გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-263-571-05 19 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
სააქციო საზოგადოება „თ.-მ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე კ. ა.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 177 892 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, 1998წ. 31 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 154000 აშშ დოლარზე. კრედიტით სარგებლობისთვის კ. ა.-ეს ბანკისათვის უნდა გადაეხადა წლიური 24%, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში გაორმაგებული _ 48%. სესხის დაფარვის საბოლოო ვადად ხელშეკრულებით განისაზღვრა 1999წ. 31 მაისი. კრედიტი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის უძრავ-მოძრავი ქონებით და აქტივებით. სესხის უზრუნველყოფისას კ. ა.-მ, როგორც შპს „მ.-ის“ მეპატრონემ, გირაოში ჩადო შპს „მ.-ის“ 22000 ტონა სპილენძის მადანი, რომელიც იმ დროისთვის იყო დაბა კაზრეთში. 1996წ. 12 სექტემბერს ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მიერ შპს „მ.-ზე“ გაიცა კრედიტი 670000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის დაბრუნების გარანტად ჩაითვალა შამლუქის სპილენძის მადნის მოპოვების, კონცენტრატად გადამუშავების და რეალიზაციის პროექტის იურიდიული განკარგვის უფლება. გარდა ამისა, საგარანტიო უზრუნველყოფად ჩადებული იყო შპს „მ.-ის“ პარტნიორების მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და ყველა სახის აქტივები. ვინაიდან შპს „მ.-მა“ ვერ გადაიხადა ვალი, 1998წ. 31 მაისს ბუღალტრული ოპერაციებით დაიფარა სესხი და იმავე დღეს შპს „მ.-ზე“ და მის დამფუძენებლებზე გაიცა ახალი სესხი 154000 აშშ დოლარის ოდენობით.
1998წ. დასაწყისში შპს „მ.-მ“ ბანკს გადასცა საქენერგოდან ვალის მოთხოვნის უფლება 400000 ლარზე, რომელიც ამოღებულ იქნა ბანკის მიერ 1999წ. აპრილ-მაისში და მთლიანად დაიფარა შპს „მ.-ის” ძირითადი დავალიანება და კ. ა.-ის დავალიანება ნაწილობრივ 50000 აშშ დოლარის ოდენობით. ამჟამად, კ. ა.-ს ერიცხება სესხი _ 104000 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი _ 73892 აშშ დოლარი, მსესხებელთან და შპს „მ.-ის“ დამფუძნებელ კ. ა.-ესთან 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული 6 თვიანი ხელშეკრულებით 1999წ. 8 დეკემბრამდე შეჩერებულ იქნა სესხებზე ხელშეკრულების მოქმედება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
სს „თ.-მ“ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „თ.-სა“ და კ. ა.-ეს შორის 1998წ. 31 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა მიიღო კრედიტი 154000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით წლიური 24%-ის ოდენობით. სესხი არ დაბრუნდა. 1999წ. 8 ივნისს სს „თ.-სა“ და შპს „მ.-ს“ შორის 1999წ. 8 ივნისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შეჩერდა ვალდებულებები, რომლებიც წარმოიქმნა ბანკსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან, მათ შორის, 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულება ბანკსა და კ. ა.-ს შორის 104955 აშშ დოლარზე. ამ ხელშეკრულების დამატების თანახმად, თუ ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის განმავლობაში არ მოხერხდებოდა პროექტის რეალიზაცია, მხარეები უბრუნდებოდნენ პირვანდელ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. სს „თ.-მ“ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2003წ. 28 მარტს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის სამი წელია, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის დენა 1998 წლიდან დაიწყო.
სააქციო საზოგადოება „თ.-მა“ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;
მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღიძრა ჯერ კიდევ 2000წ. 14 თებერვალს, ასევე 2000წ. 25 თებერვალს, შემდეგ 2001წ. 10 იანვარს, რაც, სსკ-ის 139-ე, 140-ე, 141-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის, ასევე ვადის თავიდან ათვლის საფუძველს;
ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეჩერებული იყო შპს „მ.-სა“ და სს „თ.-ს“ შორის გაფორმებული 1999წ. 8 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით;
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ამდენად, აღნიშნული დავალიანება უნდა დაიფაროს უძრავი ბინების რეალიზაციის ხარჯზე. სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად კი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ვადა შეადგენს ექვს წელს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სააქციო საზოგადოება „თ.-სა“ და კ. ა.-ს შორის 1998წ. 31 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 154000 აშშ დოლარზე ერთი წლის ვადით წლიური 24%-ის დარიცხვით, სესხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 1999წ. 31 მაისი. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად გირაოთი დაიტვირთა შპს „მ.-ის“ 22000 ტონა სპილენძის მადანი;
შპს „მ.-სა“ და სს „თ.-ს“ შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით შეჩერდა ბანკსა და კ. ა.-ს შორის არსებული ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ იგი დადებულია ბანკსა და შპს „მ.-ს“ შორის, 1996წ. 12 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია კ. ა.-ე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე არსებული შპს „მ.-ის“ დავალიანება ბანკის მიმართ სს „თ.-ის“ განმარტებით, დაეფარა ფიქტიურად, რეალურად კი 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულებებით სესხის თანხა დაიშალა რამდენიმე მსესხებელზე (შპს „მ.-ის“ პარტნიორებზე) და მათთან საკრედიტო ხელშეკრულებები გაფორმდა, მათ შორის, კ. ა.-ესთან. 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულებით კი შეჩერდა კ. ა.-ესა და ბანკს შორის არსებული გარიგება.
სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი, რომელი დაუდგენელი და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენამ შეიძლება, განაპირობოს საქმეზე კანონის არასწორი გამოყენება.
სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა შპს „მ.-სა“ და სს კბ „თ.-ს“ შორის არსებული 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულება იმ თვალსაზრისით, რომ დადგენილიყო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, განახლდა თუ არა სს „თ.-სა“ და კ. ა.-ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება; სასამართლოს ასევე უნდა გაერკვია, ხომ არ აიღო თავის თავზე შპს „მ.-მ“ ამ ხელშეკრულებით კ. ა.-ისა და სხვა ფიზიკური პირების საკრედიტო დავალიანების გადახდა:
სს „თ.-სა“ და შპს „მ.-ს“ შორის 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში პროექტი გადადიოდა შპს „მ.-ის“ საკუთრებაში და, შესაბამისად, უნდა განახლებულიყო ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებების მოქმედება. ამასთან, თვით მითითებული ფიზიკური პირები, როგორც მათ მიერ შპს „მ.-ისადმი“ გაგზავნილი წერილებით ირკვევა, ამ ხელშეკრულებას არ მიიჩნევდნენ განახლებულად.
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეაფასა სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული საპროცესო დარღვევის შედეგად კი შესაძლოა, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რაც, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.
ამდენად, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს გადავიდა თუ არა შპს „მ.-ის“ საკუთრებაში ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებაში ხსენებული პროექტი და, შესაბამისად, განახლდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებულ ფიზიკურ პირებსა და ბანკს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებები. სასამართლომ მხოლოდ აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ უნდა იმსჯელოს, სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობისა და თვით მოთხოვნის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება „თ.-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.