დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.09.2006
საქმის ნომერი
ას-243-657-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-243-657-06 25 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. გ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და ი. ძ-ძეების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ 2004წ. 24 ნოემბრის აუქციონზე შეიძინა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა, რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე. მოპასუხეები ხსენებულ ბინაში ცხოვრობენ უკანონოდ და, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ბინას არ ათავისუფლებენ. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ბინის გამოთხოვა.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც მ. ძ-ძემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2005წ. 13 აპრილის განჩინებით საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლის განჩინება მ.ძ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ძ-ძემ კვლავ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006წ. 22 მარტს, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ძ-ძის საჩივარი, მისი გამოუცხადებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: მ. ძ-ძის საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2006წ. 22 მარტს. აღნიშნულის შესახებ მხარეებს სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობათ, თუმცა დათქმულ დროს საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი შეატყობინა სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარემ კი იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. ძ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება არსებითად განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მ.ძ-ძის საჩივრის განხილვისას _ 2006წ. 22 მარტს იგი იყო ავად, ჰქონდა არტერიული კრიზი, რის გამოც პროცესზე ვერ გამოცხადდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუძლეველი ძალა _ მხარის ავადმყოფობა, რომელიც მ.ძ-ძის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს წარმოადგენს. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ თავისი ავადმყოფობის დამადასტურებელ ცნობას იგი წარმოადგენდა საქმის განხილვისას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ მ. ძ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტ მ. ძ-ძის გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ძ-ძემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006წ. 22 მარტს. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა დათქმულ დროს საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი შეატყობინა სასამართლოს. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შემტანი პირის დანიშნულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამავე კოდექსის 233-ე მუხლით კი განსაზღვრულია ის გარემოებანი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებად მ.ძ-ძე მიიჩნევს 2005წ. 28 ოქტომბრის სასამართლო სხდომის დღეს მის ავად ყოფნას.

სსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოების დადასტურება, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. ამდენად, კანონმდებელი მხარეს აკისრებს ვალდებულებას, დროულად აცნობოს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ისეთი გარემოების არსებობა, რომელის გამოც გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება შეუძლებელი გახდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ძ-ძემ, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სათანადოდ ვერ დაადასტურა, თუ რის გამო ვერ აცნობა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 ოქტომბრის სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი. მხოლოდ მითითება ავადმყოფობის თაობაზე მ.ძ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქმის მასალებში 2005წ. 28 ოქტომბერს მ.ძ-ძის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ძ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება – მოპასუხის გამოუცხადებლობა