.მ-მა აიღო ვალდებულება, რომ ბინის დარჩენილი საფასურის, 2000 აშშ დოლარის, გადახდის შემდეგ, გადაუფორმებდა მოპასუხეს ბინას. როდესაც გ. კ-მა მიუტანა მას დარჩენილი თანხა, გ. მ-მა უთხრა, რომ ბინას მოსარჩელის თანხმობის გარეშე ვერ გადაუფორმებდა.

საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ, მიუხედავად მისი შუამდგომლობისა, სააპელაციო პალატამ არ მოითხოვა მოსარჩელისაგან ზემომითითებული მინდობილობა, არ დაკითხა მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დადასტურდებოდა შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. ამასთან, თავად მოსარჩელემაც აღნიშნა, რომ თავისი ბინა ჩააბარა გ. მ-ს.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

მოსარჩელე ვინდიკაციური სარჩელით მოითხოვს ნივთის (ბინის) დაბრუნებას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, ე.ი. ვინდიკაციური მოთხოვნა იმ შემთხვევაშია დასაბუთებული, თუ მოსარჩელე მესაკუთრეა; ნივთს ფლობს მოპასუხე და მოპასუხეს ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას არ დადგინდება ერთ-ერთი პირობის არსებობა, სარჩელი დაუსაბუთებულია.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ბინის მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხე თვლის, რომ მას ნივთის ფლობის სამართლებრივი უფლება გააჩნია. შეპასუხებაში მიუთითებს, რომ სადავო ბინაზე მოიპოვა მფლობელობის უფლება. კერძოდ, თბილისის ნოტარიუსის მიერ 2001წ. 10 ივლისის (სარეგისტრაციო ¹1-394) გაცემული მინდობილობის საფუძველზე იმავე წელს უფლებამოსილი პირისაგან (გ. მ-ისაგან) მფლობელობაში მიიღო სადავო ბინა. აღნიშნულის თაობაზე არსებობს 2001წ. 1 დეკემბრის ხელწერილიც.

პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 244-ე მუხლით, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს თუ არა სარჩელი. სარჩელი დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ იგი დასაბუთებულია _ იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის და არ არსებობს ისეთი შესაგებელი, რომელიც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მოპასუხემ გ. კ-მა შესაგებელში მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელთა ნამდვილობის დადგენის შემთხვევაშიც შეუძლებელია სარჩელი დასაბუთებელი გახადოს, კერძოდ, მფლობელმა უნდა დაასაბუთოს, რომ მას ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. პალატას არ მიაჩნია ბინის ფლობის სამართლებრივ საფუძვლად ის გარემოება, რაზეც კასატორი მიუთითებს, რადგან უძრავი ნივთის შესაძენად სკ-ის 323-ე მუხლის და 183-ე მუხლების საფუძველზე, აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ სასამართლოში წარდგენილი საბუთი წარმოადგენს ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას (ხელწერილის), რომელიც, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბათილია. ბათილი გარიგების შემთხვევაში კი მხარეები ვალდებული არიან ერთმანეთს დაუბრუნონ ის, რაც ამ გარიგებით მიიღეს.

ამდენად, მოცემული დავის განხილვისას სასამართლომ მხოლოდ ის მტკიცებულებები გამოიკვლია და მისცა მათ შეფასება, რომლებსაც დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა.

ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის განჩინება უცვლელად დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.