დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-232-546-05 ას-232-546-05 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ის მიმართ ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოპასუხის მიერ კომუნალური გადასახადების დაფარვის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 2002წ. 27 სექტემბერს მოსარჩელემ დ. კ-აგან შეიძინა ქ.თბილისში, ... მხარეები შეთანხმდენენ, რომ მოპასუხე ერთი თვის ვადაში გამოათავისუფლებდა ბინას, რაც დადასტურდა ხელწერილით. აღნიშნულის მიუხედავად, დ. კ-ემ ბინა არ გაათავისუფლა. მოსარჩელეს კი ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევს.
დ. კ-ემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მას და ნ. მ-ს შორის 2002წ. 27 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება თვალთმაქცურია და დაიდო სხვა გარიგების _ სესხის ხელშეკრულების დაფარვის მიზნით.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დ. კ-ე სადავო ბინიდან გამოსახლდა. კომუნალური გადასახადების, 601 ლარის, დაკისრების ნაწილში კი მოსარჩელეს უარი ეთქვა. დ. კ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე დ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ნ. მ-ი და ბინას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე დ. კ-ე. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებანი, კერძოდ, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვერ წარმოუდგინა. ამასთან, პალატის განმარტებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2004წ. ივლისამდე მოსარჩელეს სადავო ნივთის დაბრუნება არ მოუთხოვია, მხარეთა შორის სხვა გარიგების არსებობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, რადგან მესაკუთრეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მფლობელობის შეწყვეტა და თავისი ნივთის დაბრუნება. მით უმეტეს, რომ საქმის მასალებით დადგენილი გარემოების თანახმად, გამყიდველს მყიდველისათვის ბინა ნასყიდობიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაეცა. პალატამ მიიჩნია, რომ ორი თვის განმავლობაში 80 აშშ დოლარის გადახდა სასესხო ურთიერთობის არსებობას ვერ ადასტურებს, რადგან მოპასუხე ფლობდა ნივთს უკანონოდ და მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, მიეღო ნივთიდან სარგებელი არა მხოლოდ ორი თვისთვის, არამედ ნივთის უკანონო ფლობის მთელი პერიოდისათვის.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება დ. კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინება გამოტანილია საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეფასების გარეშე, რის შედეგადაც დაირღვა როგორც პროცესუალური, ასევე მატერიალური ნორმები. კასატორი არ უარყოფს, რომ მას და ნ.მ-ს შორის 2002წ. 27 ნოემბერს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა ის გარემოება, რომ 2002წ. სექტემბრიდან დღემდე დ.კვერნაძე თავის შვილებთან ერთად ჩვეულებრივ აგრძელებდა სადავო ბინაში ცხოვრებას, კასატორის აზრით, ადასტურებს, რომ მხარეთა შორის ბინის ყიდვა-გაყიდვა ფაქტობრივად არ მომხდარა. კასატორის მითითებით, მან ნ. მ-ისაგან ისესხა 3000 ლარი 1500 აშშ დოლარის ანგარიშით და პროცენტის სახით ყოველთვიურად უხდიდა 80 აშშ დოლარს. თავის მოსაზრებას მხარე იმითაც ადასტურებს, რომ 2002წ. სექტემბრისათვის ბინას ერიცხებოდა კომუნალური გადასახადები, რაც ნ.მ-ს სადავოდ არ გაუხდია. კასატორის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით დ.კვერნაძეს არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა, იგი დარჩებოდა თავის ბინაში, ჩვეულებრივ გააგრძელებდა ცხოვრებას და თანხის დაბრუნებისთანავე ბინა ისევ დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე კასატორი ორ წელზე მეტი ცხოვრობდა ბინაში, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს პროცენტის სახით ყოველთვიურად უხდიდა 80 აშშ დოლარს. კასატორის განმარტებით, რაიონულ სასამართლოში წარდგენილ მის შეგებებულ სარჩელში მან დაასაბუთა, თუ რატომ არ გააფორმეს მხარეებმა სესხის ხელშეკრულება. კასატორის მითითებით, რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ.მ-მა აღიარა და დაადასტურა, რომ იგი ყოველთვიურად ნამდვილად იღებდა 80 აშშ დოლარს პროცენტის სახით, თუმცა ეს აღიარება სასამართლო სხდომის ოქმში არ აისახა, რაც დ.კვერნაძისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის მასალების გაცნობის შედეგად. მხარის განმარტებით, ნ.მ-მა სააპელაციო სასამართლოში ნაწილობრივ შეცვლილი ფორმით, თუმცა, მაინც დაადასტურა მისთვის ყოველთვიურად 80 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. კასატორის მითითებით, საქმის მასალების გაცნობისას აღმოაჩინა, რომ საქმეში არსებული სხდომის ოქმი პროცესზე მხარეთა მიერ მიცემულ განმარტებებს არ შეესაბამებოდა, ასევე დაწერილი იყო განსხვავებული კალიგრაფიით, რის საფუძველზეც მიიჩნია, რომ საქმის განხილვა თავიდანვე წარიმართა არაობიექტურად, შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არც ერთი ინსტანციის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული მ-ის განცხადება, რომ მოსარჩელე მისგან ნამდვილად იღებდა 80 აშშ დოლარს, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა და აღიარა მხარეთა შორის სესხის არსებობა. მხარემ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, ასევე პალატის ის მოსაზრება, თითქოს მან ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რომლებზეც მოთხოვნას ამყარებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ჩათვალა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი _ სსკ-ის 131-132 მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. დ.კვერნაძემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ნ. მ-ი და ბინას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე დ. კ-ე.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოდავე მხარეთა შორის რეალურად სასესხო ურთიერთობა არსებობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლითაც პროცესში მონაწილე მხარეებს აკისრიათ ვალდებულება, ამტკიცონ ის გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მიმართებით ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მტკიცება, რომ ვინაიდან იგი სადავო ქონებას დღემდე ფლობს და მოსარჩელეს ნივთის დაბრუნება არ მოუთხოვია 2004წ. ივლისამდე, ნასყიდობის ხელშეკრულება არარეალურია, როგორც ზემოთ აღინიშნა კასატორმა კანონით დადგენილი წესით ვერ შეძლო დაემტკიცებინა ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცური ბუნება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დ. კვერნაძის მიერ ნ. მ-ის ორი თვის განმავლობაში 80 აშშ დოლარის გადახდა არ ადასტურებს სასესხო ურთიერთობას.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია სასამართლო სხდომის ოქმის შინაარსის უსწორობის თაობაზე. სსკ-ის 291-ე მუხლის თანახმად, მხარეები უფლებამოსილები არიან, წარადგინონ თავიანთი შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ. ასეთი შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში სხდომის ოქმი უტყუარად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.