გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 15.09.2005
საქმის ნომერი
ას-201-531-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-201-531-05 15 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინიდან გამოსახლება, უღირს მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ., მ. და თ. ლ-ებმა მ. ლ-ისა და ხ. ძ-ის მიმართ სარჩელი აღძრეს სასამართლოში. მათ მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ასევე, მ. ლ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობა.

სასარჩელო განცხადებაში განმარტეს, რომ მოსარჩელე ნ. და მ. ლ-ები არიან მეუღლეები, ხოლო მოსარჩელე თ. ლ-ი და მოპასუხე მ. ლ-ები _ მათი შვილები.

მოპასუხე მ. ლ-მა 1977 წელს იქორწინა მ. ჩ-ეზე. ვინაიდან მ. ლ-თან ერთად ცხოვრება აუტანელი იყო, მას ცალკე გამოუყვეს საცხოვრებელი სახლი ეზოთი. ეს უკანასკნელი მეუღლესთან მალევე განქორწინდა, რის შემდეგ ჩ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს. 1988წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით საქმე მორიგებით დამთავრდა და მშობლები: ნ. და მ. ლ-ები იძულებული გახდნენ ოთხი ათასი მანეთი მიეცათ მ. ჩ-ისათვის, რათა იგი სასამართლოს მათთან არ შეესახლებინა.

შემდეგ მოპასუხე მ. ლ-ს ცოლად ჰყავდა ვინმე ი-ო, რომელსაც 2000 წელს გაშორდა. 2001 წლიდან მოპასუხე ხ. ძ-თან ერთად ცხოვრობდა ქირით.

2002წ. დეკემბერში, მოპასუხეები შეიჭრნენ მოსარჩელეთა საცხოვრებელ ფართში, მდებარე თბილისში, ...... ქუჩა 46-ში. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოსარჩელეებს და თვითნებურად დაიკავეს 7 კვ.მ ერთი ოთახი. ამის შემდეგ მხარეები ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე. მოპასუხეები სისტემატურად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ მოსარჩელეებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა: ნ., მ., თ. ლ-ებმა სკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 172-ე და 1310-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვეს თბილისში ....... ქუჩა ¹46-ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის 7 კვ.მ. ოთახიდან მოპასუხეთა გამოსახლება და მოპასუხე მ. ლ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობა.

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს არა აქვთ მ. ლ-ისა და ხ. ძ-ის სადავო ფართიდან გამოსახლების მოთხოვნის უფლება, რადგან აღნიშნული ფართი უკანონო ნაგებობაა და არ არის აღრიცხული მოსარჩელეების სახელზე. ამასთან, მოპასუხეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას თვითონ მოსარჩელეები აყენებენ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე ნ., მ. და თ. ლ-ებმა აპელაციის წესით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 26 იანვრის განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მოითხოვენ მოპასუხეთა გამოსახლებას თბილისში, ....... ქ. ¹46-ში მდებარე სახლთმფლობელობის 7 კვ.მ. ოთახიდან და მოპასუხე მ. ლ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობას.

საქმეზე წარმოდგენილი თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, თბილისში, ....... ქუჩის ¹46-ში მდებარე სახლთმფლობელობა აღრიცხულია რ. გ-ის, თ. ჯ-ასა და ჩ. ც-ის სახელზე.

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ, მართალია, სახლთმფლობელობა აღრიცხულია არა მათ, არამედ რ. გ-ის, თ. ჯ-ასა და ჩ. ც-ის სახელზე, მაგრამ მითითებულ მისამართზე ათეული წლებია ცხოვრობენ, ამრიგად, ისინი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ მფლობელებს. ვინაიდან მოპასუხეებმა უნებართვოდ და ძალით დაიკავეს მათი ბინის ერთ-ერთი ოთახი, უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მოპასუხეთა გამოსახლება.

პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ., მ. და თ. ლ-ებს წინადადება მისცა, რომ ისინი როგორც არასათანადო მოსარჩელეები, შეცვლილიყვნენ სათანადო მოსარჩელეებით, კერძოდ, რ. გ-ით, თ. ჯ-ათი და ჩ. ც-ით, რაზეც მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა. ამის შემდგომ სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის განჩინებით, სსკ-ის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ რ. გ-ი, თ. ჯ-ა და ჩ. ც-ი, რომლებმაც უარი განაცხადეს საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე.

სსკ-ის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირად ჩასაბმელი ნავარაუდევი სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის, ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ., მ. და თ. ლ-ებმა, სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს სათანადო მტკიცებულება სადავო ქონების საკუთრების ან მფლობელობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სკ-ის 1310-ე მუხლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებულია სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა დაკავშირებულია მათ ყოფით პრობლემებთან და მოპასუხე მ. ლ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ., ნ. და თ. ლ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

კასატორებს გასაჩივრებული განჩინება მიაჩნიათ დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ, მათი განმარტებით, მართალია, სახლთმფლობელობა ფორმალურად არ ირიცხება საკუთრების უფლებით მათ სახელზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი კეთილსინდისიერი მფლობელები არიან იმ საფუძვლით, რომ ათეული წლების განმავლობაში ფლობენ და სარგებლობენ სადავო ქონებით. ისინი მიუთითებენ, რომ ჩაწერილები და რეგისტრირებული არიან აღნიშნულ მისამართზე, აქვთ სახლის გეგმა-ნახაზი, იხდიდნენ და იხდიან გადასახადებს. აქედან გამომდინარე, თვლიან, რომ სათანადო მოსარჩელეები არიან და სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ლ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

მათი მოსაზრებით, მ. ლ-მა არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა მამას _ ნ. ლ-ს მას შემდეგ, როდესაც მისგან გაიგო, რომ მთელ ქონებას უანდერძებდა ქალიშვილს _ თ. ლ-ს. იგი დღემდე მიმართავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს კასატორების მიმართ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია, მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.

სკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს არა აქვთ მ. ლ-ისა და ხ. ძ-ის სადავო ფართიდან გამოსახლების მოთხოვნის უფლება, რადგან აღნიშნული ფართი არის უკანონო ნაგებობა და არ არის აღრიცხული მოსარჩელეების სახელზე.

სააპელაციო პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ ნ., მ. და თ. ლ-ებმა, სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს სათანადო მტკიცებულება სადავო ქონების მფლობელობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელეთა კეთილსინდისიერი მფლობელობა არ იყო სადავო და ამ გარემოებასთან დაკავშირებული ფაქტები არ წარმოადგენდნენ მტკიცების საგანს.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ პირი, რომელიც დაუკანონებელ ნაგებობაში წლების განმავლობაში ცხოვრობს და სხვა პირი მისი ნებართვის გარეშე იკავებს ამ ფართს, უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ფართიდან მოპასუხეთა გამოსახლება.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეებს არა აქვთ მოთხოვნის უფლება, ვინაიდან მფლობელობის განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთა შეიძლება მოითხოვოს არა მხოლოდ მესაკუთრემ, არამედ _ მფლობელმაც.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა მოსარჩელეები სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელები და შეეშალათ თუ არა მათ ხელი მფლობელობის განხორციელებაში.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას მ. ლ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ.

სკ-ის 1310-ე მუხლი განსაზღვრვს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში პირი შეიძლება სასამართლოს მიერ ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ.

მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არის კონფლიქტი, მაგრამ არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც კანონის შესაბამისად იქნებოდა მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 იანვრის განჩინება მოპასუხეთა გამოსახლებაზე უარის თქმის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.